GE

მოსწავლის პრობლემური ქცევის მართვის ეფექტური და მარტივი ფორმულა

ხართ პედაგოგი/სპეც.პედაგოგი? ან ფსიქოლოგი? ახლახანს დაიწყეთ მუშაობა სკოლაში და რაღა თქმა უნდა წააწყდით ქცევის მართვის პრობლემას? გაქვთ თეორიული, თუმცა არა პრაქტიკული ცოდნა. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში ?

წინაპირობა  –––   ქცევა  –––  შედეგი

ქვემოთ ვნახავთ რომ ეს ფორმულა შეიძლება მივუსადაგოთ პრაქტიკულად ყველა ტიპის ქცევის სირთულეს. აქცენტს გავაკეთებ ფსიქოლოგებსა და სპეც.პედაგოგებზე, რადგან ასეთი მუშაობა მოითხოვს დროს, მოტივაციასა და კონკრეტულ შემთხვევაზე ორიენტირებას. თუმცაღა, შედეგი ნამდვილად ეფექტური აქვს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქცევის მართვის თანმიმდევრულ ნაბიჯებს:

1. ინტერვიუ

აუცილებლად, აუცილებლად უნდა გავესაუბროთ ბავშვის მშობლებს, მასწავლებელსა და საუკეთესო შემთხვევაში – მოსწავლის თანაკლასელებსაც. ინტერვიუს პროცესში არ გვავიწყდება შემდეგი ოქროს კითხვების დასმა:

რა დროს ვლინდება ქცევა? რა ინტენსივობით? რა უსწრებს წინ ამ ქცევას? როგორია ქცევის შედეგი ბავშვისთვის? რა რეაქცია აქვთ მათ ბავშვის ამ ქცევაზე?

2. მოსწავლის ქცევაზე დაკვირვება

მას შემდეგ რაც შევკრიბეთ ზოგადი ინფორმაცია პრობლემური ქცევის შესახებ, დაახლოებით წარმოდგენა გვიჩნდება რასთან გვაქვს საქმე. გადავდივართ მოქმედების უფრო აქტიურ ფაზაზე – ვაკვირდებით ბავშვის ქცევას  ა)გაკვეთილზე   ბ) შესვენებაზე    გ) სპორტის გაკვეთილის დროს. მნიშვნელოვანია ბავშვის ქცევის შედარება ფორმალურ და ნაკლებად ფორმალურ გარემოში. ხშირია შემთხვევები, მოსწავლე იქ იქცევა ცუდად, სადაც ნაკლები წესია და თავს უფრო თავისუფლად გრძნობს.

რას იღებს ბავშვი ამ ქცევით? მიზნის გარკვევა –  აი რა მოტივით ვაკვირდებით ბავშვის ქცევას.

დაკვირვებისას ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ ფაქტორებზე:

რა უსწრებს წინ ბავშვის პრობლემურ ქცევას?  რა შემთხვევებშია უფრო მეტი ინტენსივობით გამოხატული პრობლემური ქცევა?  რა რეაქცია ჰქონდათ მის ამ ქცევაზე მასწავლებლებს, თანაკლასელებს ?

3.ჩარევა

სანამ გადავალთ აქტიური ჩარევის ეტაპზე, მაინც გირჩევთ გაესაუბროთ ასევე მოსწავლეს და მასაც ჰკითხოთ რატომ ანხორციელებს ამ ქცევას? რა მიზნით? რა მოსწონს ქცევის შედეგში და მოსწავლის შეხედულება ამ საკითხზე, ძალიან მნიშნველოვანია.

ჩვენ მიერ ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოს წყალობით, დაახლოებით ვიცით პრობლემური ქცევის  მიზანი. ვიცნობთ ქცევას, ვიცით რა სახით და რა ინტენსივობით ვლინდება სასწავლო გარემოში. ვიცნობთ შედეგებს – რა რეაქცია მოჰყვა სხვების მხრიდან, განხორციელებულ ქცევას.

სწორედ ამ ეტაპზე გვჭირდება ჩვენი ფორმულის თანმიმდევრული მიყოლა. შეგახსენებთ ფორმულას:

წინაპირობა ––––    ქცევა  ––––    შედეგი

ამ ფორმულის ლოგიკა შემდეგია: ბავშვს აქვს რაღაც კონკრეტული მიზანი, ანხორციელებს პრობლემურ ქცევას და შედეგად იკმაყოფილებს ამ მიზანს.

რეალური მაგალითი : ლაშა ახლახანს გადმოვიდა ახალ სკოლაში. სურს მიიქციოს ყურადღება, მოიპოვოს სტატუსი და ავტორიტეტი თანაკლასელების თვალში. ამ მიზნით იგი მიმართავს ფიზიკურ აგრესიას. თანაკლასელები უთმობენ ნივთებს, თავს არიდებენ მასთან კონფლიქტს, თუმცა არც ემეგობრებიან რადგან ეშინიათ მისი. შედეგად – გარკვეული ავტოტირეტი, აღიარება მოპოვებულია. მიზანიც მიღწეულია.

წარმატების მისაღწევად, გირჩევთ გაითვალისწინოთ ბავშვის  ქცევის მიზანი  და ჩაანაცვლოთ მისი პრობლემური ქცევა ისეთი სოციალურად მისაღები ქცევით, რომელიც ასევე დააკმაყოფილებს ბავშვის მიზან/მოთხოვნილებას.

ლაშა კარგად ხატავს და თავად ძლიერ ამაყობს ამით. თუმცა თანაკლასელების წინაშე ამით თავის მოწონების საშუალება არ ჰქონია.

ლაშას ვთავაზობთ შემდეგ ალტერნატიულ ქცევას: შექმენი ნახატები და ყოველი თვის ბოლოს შენი ნახატები გამოიფინება სკოლის ფოიეში, სხვა ბავშვების ნახატებთან ერთად. ხოლო 3 თვის შემდეგ კი, მონაწილეობას მიიღებს მაკდონალდსში გამართულ სამხატვრო კონკურსში, სადაც ბევრი ჯილდოა დაწესებული.

შეთავაზებისას, ხაზს ვუსვამთ მისი ამჟამინდელი ქცევის არამომგებიანობას. თითქოს სტატუსი მოიპოვა, მაგრამ მისი უფრო ეშინიათ. არ ემეგობრებიან. არადა მას რეალურად აქვს კომუნიკაციის მოთხოვნილება. ლაშა იღებს ამ შეთავაზებას და შედეგად, არავინ უჩივის მისი ქცევის პრობლემას.

ჩვენი რთული ქცევის ფორმულა თუ იყო ასეთი:

სტატუსის დამკვიდრება  ––––   ფიზიკური აგრესია  ––––  აღიარება, ავტორიტეტი

ამჯერად ასე გამოიყურება :

სტატუსის დამკვიდრება /მეგობრების მოპოვება  ––––  ძლიერი მხარის წარმოჩენა ––––აღიარება, ავტორიტეტი

                                                          (ნახატების გამოფენა)

ნებისმიერ პრობლემურ ქცევას აქვს მინუსი, დისკომფორტი თავად ბავშვისთვის. ამ სისუსტის აღმოჩენის შემთხვევაში, როგორც ხედავთ ქცევის მიზანზეც კი შეიძლება ზეგავლენის მოხდენა.

იმედი მაქვს, მოცემული ინფორმაცია ნაყოფიერი იქნება თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ.

მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის გადაჭრის გზები მოსწავლეებში – სავარჯიშოები მშობლებსა და პედაგოგებს

ერთად ვსწავლობთ კითხვას – სახალისო სავარჯიშოები სკოლის მოსწავლეებისთვის

მოამზადა მარი არევაძემ

წყარო: courses.elearningmo

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური