მხოლოდ საქართველოში! – 100%-იანი გრანტი მოიპოვე, მაგრამ უნივერსიტეტმა შენი პროგრამა სწავლის დაწყებამდე „დააპაუზა“
შეიძლება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ბევრზე კარგად მოემზადო, ერთ-ერთი რთული პროგრამა პირველ პრიორიტეტად აირჩიო, ფიზიკა და მათემატიკა მაღალ ქულებზე ჩააბარო, 100%-იანი გრანტი მოიპოვო და სასურველ პროგრამაზე მოხვდე, მაგრამ უნივერსიტეტში ხელშეკრულების გასაფორმებლად მისულს გითხრან, რომ პროგრამა „დაპაუზდა“, (აბა, გაუქმებას ხომ არ იტყვიან, მძიმედ ჟღერს) და სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შემოგთავაზონ, მოსაფიქრებლად კი საათები გაქვს.
რა გაქვს მოსაფიქრებელი? – ან ისწავლო სპეციალობა, რომელიც შენ არ აგირჩევია, ან ღია ცის ქვეშ დარჩე და სტუდენტობის ნაცვლად, სასამართლოში ეძიო სამართალი, თუმცა ისიც წინასწარ იცოდე, რომ სასამართლოში შენი სიმართლის დამტკიცებას, თუკი საერთოდ დაამტკიცებ, წინასწარ გაუთვლელი დრო დასჭირდება. არსებული კანონით კი, რომლის აღსრულებაც განათლების სამინისტროს ქვეუწყების – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვალდებულებაა და რომელიც ამბობს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტი უნდა დააკმაყოფილოს, ყველაფერი სწორია, დანაშაული არავის ჩაუდენია – არც უნივერსიტეტს, არც მის მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოს.
ასეთი რამ, ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, ეს ქართული რეალობაა.
სწორედ ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხული 17 სტუდენტი, რომლებიც ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის პროგრამაზე ჩაირიცხნენ. (პროგრამის კოდი 1220115, პროგრამაზე გამოცხადებული იყო 35 ადგილი და 49%-იანი შევსება დაფიქსირდა).
წესით, საქართველოში განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 27 – 1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება!
არღვევს თუ არა სტუდენტის უფლებებს ზემოაღნიშნული მაგალითი, რომელიც არამხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტს, არამედ ალბათ, აქამდე არაერთ სხვა უნივერსიტეტსა და სტუდენტს შეხებია?
აი რას ამბობს EDU.ARIS.GE-ს კითხვების პასუხად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო:
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, რომ გააუქმოს აკრედიტირებული პროგრამა თავისივე გადაწყვეტილებით, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებულება აქვს, სტანდარტებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს სტუდენტების შემდგომი განათლების მიღების უფლება.
„ეს შეიძლება რამდენიმე გზით მოხდეს, ერთი – რომ შიდა მობილობა შესთავაზოს სტუდენტებს და შიდა პროგრამებზე გადაიყვანოს, ან ისეთ პერიოდში გააუქმოს, რომ [სტუდენტებს] გარე მობილობით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. გარე მობილობით შესაძლებლობით სარგებლობისთვის, ბუნებრივია, სემესტრი უნდა იყოს დამთავრებული, მიმდინარე, შუა სემესტრში ან სემესტრის დასაწყისში [უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროგრამას] ვერ გააუქმებს.
„მობილობა წელიწადში ორჯერ ცხადდება- გაზაფხულზე და შემოდგომაზე, შესაბამისად, ამ ვადების გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის გაუქმების თაობაზე, თუ პროგრამა გააუქმა ის ვეღარ აღდგება, თუ არ გაივლის ახალ აკრედიტაციას“, – ასეთია განათლების სამინისტროს განმარტება.
ამ შემთხვევაში კი კავკასიის უნივერსიტეტმა საინტერესო გამოსავალი იპოვა, თქვა, რომ პროგრამა კი არ გააუქმა – „დააპაუზა“ და პარალელურად მოიპოვა 17 სტუდენტის განცხადება, რომლებსაც თავად სურთ სხვა ფაკულტეტზე სწავლა.
რიტორიკული კითხვა გვაქვს, თავად პროგრამის აკრედიტაცია არ „პაუზდება“ მისი განახლების შემთხვევაში ხელახალი აკრედიტაციის ვალდებულებით?
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ დეფინიცია – „საგანმანათლებლო პროგრამის დაპაუზება“ EDU.ARIS.GE-მ ვერ მოიძია, მზად ვართ მივიღოთ დახმარება, თუკი ასეთი ჩანაწერი უმაღლესი განათლების, ან ნებისმიერ სხვა კანონში არსებობს. 🙂 თუმცა, რაც არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პროგრამის „დაპაუზებაზე“ კავკასიის უნივერსიტეტთან პრეტენზია არ გააჩნია.
როგორ გადაწყდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების პრობლემა?:
17-ვე სტუდენტი სტატუსის დაკარგვის შიშისა და რისკის, ასევე უნივერსიტეტის მხრიდან „კარგად შერჩეული“ სიტყვების საფუძველზე დათანხმდა დაეწერა განცხადება – გთხოვთ გადამიყვანოთ არა ჩემს მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ესეც ასე, ყველაფერი გამართულია – საუნივერსიტეტო ბიზნესიც და არც ღიად გაცხადებული პროტესტი აქვს ვინმეს. ასე აღმოჩნდა 17 სტუდენტი ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის პროგრამის ნაცვლად, ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს სხვა სპეციალობა აქვს.
დიახ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სწორად შენიშნავს, რომ: „ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი და ერთ-ერთი მიმართულება, სადაც დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და ჩავარდნები, არსებითი ფორმით და მოცულობით, ეს იყო განათლების სისტემა“.
ამიტომაც ველით ყოველდღიურად ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფციის პრეზენტაციას, იქნებ ამის შემდეგ მაინც არ მოგვიწიოს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ზღვარზე მყოფ მაგალითებზე სტატიების წერა.
ასევე იხილეთ:
„ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი – ვქმნით სამთავრობო კომისიას“
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება