GE

სად და როგორ შეძლებთ სკოლის ატესტატის მიღებას – ვადები და პროცედურა ცნობილია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატესტატების გაცემას 3 ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 14 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაავრცელა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წელს სკოლა 47 306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა და როგორც უწყება განმარტავს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად განცხადებების მიღება და ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, შეძლებს თუ არა კურსდამთავრებული, რომ ატესტატი სამ ივლისსვე აიღოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვიპასუხეს, რომ დაჩქარებული სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში, ეს შესაძლებელია. დოკუმენტის მიღებისთვის კი არ არის აუცილებელი, კურსდამთავრებულს თან მშობელი ახლდეს. “მთავარია, პირს თან ჰქონდეს საკუთარი ელექტრონული პირადობის მოწმობა (აიდი ბარათი), რომ სერვისით სარგებლობა შეძლოს”.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული ყველა აბიტურიენტი ვალდებული, რომ გამოცდების დაწყებამდე სკოლის ატესტატი აღებული ჰქონდეს, EDU.ARIS.GE – მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრისგან დღეს ასეთი განმარტება მიიღო:

ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს აბიტურიენტს ატესტატი არ სჭირდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ატესტატის წარმოდგენის ვალდებულება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც 2011 წლამდე დაამთავრეს სკოლა. ასევე, იმ აპლიკანტებს, რომელთა საგამოცდო ბარათზეც იქნება ამის შესახებ მითითებული ინფორმაცია.

2023 წლის ამ აბიტურიენტებს ატესტატის ან ცნობის წარდგენის ვალდებულება აქვთ – ვადები და კატეგორიები

ატესტატის მიღების პროცედურა

სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას შეძლებენ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი, დაწესებულია შესაბამისი საფასური.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი.

“აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს”, – განმარტავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

ასევე იხილეთ:

სკოლის ატესტატის ახალი ფორმა დამტკიცდა – ცვლილება კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური