GE

„საკუთარ თავსაც უნდა გადავუსწრო“ – ლელა ქელბაქიანი „ქუთაისის უნივერსიტეტს“ მასშტაბური გეგმებით უბრუნდება

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის უნივერსიტეტსლელა ქელბაქიანი ახალი იდეებითა და მასშტაბური გეგმებით, კვლავ რექტორის პოზიციაზე უბრუნდება. უნივერსიტეტს ახლახანს შეეცვალა მფლობელიც, წარმატებით გაიარა ხელახალი ავტორიზაცია და მზად არის სტუდენტების ახალი ნაკადი მიიღოს. როგორც ირკვევა, 2019-2020 სასწავლო წელს სტუდენტებს საინტერესო სიახლეები, ახალი ფაკულტეტი, მაღალი სტიპენდიის მიღების შანსი და სწავლის დაფინანსების მათზე მორგებული მოდელი ელით.

ქუთაისის უნივერსიტეტში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ლელა ქელბაქიანი EDU.ARIS.GE -სთან საუბრობს.

–ქუთაისის უნივერსიტეტს ახლახანს შეეცვალა მფლობელი. როგორ აისახება ეს ცვლილება უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაზე?

–ქუთაისის უნივერსიტეტს ჰყავს ახალი მფლობელი შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ სახით, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მზარდი საგანმანათლებლო ბიზნესია საქართველოში და მზადაა ჩადოს საჭირო თანხა უნივერსიტეტის სწრაფი განვითარებისთვის. ახალმა მფლობელმა გამომიცხადა ნდობა და ამირჩია რექტორად. შესაბამისად, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა, რადგან ყველა წარმატება და წარუმატებლობა უკვე ჩემი პასუხისმგებლობაა. იდეებიც ბევრი დაგროვდა, მუშაობის სურვილიც დიდია და ამჟამად ჩემი ამოცანაა გადავუსწრო საკუთარ თავს, ვაჯობო აქამდე მიღწეულ წარმატებებს.

–ქუთაისის უნივერსიტეტს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით, რა გეგმები გაქვთ?

–მთავარი სიახლე უკავშირდება სამედიცინო ფაკულტეტის გახსნას, რომელსაც მომავალი წლიდან ვაპირებთ. ვმუშაობთ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებთან იმისთვის, რომ  შეიქმნას სამედიცინო პროგრამა, რომელიც იქნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი. ამ პროგრამის განხორციელებას თავისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, ამიტომ, გაზაფხულზე, ჩვენს უნივერსიტეტში დაიწყება მასშტაბური რეკონსტრუქცია. გაკეთდება ლაბორატორიები, მოეწყობა ტერასები და ღია სივრცეები სტუდენტებისთვის. ინტერიერი და ექსტერიერი იქნება აბსოლუტურად  უახლეს სტანდარტებზე ორიენტირებული. ასევე, ვგეგმავთ, რომ ინგლისურ პროგრამებზე მივიღოთ უცხოელი სტუდენტები, რაც ქუთაისისთვის კიდევ ერთი შანსია, რომ განვავითაროთ მისი ეკონომიკა, რამეთუ ეს ადამიანები აქ იცხოვრებენ, ისწავლიან და გარკვეულ ფინანსურ მოგებასაც მოუტანენ ქალაქს.

–თქვენი უნივერსიტეტისთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა იყო ავტორიზაცია. რა მიღწევები გაქვთ ამ მხრივ?

–დიახ, ავტორიზაცია იყო 2018 წლის ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და შესაბამისად, ყველაზე ცხელი პერიოდი. მე ამ დროს ჯერ არ ვიყავი დაბრუნებული, მაგრამ ირიბად უკვე ვიყავი ჩართული ამ პროცესში. ძალიან რთული ეტაპები გავიარეთ, რადგან მოკლე დროში მოგვიწია ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც აქამდე არ იყო. თუმცა უნივერსიტეტის მთელმა გუნდმა ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ  სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია და ავტორიზაცია მიგვეღო.

–რა შეღავათებს სთავაზობს ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს და რა ნაბიჯები იდგმება მათთვის მოტივაციის ასამაღლებლად?

–შეღავათები გვაქვს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირველ  სამ სტუდენტს, რომელთაც ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა ექნებათ, გავათავისუფლებთ სწავლის გადასახადისგან. ასევე, გვაქვს ფასდაკლებები ერთი ოჯახის წევრებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილე პირებზე, ჩვენს კურსდამთავრებულებზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება წახალისებას, 2019 წელს ერთ–ერთი მთავარი სიახლე იქნება ის, რომ 100%–იანი გრანტით ჩარიცხულ სტუდენტს მთელი წლის განმავლობაში დავუნიშნავთ 200-ლარიან სტიპენდიას. სტიპენდიებია გათვალისწინებული ასევე, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისა და აქტიური სტუდენტებისთვის.

–გაქვთ თუ არა გაცვლითი პროგრამები და ეხმარებით თუ არა სტუდენტებს დასაქმებაში?

–გვაქვს ერთთვიანი მოკლევადიანი და ექვსთვიანი მობილობის პროგრამები, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს ევროპაში, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში, უცხოელ პროფესორებთან გაიარონ კურსები და შეიძინონ გამოცდილება. გამოცდილების მიღებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას სტუდენტებს ჩვენს უნივერსიტეტშიც ვაძლევთ. წელს გადავწყვიტეთ საუკეთესო სტუდენტებს შევთავაზოთ მოკლევადიანი სტაჟირება მცირედი ანაზღაურებით, რაც ერთის მხრივ გამოცდილებას შესძენს მათ, ხოლო, მეორეს მხრივ, მათ ექნებათ ცნობა სამუშაო ადგილიდან.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი მონაცემები დასაქმების კუთხითაც. ეს არის 75%, რაც ქუთაისის რეალობაში ძალიან კარგი მაჩვენებელია.

–რა არის თქვენი უახლოესი, მოკლევადიანი გეგმა?

–ჩვენი უახლოესი მოკლევადიანი გეგმა ეხება ახალ წელს. ქუთაისის უნივერსიტეტი ახალი წლის დღეებში გეგმავს მოაწყოს ღია სივრცე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც იქნება ძალიან ლამაზი განათებები და საახალწლო აქსესუარები. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ისეირნონ, გამოიყვანონ ბავშვები, გადაიღონ ფოტოები და გაერთონ. გპირდებით, რომ ეს იქნება ქალაქში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი“, – ამბობს ლელა ქელბაქიანი EDU.ARIS.GE-სთან  საუბარში.

ქუთაისის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური