GE

სამი მასწავლებლის პროექტი, რომელმაც მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვა შთააგონა

ავტორები: ირმა სტეფნიაშვილი, ეკატერინე ტყემალაძე, ირინა ფუტკარაძე

„ამ პროექტმა არა მარტო აუმაღლა ცნობიერება მოსწავლეებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არამედ განუვითარა სოციალური და შემოქმედებითი უნარები. პრაქტიკულად განივითარეს და გამოიმუშავეს გარემოზე ზრუნვის უნარები“, – ასეთია სამი მასწავლებლისა და ათეულობით მოსწავლის მიერ, საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტის შედეგი.

დაგვეთანხმებით, გარემოზე ზრუნვა ჩვენი და ჩვენი მომავლის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საწინდარია. აუცილებელია, რომ მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ჩავუნერგოთ გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა. „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლებში“- ტრენინგის გავლის შემდეგ, კოლეგების ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე, გადავწყვიტეთ, რამდენიმე კლასს ერთად განგვეხორციელებინა პროექტი ნარჩენების მართვაზე. ერთად განხორციელება გადავწყვიტეთ, რადგან თანამშრომლობით შესრულებული საქმე უფრო შედეგიანია და მიზნის მიღწევასაც უფრო ამარტივებს. ჩვენი დიდი სურვილი იყო, მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურიდან გაეთავისებინათ საკუთარი როლი გარემოზე ზრუნვის პროცესში და კონკრეტული მაგალითებით გვესწავლებინა ის, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ამ მიმართულებით ადრეული ასაკიდანვე.

პროექტზე ერთობლივად მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

პროექტი – „ჩვენ ვიწყებთ დღეიდან“

პროექტის აქტუალობა: გაეროს წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად აუცილებელია მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ინდიკატორი იყოს შესრულებული. მათი შესრულებით, შესაძლებელი იქნება მსოფლიოს წინაშე მდგომი თანამედროვე გამოწვევების დაძლევაც…

ყოველდღიურად დედამიწაზე უამრავი ნარჩენი წარმოიქმნება, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს მიწის და წყლის რესურსებს, რაც სობოლოოდ, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურად აისახება. დღეს მსოფლიო ნარჩენების შემცირების და გადამუშავებისკენაა მიმართული. ნარჩენების გადამუშავება იწვევს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას და ამცირებს დედამიწის დაბინძურების რისკს.

მიზანი: ჩვენი პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეთათვის აგვემაღლებინა ცნობიერება ნარჩენების უკონტროლოდ დაყრისგან გამოწვეულ საფრთხეზე. მნიშვნელოვანია, მათ გააცნობიერონ საკუთარი როლი ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენი ერთ-ერთი ჩანაფიქრი გახლდათ საკლასო ოთახში ქაღალდის გადამუშავება.

განხორციელებული აქტივობები:

აქტივობა 1: მოსწავლეებს ვაჩვენეთ ორი სურათი. ერთ სურათზე სუფთა გარემო იყო ასახული, მეორეზე კი- სხვადასხვა ნარჩენით სავსე, დანაგვიანებული გარემო. ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, თუ რატომ ხდება გარემოს დანაგვიანება და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი.

ვნახეთ ვიდეო თუ რა ანაგვიანებს გარემოს

აქტივობა 2: ვაჩვენეთ სურათები და ვკითხეთ, თუ უნახავთ ისეთი ურნები, სადაც მხოლოდ კონკრეტული მასალისგან დამზადებული საგნების მოთავსება შეიძლება?

აქტივობა 3: მოსწავლეებს ვაჩვენეთ საგნები და ვთხოვეთ აღმოეჩინათ რეციკლირების ნიშანი. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და სხვადასხვა წარმოშობის ბოთლის (რძის, უალკოჰოლო, ტკბილი, გაზიანი სასმელების), ქილის თუ ბურღულეულის(შვრია, მაკარონი, ბრინჯი…) ყუთის ყველა ეტიკეტზე აღმოაჩინეს რეციკლირების ნიშანი.

აქტივობა 4: ვნახეთ ინტერნეტიდან მოძიებული ვიდეოები, სადაც ასახულია, თუ როგორ შეიძლება ნარჩენების დახარისხება, ხელახლა გადამუშავება, რისთვის იყენებს ამას ევროპის წამყვანი ქვეყნები, რამხელა სარგებელი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავებას, აგრეთვე რამდენი ენერგია იზოგება ნარჩენების ხელახლა გადამუშავებით. რა გზას გადის ნარჩენები ყუთში მოთავსებიდან კვლავ წარმოებამდე და რატომ არის საშიში მათი ნიადაგზე თუ წყალში ჩაყრა.

ვიდეო 1
ვიდეო 2
ვიდეო 3

აქტივობა 5: გადავწყვიტეთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენც აქტიურად ჩავრთულიყავით გარემოს დაცვის პროცესში. მოსწავლეებს დავუსვით შეკითხვა, ხომ არ შეგვეძლო ჩვენც ახალი სიცოცხლე მიგვენიჭებინა სხვა დანიშნულებით წარმოებული საგნებისთვის. გაჩნდა იდეები და გადავწყვიტეთ, საკლასო ოთახში იდეები პრაქტიკულად განგვეხორციელებინა.

პურის(უკვე გამოყენებული) ქაღალდის პარკებისგან და ბამბისგან, რომელსაც სამედიცინო დანიშნულებით ვეღარ გამოვიყენებდით, კლასში ხის და ღრუბლის დეკორაცია გავაკეთეთ.
ჩვენ პროექტში ჩართულმა ერთ-ერთმა კლასმა კი, საკუთარი ხელით დამზადებული სანათებით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში „Light for Peace – სინათლე მშვიდობისთვის“, რომელშიც 4 კონტინენტის 27 ქვეყანის 222 სკოლა იყო ჩართული.(ამ პროექტში მონაწილეობით სკოლაც და მასწავლებელიც საერთაშორისო სერტიფიკატითჯილდოვდება).

აქტივობა 6: გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა ქაღალდის რეციკლირება საკლასო ოთახში. ვნახეთ ვიდეო, შემდეგ დავიწყეთ მაკულატურის შეგროვება. გარკვეული რაოდენობის მეორადი ფურცლის დაგროვების შემდეგ, ისინი დავანაწევრეთ და ჩავყარეთ ჯამში, დავასხით წყალი. 24 საათის გასვლის შემდეგ, დავაბლენდერეთ. მიღებული ფაფისებური მასა ბამბის ქსოვილზე გავაბრტყელეთ და დაველოდეთ ოდნავ შეშრობას. ზემოდან მოვაყარეთ მცენარის თესლები. გაშრობის შემდეგ დავჭერით პატარა ნაწილებად, დავურიგეთ მოსწავლეების მშობლებს და ვთხოვეთ, რომ ისინი სკოლის ეზოში დაეთესათ.

აქტივობა7: მოსწავლეებმა გააფერადეს დედამიწის სურათები, სადაც დედამიწა ბედნიერია, რადგან მასზე ნარჩენები არ ყრია.

აქტივობა 8: სასწავლო პროცესში უამრავ ქაღალდს მოვიხმართ, რომლის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი სკოლის ეზოში ხეები დაგვერგო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტის დასაწყისში დასახული მიზანი წარმატებით შევასრულეთ. ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ვთვლით, რომ პროექტი ყველაზე წარმატებული მოსწავლეების მიერ საკუთარი ხელით ქაღალდის დამზადების პროცესის დროს იყო. თუმცა განსაკუთრებული სიხარული მოსწავლეთა ერთმანეთთან დამოკიდებულებამ, დამეგობრებამ და თანამშრომლობის დანახვამ მოგვიტანა. ისინი ერთმანეთს უშურველად უზიარებდნენ შეხედულებებს, თანაბრად ერთვებოდნენ დისკუსიაში.

ვგეგმავთ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა კლასებსაც. ვეძებთ სპონსორს, რომელიც სკოლას დაასაჩუქრებს ურნებით, სადაც ნარჩენების კლასიფიკაციას შევძლებთ.

ასევე იხილეთ:

თეატრალური წარმოდგენის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში – განხორციელებული პროექტის მაგალითი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური