სად ვუშვებთ შვილებს?! – რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან
ეს ნანგრევი, ერთი შეხედვით საქონლის სადგომს რომ გავს, სინამდვილეში კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ტუალეტია.
ფოტოები EDU.ARIS.GE–ს ახმეტის რაიონის სოფლიდან მოსწავლის მშობელმა მიაწოდა. “სურათებს რომ ვიღებდი, ალბათ დამინახეს, არ მინდა ჩემ შვილს პრობლემები შეუქმნან. ამიტომ ჯერ-ჯერობით არ დავასახელებ სკოლას. მინდა ყველამ იცოდეს, რომ 150 მოსწავლე იძულებულია ყოველდღიურად ამ ტუალეტით ისარგებლოს. სხვა გამოსავალი არა აქვთ, ისევე როგორც არა აქვთ წყალი, არც ჩასარეცხად და არც ხელების დასაბანად.”
სამწუხაროდ, წერილის ავტორი ერთეული გამონაკლისი არ არის. სკოლების უმეტესობა სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს ვერ იცავს.
მიზეზი #1. დანგრეული ინფრასტრუქტურა
მიზეზი #2: საკანალიზაციო სისტემის არარსებობა
მიზეზი #3 შეზღუდვა წყლით მომარაგებაზე
მიზეზი #4 სადეზინფექციო საშუალებების გამოუყენებლობა
სკოლის ტუალეტებში ანტისანიტარიას თბილისის და რაიონების მოსწავლეები ერთნაირად უჩივიან. იქ სადაც საპირფარეშო გარემონტებულია, ამბობენ რომ ჩამრეცხები არ მუშაობს, წყალი არ მოდის და ქაღალდი არ დევს. სადაც სანიტარიული კვანძები ეზოშია, ჰიგიენური ნორმების შენარჩუნება თეორიულადაც შეუძლებელია.
12 წლის გიორგის დედა მარტვილიდან ოთხი სკოლის მაგალითზე გვიყვება გაუსაძლისად არაჰიგიენური პირობების შესახებ:
“შემიძლია გითხრათ, ყველგან ეზოშია ტუალეტი, თავსხმა წვიმაში, თქეშში გარეთ უწევთ ბავშვებს გასვლა. შენობიდან 150 მეტრით არის დაშორებული. პატარა “ფორთოჩკა” აქვს, საიდანაც წვიმა ასხავს. არც ჩამრეცხებია, არც წყალი მოდის, ჭიდან უნდა მიიტანოს დამლაგებელმა და ჩარეცხოს დღის ბოლოს. სიგარეტის ნამწვავები აზელილი ფეკალიებში. ეს არის სრული კატასტროფა. ერთადერთი ხელსაბანი დგას. საპონზე და ხელსაწმენდზე ვინ ლაპარაკობს, წყალიც კი არ არის უმეტესად. მარტო სოფელს კი არ ვამბობ, რაიონის სკოლებშიც იგივე მდგომარეობაა. ბავშვები შესასვლელიდან იწყებენ მოსაქმებას და ფეხსაც ვერ დაადგამ. კატასტროფაა იქ შესვლა. აქ ცოტა სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, არაფერს აპროტესტებენ. ძალიან სხვანაირი დონეა აქ”.
EDU.ARIS.GE ორი შვილის დედას, ეკა გულუას დაუკავშირდა, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში არსებული ანტისანიტარიული მგომარეობა შემაშფოთებლად მიიჩნია და ტყუპები საჯაროდან კერძო სკოლაში გადაიყვანა:
“ბავშვებს ვარიგებდი რომ მოეთმინათ და არ შესულიყვნენ საპირფარეშოში. ერთ სართულზე მხოლოდ ერთი ტუალეტი იყო და 250 ბავშვი სარგებლობდა. ჩასარეცხებს ბავშვები ვერ წვდებოდნენ, იდგა საშინელი სუნი, ანტისანიტარია. გოგოები, ბიჭები და მასწავლებლები ერთი ტუალეტით სარგებლობდნენ. ხელსაბანის ონკანი იმ სიმაღლეზე იყო, რომ ბავშვი წყალს ვერ მოუშვებდა. ჯერ მასწავლებელს მივმართე, მითხრა მე ვერ დაგეხმარებიო. მერე დამლაგებელს, არ მაქვს ხსნარები, რითი გავაქრო სუნიო. მნეს მივმართე, დირექტორსაც. დამპირდნენ, მდგომარეობას გამოვასწორებთო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ბოლოს განათლების სამინისტრო ჩავაყენე საქმის კურსში. სამწუხაროდ ესეც უშედეგო აღმოჩნდა. ფორმალური მონიტორინგის გარდა ეგენი არაფერს აკეთებენ. 3 თვეში დავრწმუნდი რომ ვერაფერს გავხდებოდი და გავიქეცით კერძო სკოლაში. ძალიან სახარბიელო მდგომარეობა არც აქ არის, მაგრამ რა შედარებაა.”
სკოლებში ჰიგიენის საკითხები მასშტაბური კვლევა 3 წლის წინ ჩატარდა. გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნით, საპირფარეშოში შესვლის შემდეგ მოსწავლეების ნახევარი ხელს არ იბანს და ვერც დაიბანს, იმიტომ რომ არც წყალია და არც საპონი. სკოლების უმეტესობაში არ არის ტუალეტის ქაღალდი. სანიტარიული კვანძების რაოდენობა არასაკმარისია. ყოველ მეათე სკოლაში ხელსაბანი არ მუშაობს. სკოლების 65% -ს საპირფარეშო ეზოში აქვს, ხოლო მათ ნახევარში საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო ფეკალური მასის დაცლის გამართული გრაფიკი არ მოქმედებს და ნახმარი წყალი ეზოში იღვრება.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახურავებისა და კარ-ფანჯრების შემდეგ სველი წერტილების რეაბილიტაცია რიგით მესამე პრიორიტეტია და გაეროს კვლევის შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. მაგალითად, ხაშურის სკოლებში სველი წერტილები რამდენი წლის წინ გაარემონტეს.
იზოლირებულ ჯიხურში უნიტაზი დგას, იქვეა ხელსაბანიც. მაგრამ პრობლემა არ ამოწურულა. არც წყალი აქვთ, ვერც სადეზინფექციო ხსნარებს ყიდულობენ და ბავშვებს დასვრილი ინვენტარით უწევთ სარგებლობა. ამის გამო მშობლებმა უნიტაზების მოხსნა მოითხოვეს.
ნატო კ. მოსწავლის დედა ხაშურიდან გვიყვება: “როგორც წესი, წყალი არ მოდის. სკოლა ვერ უქმნის პირობებს და დამლაგებელიც ამაოდ ცდილობს სისუფთავის შენარჩუნებას. მას არ აქვს იმდენი წყალი, რომ ბავშვის გამოსვლის შემდეგ მოაწესრიგოს. არც “ბაკი” აქვთ. დგას უნიტაზები, რომელსაც ვერ ასუფთავებენ და წარმოიდგინეთ რა ხდება. მშობლებმა უნიტაზების მოხსნა მოვითხოვეთ, მაგრამ სკოლამ უარი გვითხრა, განათლების სამინისტრომ დაგვცინაო”.
უნიტაზი, როგორც ძვირადღირებული ინვენტარი განათლების სამინისტრომ სველი წერტილების რეაბილიტაციის დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი აუცილებელი მოთხოვნებიდან ამოიღო.
“ვამარტივებთ სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაციის პირობებს, რათა სკოლებმა საკუთარი სახსრებით და მოკლე დროში შეძლონ სანიტარიული კვანძის რეაბილიტაცია. მაგალითად, აუცილებელი მოთხოვნიდან ამოვიღეთ უნიტაზი და ე.წ. “თურქულ” ტუალეტებზე გადავედით. რაც შეეხება ჰიგიენას და ანტისანიტარიას, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და თავის ინფრასტრუქტურაზე თვითონ უნდა იზრუნოს. ყოფილა შემთხვევა მოუმართავთ მინიმალური დაფინანსებისთვის და აღმოგვიჩენია რომ აქვს 50 000 ლარი. ამ შემთხვევევაში ჩვენ ვეუბნებით, რომ თვითონ მოაგვაროს პრობლემა. თუ სკოლას საშუალება არ აქვს, იმ შემთხვევაში უნდა მოგვმართოს. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში 200-მდე სველი წერტილის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, ავაშენეთ რამდენიმე ახალი ტუალეტი. ამ პრობლების მოგვარებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,” – განუცხადა EDU.ARIS.GE–ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თემურ მაჩაიძემ.
ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, სკოლებში ჰიგიენის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ანტისანიტარია საჯარო სკოლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
რამდენად დაცულია დღეს სკოლებში ჰიგიენური ნორმები მოსწავლეთათვის
სკოლა მაღაზიაში – 19 მოსწავლის დაუჯერებელი სასწავლო პირობები წალენჯიხაში
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება