საჯარო სკოლებში ახალი, განმავითარებელი შეფასების სისტემის დანერგვაზე პედაგოგებს კრიტიკული მოსაზრებები აქვთ
წლის ბოლოს, გამოკითხვა რომ ჩავატაროთ კითხვით: რით დაგამახსოვრათ თავი 2018- 2019 სასწავლო წელმაო, ალბათ, უმრავლესობა დამამთავრებელ კლასებში სასკოლო გამოცდების, ე.წ. cat-ის გაუქმებას დაასახელებდა.
აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდები კი დიდი ზარ-ზეიმით გააუქმა, მაგრამ საპირწონედ ჯერ არაფერი გაკეთებულა. ამ დრომდე სკოლები მხოლოდ იმ დაპირების ამარა არიან დარჩენილი, რომ სახელმწიფოს მხრიდან სკოლებში ახალი შეფასების სისტემა დაინერგება.
დაანონსებულია, რომ სავალდებულო საბაზო განათლება 9 წლიდან 10 წლამდე გაიზრდება, ხოლო შეფასებას სკოლა მე-4, მე-6 და მე-10 კლასების ბოლოს განახორციელებს. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“, რომელიც ჯერ როგორც საპილოტე პროგრამა მაისში განხორციელდება. ამ პროექტისთვის თავდაპირველად 200 სკოლა შეირჩევა, შეფასება კი მხოლოდ მე-4 და მე-6 კლასებში მოხდება, რადგან შესაბამისი ცვლილება, რომ საბაზო საფეხური ათწლიანი გახდება ჯერ არ განხორციელებულა.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და პროექტის „შეფასება განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ჯელაძე ამბობს, სკოლები აირჩევა არა მარტო თბილისიდან არამედ რეგიონებიდანაც და მასში ისეთი სკოლები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მსგავსი ტიპის გამოცდებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს.
პილოტირების შედეგების მიხედვით კი გადაწყდება, საბოლოოდ როგორი ტიპის შეფასება დაინერგება სკოლებში.
ისიც გვახსოვს, რომ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არის სურვილი, რომ შეფასებებს, რომლებსაც სკოლაში დაიწყებენ მე-4 მე-6 კლასებში, ელექტრონული ფორმატის იყოს.
„ტესტირება, გვინდა, რომ იყოს სრულად კომპიუტერზე, პასუხების ფურცელიც რომ არ ჰქონდეთ და მოსწავლეებმა ყველაფერი გააკეთონ კომპიუტერთან. იყოს არამხოლოდ მოსანიშნი დავალებები, არამედ რაღაცის ჩაწერაც შეეძლოს ბავშვს. უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარები გააჩნდეს მოსწავლეს და გარკვეულწილად, აქ ამასაც გამოვცდით. როდესაც მოლოდინი ექნებათ სკოლებს, რომ ამ მიმართულებით მივდივართ, იმედი მაქვს, უფრო აქტიურად გამოიყენებენ ბუკებს, რომლებიც სკოლებს ურიგდებათ და უფრო აქტიურად იმუშავებენ ტექნოლოგიების მიმართულებით“, – ამბობს სოფიო გორგოძე.
დაწყებითი საფეხურის პედაგოგები ამ პროექტთან დაკავშირებით სკეპტიკურად არიან განწყობილი და აცხადებენ, რომ ბუქების უმრავლესობა, რომლითაც გამოცდა უნდა ჩატარდეს, მწყობრიდანაა გამოსული, ხოლო ბავშვების დიდმა ნაწილმა მასთან შესაბამისი მუშაობა არ იცის. გამოცდის ჩატარება კი, ასეთ პირობებში, თუნდაც ეს მხოლოდ მასწავლებლის, სკოლის და მოსწავლის შემდგომი ნაბიჯების საორიენტაციოდ იყოს გადადგმული, ბავშვებისთვის სტრესულ სიტუაციას შექმნის.
„დაწყებითის პედაგოგი ვარ, უკვე მე-4 კლასი მყავს და მსგავსი გამოცდა ჩვენთან რომ ჩატარდეს, ბავშვები თავს ვერ გაართმევენ, იმიტომ რომ ბუქები, რომელზეც გამოცდა უნდა ჩააბარონ, გაუმართავია, ბავშვები მასთან ვერ მუშაობენ. მე პირადად მირჩევნია, რომ როცა ვატარებთ შეფასებას კლასში, ტესტები დავბეჭდო და ფურცლებზე იმუშაონ, ასე ნაკლებ დროს ვკარგავთ. გამოცდაზე, როცა დრო შეზღუდულია და ამ დროის ნახევარს ბავშვი ბუქის გამართვას ანდომებს, ეს დამატებითი სტრესია ამ ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სანამ ასე გადაჭრით გადავწყვეტთ სკოლაში რაიმე ტიპის შეფასებითი გამოცდების დანერგვას, ვფიქრობ პრობლემის ყოველ მხრივ შესწავლა უნდა მოხდეს“, – ამბობს ნანა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.
მისი თქმით ეს პრობლემა ბევრ მის კოლეგას აქვს.
EDU.ARIS.GE-ს კითხვებზე, გამოცდების ნაკლები ცენტრალიზაცია და სკოლების ავტონომიის გაზრდა, რომელსაც პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ ასევე ითვალისწინებს, ხომ არ გამოიწვევს სკოლებში მიკერძოებით შეფასებებს მოსწავლეების მიმართ და თუ არიან სკოლები მზად მსგავსი სისტემა დანერგონ, დაამუშაონ მონაცემები და საკუთარი ადგილის განსაზღვრის შემდეგ დაგეგმონ სკოლებში შესაბამისი განვითარების პოლიტიკა? ამომწურავი პასუხები ვერ მივიღეთ.
შესაბამისად, მაისში, 200 სკოლაში მიღებული შედეგები, რომელშიც საპილოტე პროგრამა „შეფასება განვითარებისთვის“ განხორცილედება, გადაწყვეტს საკითხს, თუ როგორი ტიპის შეფასებითი სისტემა ექნებათ საქართველოს საჯარო სკოლებს მომავალში.
და კიდევ უფრო მთავარი კითხვა, გააუმჯობესებს თუ არა ეს ცვლილებები ჩვენი ქვეყნის პოზიციებს განათლების სფეროს საერთაშორისო კლევებში, სადაც მცირე პროგრესსაც ვერ განვიცდით?
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება