GE

საკვები პროდუქტები, რომელთა მიღებაც სკოლაში ყოფნისას მოსწავლეს კონცენტრირებაში დაეხმარება

Mummy cooks კულინარიული სკოლის ბლოგის პლატფორმა გვთავაზობს პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღება ბავშვებს სკოლაში ყოფნის დროს ყურადღების მოკრეფასა და კონცენტრირებაში დაეხმარება.

სიბჰან ბერი – ბლოგის დამაარსებელი და მზარეული მარტივ გამოსავალს სთავაზობს იმ დედებს, რომელთა შვილებიც ენერგიის ნაკლებობას უჩივიან ან რომელთა აკადემიური მოსწრებაც, სხვებთან შედარებით, მოიკოჭლებს.

„საკვები საწვავია, რომელსაც ჩვენი სხეული ფუნქციონირებისთვის, ფიქრისთვის, თამაშისთვის და მუშაობისთვის იყენებს. ბავშვები, რომლებიც კარგად იკვებებიან, უკეთ სწავლობენ; ისინი კარგად კონცენტრირდებიან სახლშიც და სკოლაშიც. ჩვენმა პლატფორმამ თავი მოუყარა იმ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს შვილებს დაეხმარება, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი რესურსები“, – წერს სპეციალისტი.

მაშ ასე, ეს პროდუქტებია:

კვერცხი

კვერცხი პროტეინის კარგი წყაროა, მას ბავშვების დიდი დროით დანაყრება შეუძლია. როგორც მკვლევრები ამბობენ, კვერცხი ბავშვმა მთლიანად უნდა შეჭამოს, საკმარისი არაა მხოლოდ ცილის, ან მხოლოდ გულის ჭამა. თუ მოსწავლეს სკოლაში გაატანთ ომლეტის ჩხირებს, უბრალოდ მოხარშულ კვერცხს, ან სენდვიჩს კვერცხით, იგი კარგად დანაყრდება რთული დღის მანძილზე.

კენკროვანი კულტურები

კენკროვანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ მის უდიდეს სარგებელს. კენკროვანი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ბლოგი ამ პროდუქტს განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევს, რადგან კენკროვანი ორგანიზმში ნელი მოქმედების ნახშირწყლებს გამოიმუშავებს. შედეგად, ბავშვი მთელი დღის მანძილზე დანაყრებული და ენერგიით სავსე იქნება გაკვეთილების დამთავრებამდე. დედების ნაწილი ე.წ. “სმუზის” აკეთებს და სკოლაში წასვლამდე ასმევს ბავშვს, ზოგიც იოგურტთან ერთად სკოლაში ატანს. ორივე ვარიანტი იდეალურია ბავშვის დასანაყრებლად.

პარკოსნები

პარკოსნები მდიდარია ჯანსაღი ნახშირწყლებითა და პროტეინით; ადამიანს ბევრ ენერგიას აძლევს. მათი შემადგენლობა ბავშვის ორგანიზმში არეგულირებს შაქრის დონეს და აუმჯობესებს მის კონცენტრაციას მთელი დღის მანძილზე. თუ ბავშვს არ უყვარს პარკოსნები, ბლოგი გვთავაზობს მარტივ და გემრიელ რეცეპტს, რომლის მეშვეობით ბავშვი თავისი ნებით მირთმევს ამ სასარგებლო საკვებს. ლობიო, ბარდა ან სხვა რომელიმე მსგავსი პროდუქტი იკმაზება სასურველი სანელებლებით და ზეთში იწვის. მიღებულ ხრაშუნა ბურთულებს ბავშვები სიამოვნებით ჭამენ. ამ საკვებით წახემსება ბავშვს სკოლაში დიდი ხნით დაანაყრებს.

შვრია

შვრია მდიდარია B და E ვიტამინებით, კალიუმითა და თუთიით; აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. შვრიის ნამცხვრები სწრაფი საუზმისთვის იდეალურია. ასევე, შეიძლება ე.წ. “ლანჩ-ბოქსში” შვრიის ორცხობილების ჩადება, სკოლაში ამით წახემსებაც კარგი ვარიანტია.

ბავშვის რაციონში ამ საკვების შეტანით იგი მეტად კონცენტრირებული გახდება, გაკვეთილებზე მეტად ყურადღებიანი. აღსანიშნავია, რომ ყველა პროდუქტი, რომელსაც Mummy cooks გვთავაზობს, ნატურალური და სასარგებლოა. ავტორი მშობლებს აფრთხილებს, რომ ბავშვებს ნაკლებად აჭამონ ტკბილეული. ან ჩაანაცვლონ მაღაზიის საკვები სახლში მომზადებული ტკბილეულით, მაგალითად, ბანანის ან კენკრის ნამცხვრებით. ტკბილი ბავშვის წახემსებას მეტად სასიამოვნოს გახდის.

ბოლოს კი, სიბჰან ბერი – ბლოგის დამაარსებელი და მზარეული, სთავაზობს მშობლებს, პერიოდულად ცვალონ საკვები, რომ ბავშვს სკოლაში წახემსება არ მობეზრდეს. მისი რჩევაა საკვები სეზონის მიხედვით შეიცვალოს. ამგვარად, სკოლაში წახემსება ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი არ იქნება.

მოსწავლის პრობლემური ქცევის მართვის ეფექტური და მარტივი ფორმულა

მოამზადა მარიამ დათაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური