GE

სამედიცინო სასწავლებლები და ხარისხის ცენტრი (საერთაშორისო) აღიარების მოლოდინში

„იმისათვის, რომ ჩვენმა  სამედიცინო პროგრამების განმახორციელებელმა სასწავლებლებმა მიიღონ საერთაშორისო აკრედიტაცია და მიიღონ ეს საქართველოში,  ჯერ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ საერთაშორისო სააკრედიტაციო პროცესის განხორციელების უფლება“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე. საქართველოს სამედიცინო სასწავლებლებს ალტერნატიულად სხვა ქვეყნების სააგენტოებისთვის მიმართვაც შეუძლიათ, მაგრამ ასეთი სააგენტო რეგიონში არ არის და ამ სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვას ინსტიტუციური ამბიცია და  მარკეტინგული პროგნოზი (რეგიონიდან დამატებითი შემოსავლების შესაძლებლობა) ააქტიურებს.

ევროატლანტიკურ ქვეყნებში 2023 წლიდან საექიმო ლიცენზიის მოსაპოვებელ გამოცდაზე მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასწავლებლების კურსდამთავრებულები დაიშვებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პროფესიული სამედიცინო გაერთიანებების ამ შეთანხმებამ გამოკვეთა ცალსახა საჭიროება, საქართველოშიც დაწყებულიყო შესაბამისი პროცესები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2016 წელს დაიწყო  მთლიანად ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გადახედვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. შეცვლილი ზოგადინსტიტუციური სტანდარტები და რეკომენდაციები უმეტესწილად პასუხობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს, რაც 2017 წელს საქართველოში ჯანმო-ს კონტრაქტორი ორგანიზაციის – სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაციის ექსპერტთა საკონსულტაციო ვიზიტმაც დაადასტურა.

სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლებისთვის, ქვეყნაში მოქმედი რეგულაციებით, ეს წელიწადი ისედაც ავტორიზაცია-აკრედიტაციის პერიოდს უკავშირდება და სამედიცინო საგანმანათლებლო სფეროსთვის ეს პროცესები ორმაგი დატვირთვით მიმდინარეობს. ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ესაუბრება.

–რა ცვლილებები გახდა აუცილებელი საერთაშორისო კონსულტანტთა რეკომენდაციებით? 

–გავითვალისწინეთ რეკომენდაციები შეფასების პროცედურის, შეფასების დროს ექსპერტთა შემადგენლობის, ექსპერტთა ჯგუფის ინტერნაციონალიზაციის, გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეფორმირების შესახებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების გადახედვა. დარგობრივმა საბჭომ, ფართო წარმომადგენლობით, იმუშავა ცვლილებებზე. შედეგად, დარგობრივ მახასიათებლებს 13 ახალი კომპეტენცია დაემატა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე  და ამ უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობ საკითხებზე, როგორც სასწავლო, ასევე პრაქტიკის ნაწილში. მახასიათებლები აღწერს როგორი უნდა იყოს პრაქტიკა, როგორი უნდა იყოს პრაქტიკის მასპინძელი სამედიცინო ობიექტები, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი ისინი. ახალი კომპეტენციები პასუხობს ისეთ საჭიროებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად და პოზიტიურად შეცვლის ჩვენს სამედიცინო მომსახურების გარემოს: მაგალითად, ეფექტური კომუნიკაცია სამედიცინო მიმართულებით, სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის კომპეტენციები… ამ  შედეგების მიღწევა პროგრამის შინაარსის საგრძნობ ცვლილებას ითხოვს. ახალი დარგობრივი მახასიათებლები დავამტკიცეთ, მაგრამ სასწავლებლებს მივეცით გონივრული პერიოდი – ერთი წელი – პროგრამების მოდიფიცირებისთვის. ბოლო ვადა  2019 წლის 1-ლი იანვარია.  ამავდროულად, ჩვენმა ცენტრმა გააკეთა განაცხადი საერთაშორისო სააკრედიტაციო პროცესის განხორციელების უფლების მოპოვებაზე.

–რა ხდება ამ ეტაპზე სამედიცინო სასწავლებლების და თქვენი მაძიებლობის მიმართულებით?  

–ახლა უკვე დაიწყო გეგმიური ავტორიზაციები. წლევანდელ სიაში გვყავს, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე სხვა რამდენიმე სამედიცინო პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებელი. შესაბამისად, როცა ჩვენ დავიწყებთ  სამედიცინო პროგრამების განმახორციელებლების შეფასებებს, ჩამოვა კომისია ჯანმო-დან და ჩვენს მუშაობას  უკვე აკრედიტაციის მინიჭების მიზნებისთვის დააკვირდება. ამიტომ ახლა ჩვენც და სასწავლებლებიც დიდი გამოწვევის წინაშე ვართ: ისეთი გარე შეფასება და თანამშრომლობა  უნდა ვაჩვენოთ, რომ დავაკმაყოფილოთ სტანდარტი. ეს არის მუდმივი განვითარების პროცესი  ჩვენი კუთხითაც,  ჩვენი აკრედიტაციაც არ იქნება მუდმივი და ჩვენი შემფასებლებიც უწყვეტად უნდა იმაღლებდნენ პროფესიულ უნარებს.

რა ცვლილებები გახდა საჭირო პროცედურულ ნაწილში?

–გასათვალისწინებელი იყო ცვლილებები ექსპერტთა შემადგენლობის ნაწილში. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შემოვიფარგლებოდით მხოლოდ ინსტიტუციური შეფასების განმახორციელებლებით, მოთხვნა იყო ინსტიტუციურ შეფასებას პლუს დარგობრივი კომპეტენცია. ამიტომ ყველა შემფასებელი, ეს იქნება სტუდენტის, დამსაქმებლის, აკადემიური პერსონალის თუ ადმინისტრაციული პერსონალის კვოტით, აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული მედიცინასთან. შესაბამისად, შედგება შემფასებელთა  ჯგუფები საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, რომელიც ჯგუფის თავმჯდომარე იქნება. განსხვავებულია მიდგომა იმ ინსტიტუციებთან, რომლებიც არიან მხოლოდ სამედიცინო პროგრამების განმახორციელებლები და იმ ინსტიტუციებთან, რომლებშიც შერეულად ხორციელდება სამედიცინო პროგრამები. მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტი და თსუ. სამედიცინო უნივერსიტეტში იქნება 2 საერთაშორისო ექსპერტი, ერთი იქნება თავმჯდომარე და მეორე – თანათავმჯდომარე. ორივე მედიცინის დარგის სპეციალისტი, ერთი იქნება მხოლოდ ინსტიტუციური სტანდარტებით შემფასებელი და მეორე – პროგრამების, ანუ მედიცინის სპეციფიკის მიმართულებით შემფასებელი. თსუ-ში მედიცინა ფაკულტეტის დონეზე გვაქვს წარმოდგენილი. შეფასებისას, სამედიცინო მიმართულებით იმუშავებს ქვეჯგუფი. ერთი საერთაშორისო ექსპერტი ინსტიტუციურ სტანდარტებზე იმუშავებს, როგორც ჯგუფის თავმჯდომარე, ხოლო მისი თანათავმჯდომარე იქნება ექიმის კვალიფიკაციით და ის იმუშავებს უშუალოდ სამედიცინო ფაკულტეტის მიმართულებით. ამ პრინციპით მივიღეთ 9-კაციანი ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს თსუ-ის სამედიცინო მიმართულებას.

–რაც შეეხება ცვლილებებს აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოებთან დაკავშირებით?

–ცვლილებების შედეგად, საბჭოებში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა. 17-კაციან  ავტორიზაციის ჯგუფში ისედაც გვყავს 2 წარმომადგენელი სამედიცინო სფეროდან. ახლა მათ სფეროს კიდევ 15  წარმომადგენელი დაემატება, თითქმის, ერთი იმდენი. ამ შემადგენლობაში თანაბრად გადანაწილდება კვოტები აკადემიურ სამედიცინო პერსონალს, კლინიცისტებს, მარეგულირებლებლებს და სტუდენტებს შორის.

–რა უფლებამოსილება აქვთ უცხოელ ექსპერტებს?

–ერთი მინდა აღვნიშნო, უცხოელი ექსპერტი მაინცდამაინც არ ნიშნავს საუკეთესოს, მაგრამ  ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ძალიან გამოცდილ, საერთაშორისო დონეზე გამორჩეულ ექსპერტებზე. ჩვენთვის მათ გამორჩეულ პროფესიონალიზმს ორი მიზანი აქვს: ერთი, რომ მათ მართლაც კვალიფიციური შეფასება გააკეთონ და მეორე, რომ ჩვენმა ექსპერტებმა მათთან თანამშრომლობით გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება. შეიძლება ამ პროცესს ჩვენი ექსპერტების „დუალური განათლებაც“ ვუწოდოთ.

უცხოელი ექსპერტების, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელების მოვალეობებია: პროცესის დაგეგმვა თავიდან ბოლომდე, სამუშაოს გადანაწილება ჯგუფში, საბოლოო ანგარიშების მომზადება და დოკუმენტაციის შესწავლა, ვიზიტი, ვიზიტის შემდგომ უკვე ძირითადი მიგნებების ფორმულირება, ანგარიშების პროექტების მომზადება და შემდეგ უკვე ანგარიშების მომზადება იმის მიხედვით, თუ დაწესებულება კონტრარგუმენტად რას წარმოადგენს, ყველაფერს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. თანათავმჯდომარე, რომელიც შერეული ტიპის ინსტიტუტებში იქნება, იგივეს გააკეთებს თავისი მასშტაბით, თუმცა, რადგან ინსტიტუციაზე ერთი საერთო ანგარიში იწერება, ის იმუშავებს თავმჯდომარესთან ერთად. ასევე ჯგუფის წევრებს ექნებათ თავიანთი მოვალეობები.

–ქართულ სამედიცინო სივრცეში, დამსაქმებელი, აკადემიური პერსონალი და კლინიცისტი ხშირად ერთი და იგივე ადამიანები არიან და ეს ნდობის თვალსაზრისით, პრობლემებს ქმნის…

–ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასარიდებელი მექანიზმები გაწერილია შესაბამის დოკუმენტებში. გეთანხმებით, კლინიცისტი და აკადემიური პერსონალი შეიძლება, იყოს ერთი და იგივე ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი ჯგუფში ორივე მიმართულებით ვერ იმუშავებს. ზოგადად, როცა თავმჯდომარე არის საერთაშორისო ექსპერტი, ის არის სრულიად ნეიტრალური ადამიანი და ჯგუფის შიგნით ასეთი რისკების აცილებას ის არეგულირებს. ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტის როლი, რომელიც მხოლოდ სრულყოფილ სერვისზეა ორიენტირებული. მაინც ჯგუფის დაკომპლექტების დროს, ჩვენ ვამოწმებთ, რომ რომელიმე წევრს არ ჰქონდეს კავშირი სავიზიტო დაწესებულებასთან. ჯგუფის წევრსაც აქვს ვალდებულება ამაზე განაცხადოს, ასევე, ექსპერტთა შემადგენლობა  წინასწარ ცნობილია და სასწავლებელს შეუძლია, აცილება მისცეს რომელიმეს.

–რას იტყვით ადგილობრივ ექსპერტებზე?

–ჩვენი ექსპერტები არიან დასაქმებული, თავიანთ სფეროში რეალიზებული და  შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები. ისინი კონკურსის წესით შევარჩიეთ. საპილოტე შეფასებები უკვე გვაძლევს გარკვეული დასკვნების გამოტანის საფუძველს. ასეთი სურათი პირველად გვაქვს, როცა ზუსტად ვიცით სად რა პრობლემაა და ეს პრობლემები როგორ არის რანჟირებული მიმართულებების მიხედვით. ყველა სუსტი მხარე აბსოლუტურად დაძლევადია.

–ავტორიზაცია-აკრედიტაციის შედეგებს ოპონირებაც მოჰყვება, რისი გეშინიათ ამ პროცესში?

–ავტორიზაციის ნაწილის ნაკლებ მეშინია, იმიტომ რომ გამოცდილი ხელმძღვანელები ჰყავთ. ჩვენც კადრები გადავამზადეთ ცენტრის ფარგლებში… თუ შეფასებები კარგად არ არის არგუმენტირებული, არ ჩავიბარებ ანგარიშს. ანგარიშში რაიმეს შეცვლის, გასწორების უფლება არ მაქვს, მაგრამ თუ ვნახე, რომ არ არის დამაჯერებელი, რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, არ ჩავიბარებ, არ მივცემ ანაზღაურებას. იმის გამო, რომ ეს პროცესი გაგრძელებულა, შიდა ვადებიც კი დამირღვევია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ღირს, რადგან ვადის გადაწევას მიღებულ გადაწყვეტილებაზე, დამდგარ შედეგზე გავლენა არ ექნება, მაგრამ იმას, რომ შინაარსი არ იყოს ვარგისი, აუცილებლად ექნება გავლენა გადაწყვეტილებაზე. ახლი წესების მიხედვით, ეს ანგარიშები არის საჯარო და არანაირად არ მაწყობს, რომ ვინმემ წაიკითხოს და თქვას, რომ ექსპერტმა არ იცის ანგარიშის წერა და ასე შემდეგ. ასეთი შიში, შიშსაც არ ვიტყვი, ფიქრები მაქვს. აკრედიტაციის ნაწილში ძალიან დიდი სამუშაოა შესასრულებელი, გამოცდილება – ნაკლები, ეს მაფიქრებს.

–რაც შეეხება ავტორიზაციის საფასურს?

–ავტორიზაციის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ინსტიტუტის მახასიათებლებისა, ავტორიზაცია ყველასთვის 20 ათასი ლარი ღირდა. გავაკეთეთ  კალკულაცია, რამაც მოგვცა განსხვავებული სურათი. ეს 20 ათასი რიგ შემთხვევებში შემცირდა, მაგრამ რიგ შემთხვაში, სამჯერ  გაიზარდა. სერვისი გაძვირდა, მაგრამ ხარისხი გაუმჯობესდა.

–როდის დადგება კონკრეტული შედეგები თქვენთვის და ავტორიზაციის მაძიებელთათვის?

–ჩვენი მიმართულებით, განრიგი უკვე გაკეთებულია. ივნისის თვეში ჩამოდის მისია, მათ ექნებათ დაკვირვების საშუალება სამედიცინო უნივერსიტეტის შეფასების პროცესზე, ასევე დაესწრებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესს, სადაც განიხილავენ პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ვიზიტის შედეგებს. ორ სხვადასხვა დაწესებულებას დააკვირდებიან, ერთს ვიზიტის დროს, ერთს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნოემბერში ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს პასუხი რას გადაწყვეტენ. თუ მოგვენიჭა ეს სტატუსი, რისი დიდი იმედიც მაქვს, იმ ინსტიტუტების, რომლებზეც დაკვირვება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება, დადებითი შეფასების შემთხვევაში, მათი ავტორიზაციის აღიარება საერთაშორისო დონეზე მოხდება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

აკრედიტაციის ექსპერტის ვალდებულებები და ვიზიტის პროცედურა

ესაუბრა ნინო კაპანაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური