სად და როგორ ისწავლება ტურიზმი საქართველოში – აბიტურიენტის გზამკვლევი
ტურიზმის ფაკულტეტი ერთ–ერთი პოპულარული მიმართულებაა აბიტურიენტებში. კვლევები კი ცხადყოფს, რომ ამ პროფესიის ადამიანის მაღალი ანაზღაურებით დასაქმების შანსი მაღალია. თუმცა, დაინტერესების მიუხედავად, აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა ნაკლებად იცის თუ რას სთავაზობს ტურიზმის მიმართულებით მას ესა თუ ის უნივერსიტეტი.
მოგეხსენებათ, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა შექმნას სტატიების სერია, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს მათთვის საჭირო ინფორმაციას ყველა იმ პოპულარული პროგრამის/ფაკულტეტის შესახებ, რომელთაც მათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სთავაზობენ.
წინამდებარე სტატიაში საუბარი ტურიზმის ფაკულტეტზე გვექნება. ამჯერად ვეცდებით ამომწურავად გაგაცნოთ თუ რას გთავაზობენ ტურიზმის მიმარულებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (Ersu).
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტი 2011 წელს შეიქმნა. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღება რეგიონის განვითარების სტრატეგიულმა გეგმამ და ტურიზმის პოტენციალის გაზრდის აუცილებლობამ განაპირობა.
შემუშავდა და დაინერგა, ტურიზმის საბაკალავრო და ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) სხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის. ფაკულტეტმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ინტენსიურად დაიწყო მუშაობა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და სხვა საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს და გაცვლით პროგრამებს ახორციელებს შვერინის (გერმანია), სამხრეთ აღმოსავლეთ ნორვეგიის და ებერსვალდის უნივერსიტეტებთან (გერმანია), ჰამბურგის ევროპის ბიზნესკოლეჯთან (გერმანია).
„ურთიერთთანამშრომლობისა და ERASMUS + პროგრამის მეშვეობით, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩვენი ფაკულტეტის 12 წარმატებული სტუდენტი სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში სწავლობს“, – განმარტავს ადმინისტრაცია.
ფაკულტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება მსოფლიოში ცნობილი სახელმძღვანელოების თარგმნა და გამოცემა. მოპოვებული იქნა თარგმნისა და გამოცემის ექსკლუზიური უფლება წიგნებზე, რომლებიც რეკომენდებულია ტურიზმის სპეციალობათა სტუდენტებისთვის, პედაგოგებისათვის, ტურიზმის ინდუსტრიის კომპანიების მფლობელებისა და მენეჯერებისათვის, აგრეთვე ტურიზმით დაინტერესებული მკითხველისათვის.
დღეისათვის ტურიზმის ფაკულტეტზე 700-მდე სტუდენტი სწავლობს. ყველა კურსზე შექმნილია სპეციალური ჯგუფი სადაც მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტები ინგლისურ ენაზე სწავლობენ.
ტურიზმის ფაკულტეტის მნიშვნელოვან მიღწევაა საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკები. 2016 წელს 147 სტუდენტმა საწარმოო პრაქტიკა გერმანიის ტურისტულ ორგანიზაციებში გაიარა. ეს შესაძლებლობა შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე იყო უზრუნველყოფილი.
„ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში მენეჯერების პოზიციაზე მოვიდნენ სპეციალისტები, რომლებსაც გამოცდილება უცხოეთში ექნებათ მიღებული. ამით მიღწეული იქნება სერვისის მაღალი ხარისხი“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
რაც შეეხება სტიპენდიებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ შემდეგი სახის სტიპენდიები: უწყვეტი კარგოსანი, სემესტრული ფრიადოსანი, საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიები, საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები, ბათუმის მუნიციპალიტეტის სტიპენდია (ლუკა ასათიანის სახელობის).
„ტურიზმის ფაკულტეტი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს შორის. აქედან გამომდინარე, ვაკანტური ადგილების დარჩენის საფრთხე არ შეგვქმნია. უფრო მეტიც – გამოცხადებულ 140 ადგილზე ჩვენთან პირველადი განაცხადი 240 მსურველს ჰქონდა მითითებული. ჯამში კი მათი რიცხვი 2400-ს აღწევდა.
„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს რომ კურსდამთავრებულთა 73% დასაქმებულია, ხოლო სტუდენტთა 38% სწავლის პარალელურად მუშაობს“, – დასძენენ ადმინისტრაციაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულება 2004 წლიდან ფუნქციონირებს. 2013 წლიდან დღემდე იგი 1 116-მა სტუდენტმა დაამთავრა.
ბაკალავრიატის პროგრამებია: განთავსების მენეჯმენტი; ეკოტურიზმი; კვებისა და სასმელების ინდუსტრია ტურიზმში; კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი; მოგზაურობის მენეჯმენტი; მსოფლიო ტურისტული რესურსები; პროფესიული უნარები ტურიზმში; საკურორტო ტურიზმი; სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი; საქართველოს ტურისტული რესურსები; სახელმწიფოს როლი ტურიზმში; სიმულაციური ფირმა ტურიზმში; ტურიზმის მდგრადი განვითარება; ტურიზმის მენეჯმენტის შესავალი; რუსული ტურიზმის სტატისტიკა და ანალიზი; ტურის მენეჯმენტი; ტურისტული პროდუქტის შექმნა; ღვინოთმცოდნეობა და ღვინის ბიზნესი; ღონისძიებების მენეჯმენტი.
მაგისტრატურის პროგრამებია: კვების და სასმელების მენეჯმენტი; დაცული ტერიტორიების მართვა; კულტურული რესურსების მართვა ტურიზმში; მოგზაურობის ბიზნესის მენეჯმენტი; საინფორმაციო ტექნოლოგიები ტურიზმში; სასტუმროს მენეჯმენტი; ტურიზმის დაგეგმვა და მართვა; ტურიზმის ეკონომიკა.
ინგლისურენოვანი პროგრამებია: Essentials of Travel Management; Event Management; Introduction to Accommodation Management; ntroduction to Food and Beverage Management; Introduction to tourism; Sustainable Tourism Development; Tourism Product Development; Tourism Statistic and Analysis; Cultural Heritage and Tourism; Introduction to Protected Areas Management; Introduction to Tourism Economics; Simulation Firm Practice; Tourism Policy.
ქართულ პროგრამაზე, სასწავლო პროცესში, მხოლოდ ქართული ლიტერატურა გამოიყენება. რაც შეეხება ინგლისურენოვან პროგრამას, გამოიყენება ლიტერატურა, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურიზმის პროგრამის სწავლებისას.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობის კვლევა ბოლო 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ტარდება და რომ კურსდამთავრებულთა 70 % დასაქმებულია. დასაქმების ძირითად სეგმენტს წარმოადგენს: სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, ორგანიზაციები კვებისა და სასმელის პროფილით.
„მიმდინარეობს აუდიტორული სწავლება ლექცია-სემინარების პრინციპით. აუდიტორიები აღჭურვილია პროექტორით/ტელევიზორით და ყველა საჭირო ინვენტარით. ტარდება პრაქტიკული მეცადინეობები, საჯარო და გასვლითი ლექციები“, – აღნიშნავენ ილიაუნიში.
ილიას უნივერსიტეტში Erasmus + პროგრამის მიხედვით გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის საშუალებაც გექნებათ. ტურიზმის მიმართულების სტუდენტები სტაჟირების შესაძლებლობითაც სარგებლობენ.
„მემორანდუმები გაფორმებული გვაქვს და გაცვლითი პროგრამები ხორციელდება შემდეგ უნივერსიტეტებში: Vilniaus kolegija/University of Applied Sciences – VIKO (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი); ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პოზნანის (პოლონეთი) ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი“ – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება სტიპენდიებს, სტუდენტებს აქვთ ე.წ. პრეზიდენტის და სახელმწიფო სტიპენდიით სარგებლობის შესაძლებლობა. ილიაუნის ტურიზმის მიმართულებით 2013 წლიდან დღემდე 482 სტიპენდიატი ჰყავს. სწავლების საფასური კი 2 250 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება 2002 წლიდან დაიწყო. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ტურიზმის მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველ წელს ხარისხი ამ სპეციალობით 250 – 350 სტუდენტს ენიჭება. მიმდინარე წელსაც აღნიშნულ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების 100% აბიტურიენტთა პირველი პრიორიტეტით მითითებული არჩევანით შეივსო. ტურიზმის საბაკალავრო და მაინორ პროგრამები აკრედიტებულია და სახელმწიფო სასწავლო გრანტებით ფინანსდება.
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ დამატებითი სპეციალობის (Minor) პროგრამა მენეჯმენტის, ფინანსების, ჟურნალისტიკის, ფსიქოლოგიის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით. სულ კი სეუში მოქმედებს ცხრა საბაკალავრო და ხუთი სამაგისტრო პროგრამა.
სწავლების დასაწყის ეტაპზე სასწავლო მასალები ქართულენოვანია, ხოლო უცხოენოვანი მასალები მიწოდებულია რიდერების სახით ან თარგმნილია ქართულ ენაზე. სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურაც. მიმდინარე წლიდან კი სეუ სტუდენტებს სპეციალობის სასწავლო კურსებს სთავაზობს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
სეუში სტუდენტებს ყველა სასწავლო კურსისთვის აქვთ დროის, ჯგუფის, დღისა და ლექტორის არჩევის თავისუფლება. დასაქმებულებს შესაძლებლობა ეძლევათ სასურველი ლექციები საღამოს საათებში, ან შაბათს აირჩიონ.
უნივერსიტეტის სასწავლო სივრცეს – 15000კვ.მ. სექტემბრიდან ახალი, თანამედროვე საუნივერსიტეტო შენობა დაემატება, რომლის ფართი 36000 კვ.მ -ს აღემატება და უკანასკნელი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით იქნება უზრუნველყოფილი – კაბინეტ-ლაბორატორიებით, კომფორტული ბიბლიოთეკით, ბიზნეს ცენტრით, აუზით, მოედნით, საკონფერენციო დარბაზებით და ა.შ. შენობები დაკავშირებული იქნება 33–მეტრიანი ხიდით.
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სეუ და ტურისტული კომპანია Discover Georgia ტურიზმის მიმართულების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს სთავაზობს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, გაიარონ პროფესიული სერტიფიცირებული სტაჟირება და პრაქტიკა, ტურისტული კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპი – კლიენტების მომსახურეობა, შიდა და გარე ტურების შექმნა, ორგანიზება, გაყიდვა.
„სწავლის პერიოდშივე დასაქმებულ სტუდენტთა რაოდენობა უკვე 35-50 %-ს შეადგენს. კურსდამთავრებული სტუდენტების უმეტესობა დასაქმებული არიან ტურისტულ ბიზნესში ან მსხვილ ქსელურ სასტუმროებში (Radisson Tbilisi, Holiday Inn, The Biltmore Hotel Tbilisi და სხვა).
„კურსდამთავრებულთა ნაწილმა მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენა საკუთარი ტურისტული ბიზნესის შესაქმნელად თბილისსა თუ რეგიონებში და თავად შექმნეს სამუშაო ადგილები. SEU-ს დასაქმებულ კურსდამთავრებულებს შეხვდებით ასევე საზღვარგარეთ, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ქსეულურ სასტუმროებში – ევროპაში, თურქეთში, დუბაიში, ეგვიპტესა და სხვა ტურისტულ ცენტრებში. საერთო ჯამში, უმრავლესობა – 91-95% დასაქმებულია“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან უცხო ქვეყანაში განათლების მიღებით, უნივერსიტეტი სთავაზობს პარტნიორულ პროექტს International Hospitality Management School Vatel-თან ერთად. ესაა დაწესებულება, რომელიც ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიის მენეჯმენტის პროგრამების მხრივ მსოფლიოს მაშტაბით უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზე იმყოფება. სტუდენტები ასევე უზრუნველყოფილი არიან შესაძლებლობით, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანიის სასტუმრო – ინდუსტრიაში.
სეუ სტუდენტებს საუნივერსიტეტო დაფინანსების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან სკოლაში მაღალი შედეგების მქონე ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს 4 წლის განმავლობაში დამატებით მიეცემათ SEU გრანტი 2 960 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, მოქმედებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებისა და სტიპენდიების სისტემა, რომელიც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზეა დამოკიდებული. ყველას აქვს შესაძლებლობა საშუალო აკადემიური მოსწრების შემთხვევაში სწავლის წლიური საფასური შეამციროს 2000 ლარამდე, უმაღლესი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი საერთოდაც უფასოდ ისწავლოს.
რაც შეეხება სწავლის საფასურს, სეუ-ს პროგრამის პირველი პრიორიტეტით არჩევის შემთხვევაში, სტუდენტი, რომელიც სემესტრს საშუალოდ 55 ქულით დახურავს, მომდევნო სემესტრში 1000 ლარს გადაიხდის. 61, 71, 81 ქულაზე სწავლის შემთხვევაში, მისი საფასური შესაბამისად შემცირდება 950, 900 და 850 ლარამდე, ხოლო 91 ქულაზე და მეტზე სწავლის შემთხვევაში, მისი სწავლის საფასური უნივერსიტეტის მიერ 100%-ით დაფინანსდება. ასევე, ამ სემესტრული ქულების მიხედვით მიეცემა თვეში 55 ლარიდან 400 ლარამდე მზარდი სტიპენდია.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობა 2004 წლიდან მოქმედებს, ხოლო აკრედიტირებული ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა – 2011 წლიდან. დღემდე პროგრამას 100 კურსდამთავრებული ჰყავს. ხორციელდება მხოლოდ საბაკალავრო პროგრამა.
უნივერსიტეტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე ბიბლიოთეკებით, სადაც ხელმისაწვდომია როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურ და რუსულენოვანი პროფესიული ლიტერატურა. წიგნები სისტემატურად ახლდება. აღნიშნული გამომცემლობების წიგნებს იყენებენ ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტები. სწავლების ენა ქართულია, მაგრამ სუდენტები, გარდა იმისა, რომ უცხო ენაში აღწევენ B2 დონეს, სწავლობენ სპეციალურ უცხო ენებს ტურიზმისათვის.
შვედეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი კურსდამთავრებულების დასაქმების მდგომარეობის შესწავლა იყო. ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულ რესპონდენტთა 58% აცხადებს, რომ დასაქმებულია პროფესიის მიხედვით, 39% დასაქმებული არაა პროფესიის მიხედვით, ხოლო 3%-ის თქმით, ის პროფესიის მიხედვით ნაწილობრივ არის დასაქმებული.
დასაქმების ძირითად სფეროს წარმოადგენს ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვ. მათი საშუალო თვიური ხელფასი კი 750 ლარს შეადგენს.
„უნივერსიტეტის გარემო კეთილმოწყობილია, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე ბიბლიოთეკით, ენების ლაბორატორიით და სხვა. მეცადინეობების ჩასატარებლად გამოიყენება შემდეგი ფორმატი: ლექცია (ინტერაქტიური ლექცია და ლექცია პრეზენტაცია); სემინარი; პრაქტიკული მეცადინეობები; ელექტრონული ფორმატი; ვორკშოპები; მასტერკლასები; შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან; დარგის სპეციალისტის ლექცია და გასვლითი სასწავლო ტურები.
ტურიზმის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ სტუდენტურ კონფერენციებსა და ტურისტულ გამოფენებში. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ პროგრამებშიც და საშუალება ეძლევათ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიცაა: გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ლიტვა.
„სტუდენტთა პრაქტიკის და სტაჟირების გავლისათვის ტურიზმის პროგრამის ფარგლებში დამატებით მოქმედებს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციათან, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“, საქართველოს გიდების ასოციაციასთან, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციასთან, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრთან, ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველოსთან“ და ა.შ“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს, minor პროგრამების ფარგლებში, შეუძლიათ სურვილის შესაბამისად, გაიღრმავონ ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლისს აფასური 2 900 ლარია. თუმცა, აბიტურიენტებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად შემოხაზავენ გრიგოლო რობაქიძის უნივერსიტეტს, სწავლის საფასური 15 პროცენტით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, 2000-ზე მეტი სკალირებული ქულის მოგროვების შემთხვევაში, საწვლის საფასური განისაზღვრება 2 250 ლარის ოდენობით, ხოლო 2000-ზე მეტი სკალირებული ქულით პირველ ათეულში მოხვედრის შემთხვევაში, სტუდენტი იღებს 100 –პროცენტიან საუნივერსიტეტო გრანტს, ანუ სწავლობს უფასოდ. აღნიშნული ბენეფიტები მოქმედებს 4 წლის მანძილზე.
ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს შანსი ეძლევათ აიღონ საუნივერსიტეტო გრანტი 100%, 70% და 50% ოდენობით, რითაც სწავლის საფასურს ფარავენ. აგრეთვე მოქმედებს საუნივერსიტეტო გრანტები სტუდენტთა მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად და უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.
ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი ( Ersu)
ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულება ოთხი წელია არსებობს. აკრედიტირებულია ტურიზმის საბაკალავრო და ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამები. კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2013 წლიდან დღემდე 111-ს შეადგენს.
საგანმანათლებლო პროგრამის ინტერნაციონალიზაციის ელემენტის გაძლიერების მიზნით პროგრამაზე დაშვების წინაპირობებით განსაზღვრულია ინგლისური ენის (B2) გამოცდა. ამასთან ერთად, დარგობრივი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსების გარკვეული ნაწილი სავალდებულო ლიტერატურის სახით ითვალისწინებს ინგლისურენოვანი თანამედროვე სასწავლო ლიტერატურის გამოყენებას. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ სწავლების პროცესში გამოყენებული ლიტერატრურით ტურიზმის პროგრამა ისწავლება, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, კუსდამთავრებულები საქმდებიან ტურისტულ ფირმებში, ტურიზმის სფეროს სხვადასხვა დაწესებულებაში (სასტუმროები, რესტორნები, მუზეუმები და სხვ). ტურიზმის სამთავრობო სტრუქტურებში, სფეროს ადგილობრივი და უწყებრივი დაქვემდებარების ორგანიზაციებში, ტურიზმით დაინტერესებულ ბუნებადაცვით და არასამთავრობო სტრუქტურებში.
სწავლის პროცესში, კონკრეტული სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიყენება სწავლების ისეთი მეთოდები/ხერხები, როგორებიცაა სალექციო მეთოდი, წერითი მუშაობა, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატები, ჯგუფური მუშაობა და ა შ.
უნივერსიტეტი ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში. აკადემიური პერსონალი და სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ეძლევათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით. ყველა სტუდენტი ისარგებლებს უფასო სტაჟირებით და დასაქმების ხელშეწყობით. სწავლის ფასი ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში წელიწადში 2 250 ლარს შეადგენს .
სად და როგორ ისწავლება სამართალი საქართველოში – აბიტურიენტის გზამკვლევი
სად და როგორ ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირება საქართველოში – აბიტურიენტის გზამკვლევი
საინტერესო რჩევები აბიტურიენტებისთვის
მოამზადა თაკო მათეშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება