GE

სად და როგორ ისწავლება სამართალი საქართველოში – აბიტურიენტის გზამკვლევი

სამართლის ფაკულტეტი ქართველ აბიტურიენტებში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს პროფესია მუდმივად ხვდება მოთხოვნადი სპეციალობების სათავეში. თუმცა, დაინტერესების მიუხედავად, აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა ნაკლებად იცის თუ რას სთავაზობს მას ესა თუ ის უნივერსიტეტი.

მოგეხსენებათ, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა შექმნას სტატიების სერია, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს მათთვის საჭირო ინფორმაციას ყველა იმ პოპულარული პროგრამის/ფაკულტეტის შესახებ,  რომელთაც მათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სთავაზობენ.

როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად საუბარი სამართლის ფაკულტეტზე გვექნება. ვეცდებით ამომწურავად გაგაცნოთ თუ რას გთავაზობენ  ქართული უნივერსიტეტი, ჯიპა, თსუ, შავი ზღვის, გორისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

1365068883_pngშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის პროგრამა 2010 წლიდან არსებობს. 2016 წელს კი ფაკულტეტი დამოუკიდებელი სახით ჩამოყალიბდა. ამჟამად მოქმედებს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა და შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სადაც აკადემიურ პერსონალთან ერთად მოღვაწეობენ პრაქტიკოსი სპეციალისტები და დარგის ექსპერტები. ფაკულტეტი თანამშრომლობს უცხოურ პროფესურასთანაც.

პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა რაოდენობა 7 სტუდენტს შეადგენდა, მომდევნო წელს მაჩვენებელი 23-მდე გაიზარდა  და ყოველწლიურად მატულობს. ამჟამად უნივერსიტეტს ჯამში დაახლოებით 80-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.  ვაკანტური ადგილების რაოდენობისა და მისი შევსების მაჩვენებელი წლების განმავლობაში იზრდება.

სამართლის ფაკულტეტი დამოუკიდებლად, ან პარტნიორი უნივერსიტეტების სამართლის სკოლებთან თანამშრომლობით, რეგულარულად უკეთებს ორგანიზებას სამეცნიერო კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს, ოლიმპიადებს იმიტირებული პროცესებში. ასევე, პერმანენტულად ტარდება  საჯარო ლექციები და ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.  იმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგალითად დანიაში, სადაც საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში ქართველი სტუდენტები უკვე მეორედ იღებენ მონაწილეობას.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, უკვე მეექვსე წელია სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი საზაფხულო და ზამთრის სკოლებში. იმართება სასწავლო ტურები აშშ-ში, ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

“კვლევითი საქმიანობა ფაკულტეტის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს  იურიდიული კლინიკა, რომელიც სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის განხილვაში  წარმომადგენლობასა და ადვოკატირებას უზრუნველყოფს. კლინიკის მუშაობას ხელმძღვანელობენ პრაქტიკოსი ადვოკატები და მასში ჩართულნი არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. სწავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწავლის პროცესი ეფექტიანია. სტუდენტთა ნაწილი სწავლას უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით აგრძელებს,“ – განმარტავენ უნივერსიტეტში.

საბაკალავრო პროგრამისათვის უპირატესად გამოიყენება ქართულენოვანი ლიტერატურა, თუმცა სტუდენტებს დამატებითი მასალები უცხოურ ენაზეც მიეწოდებათ. სამაგისტრო პროგრამაში დომინირებს უცხოენოვანი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ბიბლიოგრაფია, რომელსაც „იყენებს ყველა წამყვანი ევროპული და ამერიკული უმაღლესი სასწავლებელი“.

უნივერსიტეტში არსებობს კურსდამთავრებულთა კოორდინაციის სამსახური, რომელიც სპეციალურად მათი  დასაქმების მაჩვენებლის კვლევას ემსახურება. განმარტავენ, რომ ფაკულტეტი იყენებს პარტნიორთა საკმაოდ ფართო ქსელს, რომელიც მოიცავს როგორც კერძო სტრუქტურებს, ისე საჯარო დაწესებულებებს. მათი მტკიცებით, ამ ეტაპზე კურსდამთავრებულთა 89% დასაქმებულია. ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც არ ხვდებიან დასაქმებულთა რიცხვში, სწავლობენ სამაგისტრო დონეზე როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სწავლების საფასური 5 100 ლარია. თუმცა, უნივერსიტეტში არსებული მოქნილი საგრანტო პოლიტიკის შედეგად, სტუდენტთა გარკვეული  ნაწილი უფასოდ იღებს განათლებას,  ან შეღავათით სარგებლობს.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

11026723_695615510547675_846946958_nგორის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტს 25 წლიანი ისტორია აქვს. სტუდენტები სწავლობენ როგორც ქართული, ისე უცხოური თანამედროვე ლიტერატურით. ბოლო 5 წლის სტატისტიკის მიხედვით აბიტურიენტთა ჩარიცხვა გორის უნივერსიტეტში სტაბილურია – საშუალოდ 110 სტუდენტი წელიწადში.

დაარსებიდან დღემდე პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2500-ზე მეტს  შეადგენს. რაც შეეხება მათი დასაქმების მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით, კურსდამტავრებულთა 70% დასაქმებულია იურიდიულ დაწესებულებებში იურისტის პროფესიით, ადვოკატებად და ა.შ

სწავლების პრინციპი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან: ლექცია-სემინარები, ჯგუფური სამუშაოები, კაზუსებზე მუშაობა, პრაქტიკული დავალებები და ა.შ. ამ მიმართულების სტუდენტები სარგებლობენ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში (Erasmus, Erasmus+, Mevlana და ა.შ)

წარმატებული სტუდენტები სტიპენდიასაც იღებენ როგორც სახელმწიფოსგან ისე უნივერსიტეტისაგან. გარდა ამისა, როგორც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ,  გამორჩეულებისათვის  სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებაც აქვთ გათვალისწინებული.

„სამართლის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ასწავლის სხვადსხვა მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები,  რომლებიც წარმატებული სამეცნიერო ნაშრომებით, კვლევითი მოღვაწეობებითა და სამუშაო გამოცდილებით გამოირჩევიან,“ – აცხადებენ უნივერსიტეტში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტეზე სწავლების საფასური 2 250 ლარს შეადგენს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

tsu1bრაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამართლის მიმართულებით ლექციები 1918 წლიდან იკითხებოდა, თუმცა იურიდიული ფაკულტეტი მეოცე საუკუნის ოციან წლებში ჩამოყალიბდა. იგი არის სამართლის პირველი სკოლა კავკასიის რეგიონში. აბიტურიენტების არჩევანის მაჩვენებელი კი, ადმინისტრაციის განმარტებით,  ამ პროგრამაზე ყოველ წელს იზრდება.

თსუ იურიდიული ფაკულტეტი მუდმივად ატარებს დასაქმების მაჩვენებლის კვლევას. იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან არსებობს კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებელთან ურთიერთობის ოფისი, რომლის მიზანია მათ შორის კოორდინაციის გაღრმავება და  არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

„კვლევის შედეგების მიხედვით, ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მაგალითად, საჯარო სექტორში – სახალხო დამცველის აპარატში – დასაქმებულია 44 იურისტი, მათ შორის თსუ იურიდიული ფაკულტეტის 21 კურსდამთავრებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოში – დასაქმებულია 17, საქართველოს პროკურატურის სისტემაში – 409 კურსდამთავრებული“, – განგვიმარტეს თსუ-ში და დასძინეს, რომ მათი სტუდენტები აქტიურად საქმდებიან კერძო სექტორშიც, სხვადასხვა წამყვანი კომპანიის იურიდიულ სამსახურში.

სწავლება მიმდინარეობს სალექციო და პრაქტიკული კურსებით. მოქმედებს შემდეგი საბაკალავრო პროგრამები: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ევროპისმცოდნეობა, მიგრაციის საბაკალავრო პროგრამა. ასევე სამაგისტრო პროგრამები: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, კიოლნის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, საერთო სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ ქალაქ   შპაიერის  (გერმანია ) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტირებული პროგრამაა. ადმინისტრაციის თქმით, ძალიან მოთხოვნადია სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სადოქტორო მიმართულებებიც.

ფაკულტეტს აქვს გაცვლითი პროგრამები უცხოეთის უნივერსიტეტებში, ესენი გახლავთ: ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს-ის პროგრამის სტიპენდია ქალაქ ზალცბურგის უნივერსიტეტში, ტურკუს უნივერსიტეტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ლიმერკის უნივერსიტეტში, აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტში (თურქეთი), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი);

რაც შეეხება ლიტერატურას, იგი ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ იქმნება და სამართლის სკოლის სტუდენტები სწორედ ამ ლიტერატურით სარგებლობენ. ამასთან, მათ შეუძლიათ ისარგებლონ წიგნებითა და თანამედროვე ლიტერატურით, რომელიც ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკაში და ასევე ელექტრონული ბაზებით გაეცნონ თანამედროვე იურისპრუდენციის მიღწევებს. სწავლების გადასახადი თითოეულ  საფეხურზე 2 250 ლარს შეადგენს.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

maxresdefaultქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტზე (სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა) აბიტურიენტები 2014 წლიდან ირიცხებიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე კუსდამთავრებულები არ არიან. მათი დასქმების მაჩვენებლის კვლევაც სწორედ მას შემდეგ იგეგმება, რაც უნივერსიტეტი პირველ ნაკადს გაუშვებს.

სწავლებისათვის გამოიყენება ქართულენოვანი და უცხოენოვანი ლიტერატურა, ძირითადად – ინგლისური, გერმანული და რუსული წიგნები.

„მეცადინეობები ტარდება მაღალ დონეზე კეთილმოწყობილ და თანამედროვე ტექნიკით (მათ შორის SMART Board-ებით) აღჭურვილ აუდიტორიებში. პროგრამაში გათვალისწინებულია პროფესიული პრაქტიკა. ამას გარდა, უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტაჟირების/პრაქტიკის გავლას სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში. იგეგმება გაცვლითი პროგრამები. მოქმედებს საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სტიპენდია“, – აცხადებენ ქართულ უნივერსიტეტში. პროგრამის ფასი 2 250 ლარია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და სამართლის სამაგისტრო  პროგრამებს 2012 წლიდან,  ხოლო სამართლის სადოქტორო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. ყველა პროგრამა აკრედიტებულია 5 წლის ვადით.

unnamedპროგრამებში გათვალისწინებული სასწავლო კურსების სწავლების ფორმებია: ლექცია, სამუშაო ჯგუფში მუშაობა (სემინარები) და  პრაქტიკული მეცადინეობები (კაზუსების ამოხსნა). სწავლის პროცესში, კონკრეტული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებულია  სხვადასხვა მეთოდი. ლექციაზე მასალის ვერბალურად გადაცემის გარდა გამოყენებულია  დემონსტრირების მეთოდი, რაც ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში გათვალისწინებული ყველა პროცესუალური ნაწილი (კერძო, საჯარო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით) მთავრდება იმიტირებული სასამართლო პროცესით, რომელშიც სტუდენტები სხვადასხვა დავალებას  ინაწილებენ და იმიტირებულ სასამართლო პროცესს ატარებენ.

„საგან­მანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტებს უძღვებიან საქვეყნოდ აღიარებული, დიდი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილების მქონე პროფესორები და მოწვეული სპეციალისტები. მათ შორის არიან სასამართლო, საგამოძიებო, საპროკურორო და საადვოკატო სტრუქტურებში მომუშავე დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტებიც, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ცნობილი ადვოკატები და ა.შ.“, – ამბობს  კავკასიის საერთაშოტისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მარინა გედევანიშვილი.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელო და მეთოდური ლიტერატურით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებულ შესაბამისი ბეჭდურ და ელექტრო­ნუ­ლ სახელმძღვანელოებს, სასწავლო-მეთოდურ და სა­მეცნიერო ლიტერატურას, აგრეთვე ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის მონაცემ­თა ბაზას და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავ­სებულ ელექტრონულ კატალოგს. ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ლიტერატურა ქართულ და ინგლისურენოვანია.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია ასოციაცია „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის” – EIFL”,  მონაწილეთა კონსორციუმის წევრად და მინიჭებული აქვს უფლება, გამოიყენოს არაერთი  ელექტრონული რესურსი.

რაც შეეხება სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმებს, დღეისათვის სამართლის ფაკულტეტზე, სამივე პროგრამაზე 1000–მდე სტუდენტი სწავლობს. ყოველი სემესტრის ბოლოს, აკადემიური მაჩვენებლების მიხედვით, 10 საუკეთესო სტუდენტს სტიპენდია ენიშნება, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს კი შეღავათები აქვთ.

უნივერსიტეტს საზღვარგარეთის 30–მდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული,   რომლებიც სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებს ანხორციელებენ. ეს მემორანდუმები ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას, სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებელთა გაცვლას. ყოველ სემესტრში,  სამართლის ფაკულტეტიდან 4–5 სტუდენტი,  ერთი სემესტრით პოლონეთისა და სლოვაკეთის უნივერსიტეტებში მიემგზავრება. ისინი იქ სწავლის საფასურის გადახდისგან არიან გათავისუფლებულნი და მხოლოდ ცხოვრების ხარჯებს ფარავენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო მოსწრების სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში სტიპენდია ენიშნებათ.

რაც შეეხება დოქტორანტებს, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელის მოტივირებული შუამდგომლობისა და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დოქტორანტი ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში დაფინანსდება უცხოეთში სამეცნიერო კვლევის/კვლევის ნაწილის განსახორციელებლად.

დღევანდელი მონაცემებით, სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა დაახლებით 300–მდე კურსდამთავრებულმა. მათგან სპეციალობით დასაქმებულია  დაახლოებით 35 % ხოლო 32%–მა სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ისე სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ადმინისტრაციის  ინფორმაციით, მათი თვიური ანაზღაურება საშუალოდ 500 დან 1000 ლარამდე მერყეობს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერის დაგეგმვის ცენტრი, რომელიც კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს დასაქმებში ხელს უწყობს. სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების მხრიდან  უნივერსიტეტში ხშირად იმართება  სარეკლამო, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ვაკანტური ადგილების შეთავაზების მიზნით. გარდა ამისა,  ყოველწლიურად,  უნივერსიტეტი თავად ასაქმებს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სხვადასხვა დეპარტამენტში, სპეციალისტებად.

რაც შეეხება კსუ სამართლის ფაკულტეტზე სწავლის მსურველთა სტატისტიკას, დინამიკა ყოველწლიურად მზარდია. გამოცხადებული ადგილების 90-95 % ივსება. 2016 წელს   საბაკალავრო პროგრამაზე გამოცხადდა 185 ადგილი,  ჩაირიცხა
181 სტუდენტი;  2017  წელს კი 210 ადგილია გამოცხადებული. სამაგისტრო და სადოქტორო  პროგრამებზე კი, 2013 წლიდან მოყოლებული არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენილა.

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში  2 500 ლარი ღირს; სამართლის სამაგისტრო პროგრამა – 2 500 ლარი; სამართლის სადოქტორო პროგრამა კი – 3000 ლარი.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა)

182941_131569666912118_8341331_nჯიპაში სამართლის ფაკულტეტი 2007 წლიდან არსებობს. ფუნქციონირებს სამართლის საბაკალავრო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამები.  ამ დროიდან მოყოლებული დღემდე იგი 389 სტუდენტმა დაამთავრა. ვაკანტური ადგილების შევსების მაჩვენებელი ბალანსირებადია. 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით დასაქმებულია კურსდამთავრებულთა 97%.

სწავლება ატარებს ინტერაქტიულ ხასიათს, დაფუძნებულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაზე. უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ  ლიტერატურა რომლითაც სტუდენტები სწავლობენ, გამოიყენება  მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

„სამართლისა და პოლიტიკის სკოლას გაფორმებული აქვს მემორანდუმები სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტთან, რითიც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ სტაჟრება და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ,“ – აცხადებენ ჯიპაში.

სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით – მასარიკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან (ჩეხეთი) და მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან (ა.შ.შ.)

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მფლობელი ყველა სტუდენტი ჯიპასგან 1000 ლარიან დაფინანსებას იღებს. გარდა ამისა, მოქმედებს სემესტრული სტიპენდიები, რომლებიც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება პრიგრამების საფასურს, საერთაშორისო სამართალზე გადასახადი  4000 ლარს შეადგენს,  სამართლის საბაკალავრო პროგრამზე კი  – 4 500 ლარს.

სად და როგორ ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირება საქართველოში – აბიტურიენტის გზამკვლევი

საინტერესო რჩევები აბიტურიენტებისთვის

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური