GE

ჯანსაღი სკოლის სადილის კვების სტანდარტები – ევროპული გამოცდილება და საქართველოს რეალობა

კულტურული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური განსხვავებები გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონესა და დეტალზე, მათ შორის კვების კულტურაზეც, ამიტომაა, რომ მთელს ევროპაში სკოლის ლანჩების განსხვავებულ ტიპებს ვხვდებით.
სასკოლო ლანჩს რომ მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს ბავშვების საერთო ენერგიისა და ჰოლისტურ განვითარების პროცესში, ამას ყველა არსებული კვლევა ადასტურებს, სწორედ ამიტომ, მთავრობები უზრუნველყოფენ ბავშვთა ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნას. მთავრობებს, სკოლებსა და მშობლებს შორის არის მუდმივი კომუნიკაცია, გააუმჯობესონ სასკოლო სადილების კვებითი ღირებულება, რადგან თანხმდებიან, რომ ეს ბავშვთა საბაზისო უფლებების (სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ) ნაწილია.

EDU.ARIS.GE მოგიყვებათ ევროპული გამოცდილების შესახებ და გაგაცნობთ ევროპული კვების ფონდების მიერ გაზიარებულ ინფორმაციას. იქამდე კი შეგახსენებთ ერთ გარემოებას: სკოლაში ბავშვთა კვების მოწესრიგების საკითხზე მუშაობა, როგორც გასულ წელს გვიმტკიცებდნენ, დაწყებული იყო და განათლების სამინისტრო პროექტზე გაეროს ბავშთა ფონდთან თანამშრომლობით მუშაობდა. მინისტრს პარლამენტში ამის გამო მადლობებიც გადაუხადეს და სიახლეც სკოლებში უკვე პოსტპანდემიურ ეტაპზე, ახალი სასწავლო წლიდან უნდა მიგვეღო, თუმცა აღნიშნულ პროექტზე დღესაც იგივეა ცნობილი, რაც ერთი წლის წინ, ანუ ლამის არაფერი.

უფასო ვაშლების შემდეგ, უფასო კვება – რას გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში ბავშვთა კვების მოსაწესრიგებლად?

როგორია, ბავშვთა სასკოლო კვება ევროპის წამყვან სახელმწიფოებში და ვინ აფინანსებს მას?

ფინეთსა და შვედეთში, სასკოლო კვება სრულად ფინანსდება მთავრობის მიერ. სადილი მიჰყვება დიეტურ მითითებებს ე.წ “თეფშის მოდელს”- ყველაფერი, რაც ერთ თეფშზე დაეტევა. ლანჩის მირთმევა ხდება კაფეტერიის მსგავს გარემოში, სადაც ბავშვები იღებენ საკვებს ცენტრალური მომსახურების პუნქტიდან, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია. პუნქტში მომუშავე პერსონალს აქვთ ე.წ ბავშვთა თვითმომსახურების სახელმძღვანელო, რათა საკვები ისე განაწილდეს თითოეულ ბავშვზე, რომ დაცული იყოს ყველა კვებითი ნორმა და სტანდარტი.

ფინეთისგან განსხვავებით, ინგლისში, ლანჩის დროს გვთავაზობენ საკვების ფართო სპექტრს, თუმცა მარილის, შაქრისა და ცხიმის შემცველი საკვების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. შემწვარი საკვების მიღება შესაძლებელია კვირაში მხოლოდ ორჯერ, ვიტამინებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა მაგალითად ხილი და ბოსტნეული ბავშვები მიირთმევენ სკოლაში ყოფნის თითოეულ დღეს.

განსაკუთრებით მდიდრულად გამოიყურება ფრანგული სკოლის ლანჩი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს მთავარ კერძს (ხორცის, თევზის, კვერცხის, ან ყველის სახით), დამატებით კერძს, რძის პროდუქტს და დესერტს. თითოეული კერძი უნდა იყოს მცირე პორციით, ჯანსაღად მომზადებული და კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი.

ფინეთისა და შვედეთის გარდა, თითქმის ყველა ქვეყანაში აძლევენ ბავშვებს უფლებას, მოიტანონ საკუთარი შეფუთული სადილი, თუმცა კვებითი სტანდარტის სრული დაცვით.

დაბალანსებული შეფუთული სადილი უნდა შეიცავდეს:

ხილის და ბოსტნეულის ერთ სახეობას მაინც, მარცვლეულს, რძის პროდუქტების ნაწილს, ცილოვანი საკვების ნაწილს მაგ: ხორცი, ყოველ სამ კვირაში 4 ჯერ მაინც), კვერცხს ან ბოსტნეულს, სასმელ წყალს, ხილის წვენს, ან ნახევრად ცხიმიან რძეს.

სკოლამ შესაძლოა ნება დართოს მოსწავლეებს მიირთვან მრავალფეროვანი საკვებიც, მაგალითად ხრაშუნა, ან ხილისგან მომზადებული ნამცხვრები, თუმცა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში.
მთელ ევროპაში, სკოლის ლანჩის კვების სტანდარტი ეფუძნება ბავშვის როგორ ფიზიკური, ისე ფსიქიკური განვითარებისთვის საჭირო პროცედურების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანაში გასხვავებული ლანჩის მენიუა, ხედვა საერთოა და გულისხმობს, რომ ყველა საკვები, რომლებსაც ბავშვები სკოლაში მიირთმევენ, იყოს საჭირო, ჯანსაღი და არა უსარგებლო.

რაც შეეხება საქართველოს, რა გვაქვს ჩვენ: აქ დღემდე არ შემუშავებულა სახელმწიფოს მიერ მიღებული და აღიარებული სასკოლო კვებითი სტანდარტი, საჯარო სკოლებში საკვები ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებს შეაქვთ, რომლებიც მზა საკვებსა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (ჯარმო-ს) მიერ არარეკომენდებულ პროდუქტებზე აკეთებენ აქცენტს, კვება ფასიანია და მოსწავლეს, ნებისმიერი სასურველი საკვები პროდუქტის განუსაზღვრელი რაოდენობით ყიდვა შეუძლია. აქვე შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, „ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ახალი გლობალური სტრატეგია (2016-2030 წწ.)“, ნათქვამია, ,,ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ერთადერთი გამოსვალი სიცოცხლისათვის აუცილებელ ისეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობაა, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება, განათლება, სუფთა ჰაერი, წყალი, ადეკვატური სანიტარია და ჯანსაღი კვება’’.

მიიღებს თუ არა საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჯერჯერობით გაურკვეველია. EDU.ARIS.GE კიდევ შეეცდება ზემოაღნიშნული პროექტის შესახებ დეტალები გაარკვიოს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ამავე თემაზე:

უფასო ვაშლების შემდეგ, უფასო კვება – რას გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში ბავშვთა კვების მოსაწესრიგებლად?

როგორ ბარდება „ეროვნული გამოცდები“ ფინეთში

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური