GE

საგაკვეთილო საათები სრულ დატვირთვამდე, პირველ რიგში, უფროს და წამყვან მასწავლებლებს უნდა გადაუნაწილდეთ – ვალდებულება სკოლებს

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომლებიც უკავშირდება საათობრივი ბადის ახალ მოდელს, კონკრეტულ საგანში საათების გადანაწილების ვალდებულებას, სასკოლო გამოცდებსა და სხვ.

იხილეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებები:

1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს: ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ბ) გარემოს დაცვა; გ) ჯანსაღი ცხოვრება; დ) სამოქალაქო უსაფრთხოება; ე) კონფლიქტების მართვა; ვ) ფინანსური წიგნიერება; ზ) კულტურული მრავალფეროვნება; თ) ადამიანის უფლებები.

2. კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე) და უცხოური ენები, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ასევე, კლასის გაყოფა დასაშვებია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (სამინისტროსთან შეთანხმებით). გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. გაყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენაში – 20-ს. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით ან ჯგუფები და განაყოფები დაკომპლექტდეს მეორე და მესამე ენების არჩევანის შესაბამისად.

3. საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს და წამყვან მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

I-IV კლასების იმ პედაგოგებს, რომელთაც ფიზიკური აღზრდის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა ან მუსიკის სწავლების მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ, მიეცეთ უფლება ასწავლონ კონკრეტული საგანი დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში, თუ სკოლას არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი (გამოცდით დადასტურებული ან დიპლომირებული სპეციალისტი).

4. V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

5. საჯარო სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. აღნიშნული არ ეხება იმ საგანს/საგნებს, რომლებშიც სკოლებს გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვთ მიღებული.

თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე. კერძო სკოლა უფლებამოსილია წლიურ გამოცდას წონა მიანიჭოს განსხვავებული წესით.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საათობრივი ბადე, სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეადგინოს შემდეგი სამი მოდელის მიხედვით:

მოდელი I – საათობრივი ბადე, რომელიც მიჰყვება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კვირეულ საათობრივ დატვირთვას;

მოდელი II – საათობრივი ბადე, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნის წლიურ ჯამურ საათებს და რომელშიც კვირეული დატვირთვა გადანაწილებულია სკოლის შეხედულებისამებრ სემესტრების/წლის მანძილზე; ამასთანავე:

  1. საჯარო სკოლამ თავისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს და წარმოადგინოს სამინისტროში.
  2. სკოლა უფლებამოსილია, მეორე მოდელი გამოიყენოს ერთ კონკრეტულ კლასში (და არა ყველა პარალელურ კლასში), მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ ყველა საგანში, ერთი სემესტრის ან მთელი აკადემიური წლის მანძილზე.

მოდელი III – საათობრივ ბადეს შეიმუშავებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თავისი შეხედულებისამებრ და სამინისტროში წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლის მიერ განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტის შედეგების მიღწევას.

იხ. ბრძანება

აღნიშნულ თემებზე EDU.ARIS.GE საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსს, მარიამ ჩიქობავას ესაუბრა. აღნიშნულ ინტერვიუში მან აქცენტი ახალ სახელმძღვანელობზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კომბინირებული კურსის დაშლასა და სკოლებში ახალი საგნის შემოტოანაზეც გააკეთა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური