GE

საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის, პროგრამებს კი აკრედიტაციის ვადის ამოწურვისთანავე ფუნქციონირება არ შეუწყდებათ – ცვლილება

​საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო წარმოების პერიოდში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუწყდებათ საგანმანათლებლო ფუნქციონირება, ვიდრე შესაბამისი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ინფორმაცია ამ ცვლილების თაობაზე, რომელიც „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს 17 სექტემბერს გააცნო.

ცვლილების განხორციელების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო წარმოების პერიოდში, ვიდრე შესაბამისი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საგანმანათლებლო ფუნქციონირება არ შეუწყდებათ.

როგორც მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ,  ცვლილებები იმ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად, რაც დაკავშირებულია ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესებში არსებული ვადების დაუცველობის შედეგად წარმოშობილ სირთულეებთან.

კონკრეტულად კი, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაციის ან აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამისმა ორგანომ განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 180 დღის ვადაში, თუმცა პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ამ ვადის დაცვა სხვადასხვა ობიექტური მიზეზით ვერ ხერხდება, რა დროსაც შესაძლებელია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა ამოიწუროს, რაც რთულ მდგომარეობაში აყენებს დაწესებულებას და საფრთხე უქმნის მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერესებს.

„ამგვარი შეფერხებები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მაგალითად, პროცესის გაჭიანურების განმაპირობებელი გარემოება შეიძლება იყოს საერთაშორისო
ექსპერტების მოძიებისა და მათი წარმოების პროცესში ჩართულობის სირთულეები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, გარდა რიგი გამონაკლისებისა, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ექსპერტები, რომელთა პროცესში მონაწილეობაც გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.

„მაგალითად, რიგ შემთხვევებში, სირთულეს წარმოადგენს საერთაშორისო ექსპერტის მოძიება, განსაკუთრებით სპეციფიკური დარგობრივი მიმართულებით. ასევე, შესაძლოა საერთაშორისო ექსპერტმა უარი თქვას უკვე დაგეგმილ ვიზიტში მონაწილეობაზე, რა შემთხვევაშიც, განსხვავებით ადგილობრივი ექსპერტებისგან, საერთაშორისო ექსპერტის ჩანაცვლება დიდ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს.

„შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევებში შესაძლებელია, შეფერხდეს დაწესებულების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე შესაბამისი საბჭოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების მიღება, რაც მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს თავად საგანმანათლებლო ინსტიტუციას, იქ დასაქმებულ პირებს, მოსწავლეებს, პროფესიულ სტუდენტებსა და სტუდენტებს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ უწყვეტი ფუნქციონირება მაშინ, როდესაც მათი ავტორიზაციის ან აკრედიტაციის ვადა იწურება, ხოლო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება ავტორიზაციის/აკრედიტაციის თაობაზე ჯერ არ არის მიღებული. კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო წარმოების პერიოდში, სანამ შესაბამისი საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუწყდეთ ფუნქციონირება.

როგორ განხორციელდება ცვლილება პრაქტიკაში:

პროექტში აღნიშნულია, რომ აკრედიტაციის ან ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით წარადგინეს ცენტრში და გამოცემულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფების შექმნის/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, მიეცემათ ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა მანამ, სანამ საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პროექტის მიხედვით, ავტორიზაციის სტატუსის მაძიებელი დაწესებულების ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად/აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებით. კანონპროექტში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზებულად, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ჩაითვლება ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის ვადით.

„ვადის განსაზღვრა მიზანშეწონილია, რათა, ერთი მხრივ, არ მოხდეს ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გაგრძელება არაგონივრულად ხანგრძლივი ვადით, მეორე მხრივ კი, შესაძლებელი იყოს ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის საწყის ეტაპზევე განსაზღვრა, რასთანაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობა. თავის მხრივ, ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებით განისაზღვრება ცენტრის ვალდებულება, ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლამდე განსაზღვრული დროით ადრე შეატყობინოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზებულად/აკრედიტებულად ჩათვლისა და შესაბამისი ვადის განსაზღვრის თაობაზე“, – წერია მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

ასევე იხილეთ:

მხოლოდ საქართველოში! – 100%-იანი გრანტი აიღე, მაგრამ უნივერსიტეტმა შენი პროგრამა სწავლის დაწყებამდე „დააპაუზა“

edu.aris.ge; მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური