GE

ახალი საათობრივი ბადე, ახალი სახელმძღვანელოები და სასკოლო გამოცდები – სიახლეები 2019-2020 სასწავლო წლისთვის

ახალი 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება. სკოლა სასწავლო წლის დაწყებას გარკვეული სიახლეებით ხვდება. ყველაზე დიდი სიახლეა ის, რომ 10-ათასზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგიდან 6-ათასი სკოლას ჯილდოს სანაცვლოდ დატოვებს. განათლების სამინისტროს ცნობით, სტატუსს 10-ათასამდე პედაგოგი აიმაღლებს სექტემბრიდან, რაც ამ პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდას გამოიწვევს. სიახლეები შეეხოთ მომავლი წლის აბიტურიენტებსაც. მომავალი სასწავლო წლიდან ისინი უნივერსიტეტებში მოსახვედრად 3 სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, ხოლო მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. სიახლეა სახელმწიფო გრანტის მოპოვების ნაწილშიც. 

რაც შეეხება სკოლებში დაგეგმილ შინაარსობრივ და ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებებს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ესაუბრება.

– რა სიახლეებს სთავაზობს სამინისტრო სკოლებს ახალ სასწავლო წელს?
მთავარი სიახლე ეხება მეშვიდე კლასს. ყველა საგანში პროგრამები არის არსებითად განახლებული. ემატება ახალი საგანი „მოქალაქეობა“, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კომბინირებული კურსი იშლება, ფიზიკა და ბიოლოგია შემოდის მეშვიდე კლასიდან, ქიმია კი მერვე კლასიდან დაემატება.

შემუშავდა ალტერნატიული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ცვლილება შეეხო საათობრივ ბადეს, რომელიც მეტ თავისუფლებას აძლევს საჯარო და, განსაკუთრებით, კერძო სკოლებს.

უფრო დეტალურად კი დავიწყებ სახელმძღვანელოებით. იცით, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შარშან I-VI კლასებში დაინერგა და, შესაბამისად, ყველა ამ კლასის სახელმძღვანელოები შეიცვალა. წელს მხოლოდ მეშვიდე კლასზე იყო კონკურსი გამოცხადებული და სექტემბრიდან უკვე მეშვიდე კლასში შევა ახალი სახელმძღვანელოები ყველა საგანში.

დავამტკიცეთ ახალი ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე გონებრივი დარღვევების და აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელიც 6 საგანში შემუშავდა. ეს არის: ბუნებისმეტყველება, ქართული, მათემატიკა, ხელოვნება, მუსიკა და ფიზიკური აღზრდა. ალტერნატიული სასწავლო გეგმა ძალიან დაეხმარება სკოლებს მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებაში. ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ძალიან მარტივად შეძლებენ პედაგოგები, რომ მძიმე გონებრივი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის შეიმუშაონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. პირველი-მეექვსე კლასები სრულად დავფარეთ 6 საგანში და ამაზე, ცხადია, გაგრძელდება მუშაობა უკვე ზედა საფეხურებისთვის.

– უფრო დეტალურად იქნებ გვითხრათ მეშვიდე კლასში დაგეგმილ ცვლილებებზე…

– თვითონ პროგრამების შეიცვალა არსებითად. გარდა ამისა, დაემატა ახალი საგანი „მოქალაქეობა“, რომელიც საკმაოდ აქტუალურ თემებს მოიცავს. სამოქალაქო განათლება საბაზო საფეხურზე ამ დრომდე მხოლოდ მეცხრე კლასში ისწავლებოდა, ახლა დაიწყება მეშვიდე კლასიდან, როგორც დამოუკიდებელი საგანი და გაგრძელდება მერვე-მეცხრე კლასებში. საგან “მოქალაქეობაში” გვაქვს 5 მსხვილი თემა: თემი, რომელშიც ვცხოვრობთ, სასკოლო გარემო, ანუ სასკოლო საზოგადოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბუნებრივი მემკვიდრეობის და კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ეკონომიკური ურთიერთობები თემში.

მთელი წლის განმავლობაში ამ ხუთი თემის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ, გააცნობიერონ თავიანთი და სხვა ადამიანების უფლებები და მოვალეობები; ისწავლიან, როგორ დასახონ მოკლე და გრძელვადიანი მიზნები; როგორ დაგეგმავენ, გამოიმუშავებენ ასაკის შესაბამის ფინანსურ უნარ-ჩვევებს, გაიაზრებენ მდგრადი განვითარების პრინციპებს, მოხალისეობრივი კულტურის მნიშვნელობას, ისწავლიან, როგორ ამოიცნონ მათ თემში არსებული პრობლემები და რა გააკეთონ მათ გამოსასწორებლად და ა.შ.

შეთავაზებული გვაქვს ისეთი საკითხები, როგორიცაა ბულინგი, თანასწორობა სკოლაში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ჯანსაღი კვება, გარდატეხის ასაკი, ადრეული ქორწინება, ასევე ფინანსური წიგნიერების მიმართულება. დღეს რა გამოწვევის წინაშეც დგას სკოლა და საზოგადოება, შევეცადეთ, საგან “მოქალაქეობაში” ჩაგვედო.

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები მეშვიდე კლასში ისწავლებოდა კომბინირებული სახით. ასე აღარ იქნება, მეშვიდე კლასში შემოვა ფიზიკა და ბიოლოგია, ხოლო მერვე კლასიდან ქიმია დაემატება.

ვემზადებით სასკოლო სახელმძღვანელოების ახალი კონკურსისთვის. ამჟამად წინა გრიფირების პროცესის ანალიზი მიმდინარეობს. გამომცემლობებისგან შემოდის კომენტარები, მოსაზრებები, რისი გამოსწორება სურთ, გარკვეული ინიციატივები აქვთ და მალევე, სექტემბერში, გამოვაცხადებთ მერვე კლასის გრიფირების კონკურსს.

– რაც შეეხება ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებებს, რას მოიცავს ის?

– გვაქვს ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებები. კერძო სკოლებისთვის თავისუფლების მიცემაზე კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთეთ. ეს შეეხება მოსწავლეთა გამოცდების დანიშვნას, შეფასების სისტემას, თუმცა საჯარო სკოლებსაც ვაძლევთ უფრო მეტ თავისუფლებას, მაგალითად, იგივე სასკოლო საათობრივი ბადის შედგენისას. თუკი აქამდე გვქონდა მკაცრად განსაზღვრული საათობრივი ბადე, რომელ საგანს რამდენი საათი ეთმობოდა კვირაში და მხოლოდ 25%-ის ფარგლებში შეეძლო სკოლას ლავირება, ახლა ვთავაზობთ სამი ტიპის საათობრივ ბადეს. ერთი იქნება აქამდე არსებული მკაცრად განსაზღვრული კვირეული საათობრივი დატვირთვით, მეორეში მხოლოდ ჯამური საათობრივი დატვირთვა იქნება მოთხოვნილი და სკოლას თვითონ შეეძლება, სემესტრების მიხედვით, საკუთარი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს საათები კონკრეტულ საგანზე/საგნებზე და მესამე ვარიანტი, როდესაც სკოლა თავად ადგენს ისეთ საათობრივ ბადეს, როგორიც მას სურს.

მეორე და მესამე შემთხვევაში სკოლამ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია, თუ როგორ გადის ის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე. ცხადია, მათ შეუძლიათ ეს ყველა საგანზე გააკეთონ, ან მარტო ერთ საგანზე და მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში.
ვფიქრობ, მესამე ვარიანტს უფრო კერძო სკოლები აირჩევენ, მაგრამ გვინდა, რომ საჯარო სკოლებიც შემოქმედებითად მიუდგნენ ამ პროცესს.

– სკოლის გამოცდებზე რას იტყვით? რომელი სკოლა რომელ კლასებში ჩაატარებს გამოცდებს და საგანს ვინ აირჩევს? რომელი საგნები ჩაბარდება?

– სკოლაში გამოცდების დანიშვნას წყვეტს თავად სკოლა. ასევე სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, რომელ კლასებში და რომელ საგნებში დანიშნოს გამოცდა. წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს საბაზო და საშუალო საფეხურებზე. საჯარო სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. აღნიშნული არ ეხება იმ საგანს/საგნებს, რომლებშიც სკოლებს გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვთ მიღებული. სკოლამ სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოცდის დანიშვნის თაობაზე, რომ მოსწავლეებისთვის ეს წინასწარ იყოს ცნობილი, ასევე წინასწარ უნდა განსაზღვროს, ექნება თუ არა გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე. რაც მთავარია, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაა, რომ სკოლამ წლიურ გამოცდაზე მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს შემაჯამებელი დავალების მსგავსი კომპლექსური დავალებები. დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე არჩევითპასუხებიანი ტესტების შეთავაზება.

– რას ითვალისწინებს „ახალი სკოლის მოდელი“?

– მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს „ახალი სკოლის მოდელის“ მხრივ. რეალურად ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და ესგ-თი განსაზღვრული უნარ-ჩვევებზე მუშაობის გადატანა კლასში, თითოეული საგნის ფარგლებში. პროექტში არის ოთხი მიმართულება. მხარდამჭერ ჯგუფებს ვაგზავნით სკოლაში, რომელიც 4 პირისგან შედგება (კურიკულუმის ექსპერტი, ტექნოლოგიების ექსპერტი, ლიდერობის სპეციალისტი და ასისტენტი). თითო ჯგუფი თითო სკოლაში ქოუჩინგის პრინციპით მთელი სემესტრის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს სკოლასთან. 65 სკოლაში დავიწყეთ გაზაფხულზე და ასი სკოლა ემატება სექტემბრიდან. 2020 წელს დამატებით 400-500 სკოლა ჩაერთვება და საბოლოოდ, ყველა სკოლას დავფარავთ.

საგაკვეთილო საათები სრულ დატვირთამდე, პირველ რიგში, უფროს და წამყვან მასწავლებლებს უნდა გადაუნაწილდეთ – ვალდებულება სკოლებს

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური