GE

„სამინისტროს დონეზე ხდება ხოლმე, რომ ყველა რეფორმა ან ფერხდება, ან მეტამორფოზას განიცდის, ან იცვლება და „კისერს იტეხს“

ავტორი: გიორგი კაკაბაძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს სკოლის დირექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების (პროფკავშირის) დამფუძნებელი და სსიპ ქ.თბილისის N24 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი; სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის –„ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.

ვფიქრობ, 2025 წლის სიახლეების სრულად აღსაქმელად აუცილებელია მინისტრების ცვლის ისტორიის მცირე მიმოხილვა.

ბატონმა გივი მიქანაძემ, მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძე ჩაანაცვლა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაინიშნა მინისტრის თანამდებობაზე. ალექსანდრე წულაძემ თანამდებობაზე დაახლოებით 8 თვე დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მას არ მიუღია რაიმე სახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არც დეკლარირების დონეზე გამოუწვევია საზოგადოების ინტერესი. ის მხოლოდ გარემონტებული სკოლების ფონზე ფოტოების გადაღებით იყო დაკავებული და ამდენად, ლოგიკური იქნება ითქვას, რომ ის მხოლოდ ნომინალური, გარდამავალი ფიგურა იყო და სხვა არაფერი.

რატომ გახდა საჭირო ნომინალური, გარდამავალი ფიგურის დროებით დანიშვნა მინისტრის თანამდებობაზე? იმიტომ, რომ სასწრაფოდ გახდა თანამდებობიდან გასაშვები მისი წინამორბედი და მისი სისტემაში შემომყვანი, გიორგი ამილახვარი. ის იმდენად არაადეკვატური კადრი აღმოჩნდა, რომ მისი პოსტიდან წასვლა არჩევნების წინ განხორციელდა, რაც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული. წასვლისას მან განაცხადა, რომ ბიზნესიდან მოვიდა და ბიზნესში ბრუნდება, რაც საზოგადოებისთვის ნიშნის მოგებას უფრო ნიშნავდა ვიდრე, პასუხისმგებლობას მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე მინისტრის რანგში, რითიც კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაადასტურა მისი შეუსაბამობა მინისტრის პოსტთან.

ამილახვარის და წულაძის „ეპოქის“ არაადეკვატურობას ისიც ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროცესები, ცენტრალური ხელისუფლების მიერ, სავსებით სამართლიანად ჩაითვალა სტაგნაციურ, პრობლემურ პერიოდად ქვეყნის განათლების სისტემისთვის და ამიტომაც დაიგეგმა მასშტაბური, ფუნდამენტური და რადიკალური ცვლილებები.

გივი მიქანაძე მინისტრის პოსტზე 2025 წლის ივნისში დაინიშნა, რითიც მას საკმარისი დრო მიეცა, გაცნობოდა სისტემას და იგი ახალი სასწავლო წლისთვის მოემზადებინა, რაც ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ მიდგომაზე მეტყველებს ამ საკადრო ცვლილების მიმართ. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სისტემის რეფორმირების მიმართ, მიდგომის სერიოზულობაზე ისიც მეტყველებს, რომ პარლამენტმა განათლების სისტემის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდა და განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ ამჯერად რეფორმა ყველაზე მასშტაბური, ფუნდამენტური და რადიკალურია. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებები სერიოზული იქნება.

აქ მინდა განვაცხადო, რომ საუნივერსიტეტო განათლებას ამ სტატიაში არ შევეხები რადგან ვთვლი, რომ არ ვარ საკმარისად ინფორმირებული არც რეფორმის კონკრეტიკასთან და არც ამ სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, ზოგადი განათლების სფეროთი შემოვიფარგლები.

იქნება თუ არა ეფექტური და სასარგებლო გამოცხადებული ცვლილებები სისტემისთვის ანუ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და დირექტორებისთვის?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სისტემის რეფორმირების აუცილებლობის და რეფორმების ნაირსახეობების შესახებ ყველას ბევრი გვსმენია სხვადასხვა ხელისუფლებებისა და მათი მინისტრებისგან, მაგრამ მაინც იქ ვართ სადაც ვართ. აი ის, თუ სად ვართ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან კორექტულად, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ გასაგებად და მკაფიოდ განმარტა, რაშიც არ შეიძლება, არ დაეთანხმო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ცენტრალური ხელისუფლების როლი იმაში გამოიხატება, რომ ის აკეთებს შეფასებებს, მონაწილეობს განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში, გამოყოფს დაფინანსებას დ.ა.შ. მაგრამ დაგეგმილი და დაფინანსებული პოლიტიკის განხორციელება სამინისტროს პრეროგატივაა და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რა შედეგებს მოიტანს რეფორმა.

სწორედ ამიტომ, სამინისტროს დონეზე ხდება ხოლმე, რომ ან ფერხდება, ან განიცდის მეტამორფოზას, ან იცვლება და პირდაპირ რომ ვთქვათ „კისერს იტეხს“ ყველა რეფორმა. სწორედ ასეთ პროცესთან გვქონდა საქმე მინისტრების ამილახვარის და მისი მოყვანილი, წულაძის „ეპოქაშიც“ რაც იმ საკადრო ცვლილებებით დასრულდა, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ.

ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ განათლების სისტემა ყველაზე რთული და კომპლექსური სისტემაა და მისი რეფორმირება მხოლოდ მინისტრის მართვის ქვეშ ვერ განხორციელდება. ამიტომაც, სამინისტროში წარმოდგენილია სტრუქტურული ერთეულები, რომელთა საქმიანობას ზედამხედველობს მინისტრი. იგი აძლევს მათ დავალებებს, იბარებს ანგარიშებს, აფასებს მათი საქმიანობის შედეგებს და შეაქვს ის ცვლილებები, რომლებმაც რეფორმის და შესაბამისად, მიმდინარე პროცესების ეფექტურობა უნდა გაზარდონ. სხვათა შორის, მინისტრს ცვლილებები საკადრო პოლიტიკაშიც შეაქვს, როცა ეს აუცილებელია!

ზოგად განათლებას კურირებს მინისტრის მოადგილე, ქ-ნ თამარ მახარაშვილი, რომლის დაქვემდებარებაშიცაა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, რომელსაც ქ-ნ ლალი კალანდაძე ხელმძღვანელობს. ამ ადამიანების კომპეტენტურობაზე და სწორ მოტივაციაზე გადის ზოგადი განათლების რეფორმირების ცხელი ხაზი. ეს ადამინები ჯერ კიდევ მინისტრ ამილახვარის მინისტრად მოსვლამდე იყვნენ თანამდებობებზე. მართავდნენ მასწავლებელთა გადამზადების, სახელმძღვანელოების შედგენის, მეთოდოლოგიის შემუშავების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და დანერგვის, მასწავლებლის და დირექტორის სტანდარტების და ეთიკის კოდექსების შედგენის და მათი შესრულების პროცესებს. ბევრი დეტალით არ გადაგღლით, მაგრამ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან.

როგორც გახსოვთ, გიორგი ამილახვარის მინისტრად დანიშვნა დაემთხვა სკოლის დირექტორების კონკურსს. მან განაცხადა, რომ კონკურსი არ მიმდინარეობდა სწორად, შეაჩერა პროცესი და ახლიდან დაიწყო რაც, თავის თავად, წარმოდგენდა გადაცდომას, რადგან მის მიერ არასწორად აღიარებული პროცესის შედეგები არ გააუქმა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ არასწორი პროცესების დამგეგმავები და განმახორციელებლები, თამარ მახარაშვილი და ლალი კალანდაძე თანამდებობებზე დატოვა.

სკოლის დირექტორებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პარადოქსი.

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი, ბრძანება №109/ნ, 2022 წლის 26 სექტემბერი,
მუხლი 4. ლიდერობის კომპონენტები:

1. დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები მოიცავს ხუთ კომპონენტს:
ა) პირველი კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს სასკოლო საზოგადოებისთვის:
ა.ა) საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს სასკოლო საზოგადოებისთვის;

მე ამ ბრძანების გამოცემის მერე ვფიქრობ, როგორ და რით შეიძლება იყოს დირექტორი მისაბაძი მაგალითი მთელი იმ სასკოლო საზოგადოებისთვის, რომელშიც განსხვავებული მრწამსის, ცხოვრების სტილის, შეხედულებების, ნაციონალობების, კულტურულ-ისტორიული ტრადიციების და მიდრეკილებების ადამინებია თავმოყრილი, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე და არც სამინისტროს წარმოუდგენია, ამ დროის განმავლობაში რაიმე დოკუმენტი ან ხედვა მაინც იმასთან დაკავშირებით, რას შეიძლება ნიშნავდეს დირექტორის, როგორც ლიდერისთვის აუცილებელი, ეს კომპონენტი.

„პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს“ პიროვნული განვითარების გზა პირადი ცხოვრების ნაწილია და აქამდე ვფიქრობდი, რომ ის საქართველოს კონსტიტუციით ხელშეუხებლად ითვლებოდა. აქ კი ეს დირექტორის ლიდერობის კომპონენტადაა დასახელებული და შესაბამისად, საჯარო განხილვის და შეფასების საგანია. ან პიროვნული განვითრების რომელ გზას აღიარებს მისაღებ მოდელად სამინისტრო და კერძოდ მისი ზოგადი განათლების „კურატორები“? ძენ ბუდისტურს, შაოლინის სკოლის კოდექსს, ბუსიდოს, ვედისტურ გზას, ქრისტიანულ მართლმადიდებლურს, სამოქალაქო კოდექსის ნორმებს და კონსტიტუციას, კიდევ რამე სხვას თუ ყველაფერს ერთად? – გაუგებარია. ამ დროს, ეს დოკუმენტი წარმოდგენს სკოლის დირექტორის და დირექტორობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმს და ეს ფაქტი ზოგადი განათლების, ზემოთ დასახელებულ „კურატორებს“ წლებია, არ აწუხებთ.

კანონმდებლობით დირექტორი არცერთ გადაწყვეტილებას მარტო არ იღებს, მაგრამ ყველაფერზე აგებს პასუხს. მისი პოზიცია აშკარად, მკაფიოდ გამოხატულ და კანონმდებლობით გამყარებულ განტევების ვაცის პოზიციას წარმოდგენს და ამდენად, მის მიერ მოვალეობების შესრულება მხოლოდ არაფორმალური მმართველობის პირობებშია შესაძლებელი, რადგან ფორმალურად ის უუფლებოა.

„კურატორების“ მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ, მასწავლებელთა გადამზადების პროცესზეც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა. მათ გადაამზადეს მასწავლებლები ესეს წერის უნარებში. გამოცდების შედეგად კი 400-მდე დიპლომირებული მასწავლებლის ესე 0 ქულით შეფასდა. ამ ფაქტის შეფასება თქვენთვის მომინდვია.

ვფიქრობ გემახსოვრებათ, საუნივერსიტეტო გამოცდების პროგრამიდან ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის და სხვათა ნაწარმოებების ამოღების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ. სამინისტრო დაგვპირდა, რომ ყველაფერს უკან დააბრუნებდა, მაგრამ ეს ხომ იგივე ექსპერტებს უნდა გაეკეთებინათ, რომლებმაც ეს ნაწარმოებები პროგრამიდან ამოიღეს და ეს ხომ იგივე ხელმძღვანელების მეთაურობით უნდა გაეკეთებინათ? ხომ საინტერესო შეკითხვაა?

ბოლო თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც უკვე მეორე წელია ძალაშია გულისხმობს სასკოლო სასწავლო გეგმაში სწავლა-სწავლების ხარისხის მართვის მექანიზმების შეტანას, მაგრამ არანაირი ინსტრუქცია, ბროშურა ან ფლაერი სკოლისთვის ამ მიმართულებით არავის შეუქმნია და არც იმაზე უზრუნია ვინმეს, რომ შეემოწმებინა სრულდება თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმის ის მოთხოვნა, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების ხარისხთან.

სკოლების დიდ ნაწილს გამოქვეყნებულიც კი არ აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა, ხოლო რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ, მათ დიდ ნაწილში ხარისხის მართვის მექანიზმები ან არ იძებნება ან იმდენად დაბალი დონისაა, რომ სწავლა-სწავლების უხარისხობას უფრო ამტკიცებს, ვიდრე ხარისხზე ზრუნვას. სამაგიეროდ სკოლებში ახალი შტატი იწყებს ფეხის მოკიდებას. „ხარისხის მართვის მენეჯერი“.

ქ.თბილისის N24 საჯარო სკოლაში, რომელსაც, როგორც მახსოვს 8 ავტორიზაციის ექსპერტი და 4 დირექტორის სერტიფიკატით აღჭურვილი თანამშრომელი ჰყავს, დაინიშნა ხარისხის მართვის მენეჯერი. ეს ადამიანი ვაკე-საბურთალოს რესურსცენტრის ყოფილი უფროსია და მისი შტატი, როგორც ამბობენ, სკოლის ეკონომიკური საქმიანობიდან ფინანსდება. ეს მაშინ, როცა სკოლაში უკვე დასაქმებული ადამინები სხვა სკოლებს უწევენ რეკომენდაციებს, ხოლო სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფს დირექტორი თვითონ ხელმძღვანელობს. აშკარაა, რომ ამ კადრის სკოლაში, გარედან შეყვანა სკოლის დირექტორისთვის არამიზნობრივი ხარჯის გაწევის რისკებს ქმნის და მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. როგორც ვიცი, ამ კადრის დაფინანსებასთან დაკავშირებით სკოლის სამეურვეო საბჭო ახლაც უარს აცხადებს არამიზნობრიობის საფუძვლით, რაც სკოლაში კონფლიქტებს იწვევს, მაგრამ ვინ სთხოვა დირექტორს მისი დანიშვნა? ლოგიკურია, დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ იმან, ვინც ვაკე-საბურთალოს რესურსცენტრის უფროსად დანიშნა და მერე მისი იქიდან წაყვანა მოუწია. ესენი კი ზოგადი განათლების სფეროს, ზემოთ დასახელებული, იგივე „კურატორები“ არიან. თამარ მახარაშვილი და ლალი კალანდაძე.

აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზოგადი განათლების სფეროს მართვაში მონაწილეობენ შიდა აუდიტის და იურიდიული დეპარტამენტები (ხელმძღვანელები: გიორგი ქოჩიშვილი და დავით ლომინაშვილი). აქაც ჩემი გამოცდილებიდან მოგახსენებთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყოველი სიტყვის დამტკიცება დოკუმენტურად შემიძლია. დოკუმენტები, კი, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერაა წარმოდგენილი იმ შესაგებელში, რომელიც ჩემს სარჩელთან დაკავშირებით იქნა წარმოდგენილი.

დეტალებში ღრმად შესვლას აქ ვერ მოვახერხებ, თუმცა რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. შესაგებელში სამინისტროს წარმომადგენლებს უწერიათ, რომ სკოლის ელექტრონული არქივიდან პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების უკანონოდ მოპოვებაზე და მათ უკანონო გამოყენებაზე რეაგირება სამინისტროს საქმე არ არის და უარესიც. იგივე შესაგებელში ისიც წერია, რომ მოსწავლეების ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაციაზე რეაგირება სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. აქვე უნდა აღინიშნოს, მათ მიერ, ჩემს მიმართ განხორციელებული ქმედებების მიზანი ის იყო, რომ რამდენიმე კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, სამსახურში უკანონოდ აღედგინათ მათი პროტეჟე, სკოლის თანამშრომელი და ეს გაეკეთებინათ სხვა, რამდენიმე მასწავლებლის შრომითი უფლებების დარღვევის ხარჯზე, რასაც მე არ დავეთანხმე.

ყველაფერ ამაზე, წესით პროფკავშირი მაინც უნდა იმაღლებდეს ხმას, მაგრამ ის ერთადერთი პროფკავშირი, რომელთანაც სამინისტრო „თანამშრომლობს“ მისივე გაგრძელებას წარმოდგენს და თან დამახინჯებულს, რადგან თავისივე წესდების და კანონმდებლობის იმდენი დარღვევით მოქმედებს 2007 წლიდან მოყოლებული, რომ იძულებულია სამინისტროს ყველაფერზე ხელი მოუწეროს, რათა პრივილიგირებული პოზიცია შეინარჩუნოს და მისი საქმიანობა სამინისტროს მხრიდან გამოძიების საგნად არ იქცეს. სამაგიეროდ სამინისტროსგან ბენეფიტებს იღებს განსაკუთრებული უფლებების და მისი ე.წ. ლიდერების დაცვის სახით პასუხისმგებლობებისგან. თუნდაც, ამ ლიდერების მხრიდან, სკოლის ელექტრონული არქივიდან დოკუმენტების ქურდობას ან მოსწავლეების ფიზიკური შეურაცხყოფას ეხებოდეს საქმე. ყველაფერ აქედან რა ბენეფიტებს შეიძლება იღებდნენ ზემოთ დასახელებული „კურატორები“ თვეში 500 000 ლარიანი შემოსავლის მქონე პროფკავშირისგან, თქვენ თვითონ განსაჯეთ.

ვფიქრობ, უკვე შეამჩნიეთ, რომ რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე საუბარს თავი ავარიდე. ამას თავისი მიზეზი აქვს. მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ იმ რეფორმის დეტალებზე საუბარში, რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები, თავისი მერკანტილური ინტერესების გასატარებლად არად დაგიდევენ არც რეფორმას, არც ბავშვის, მასწავლებლის ან დირექტორის უფლებებს და მათ მიერ განვლილ ან გასავლელ გზას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მინისტრები იცვლებიან, ხოლო ეს კადრები ადგილებზე რჩებიან და მოვლენების განვითარებას რეალურად ისინი აკონტროლებენ, მაშინ იოლად დავინახავთ, რა ელის ამ რეფორმასაც ისევე, როგორც ამავე ადამიანების ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებულ სხვა რეფორმებს.

თუმცა ამჯერად, ვფიქრობ, საქმე შედარებით სხვაგვარადაა. ეს რეფორმა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლის ფონზე მიმდინარეობს და როგორც უკვე დავინახეთ, ეს პიარული სვლა არ არის. ყოველ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაც, რიტორიკაც და ქმედებებიც ამას ადასტურებენ. აი როგორ მოიქცევა მინისტრი, ბატონი გივი მიქანაძე? დააყენებს პასუხისმგებლობის საკითხებს თუ ძველ, ერთმანეთზე საერთო, პირადი ინტერესებით გადახლართულ, უკვე გაშიფრულ კადრებთან სიმბიოზში, ახალი ენერგიით შეუტევს ახალ რეფორმას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება და თუ არფერი გამოჩნდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ისევ იქ დავრჩით სადაც აქამდე ვიყავით.

მინდა გითხრათ, რომ ამჯერად ცენტრალურ ხელისუფლებას სრული უფლება ექნება გვკითხოს: „მაშინ, როცა ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენი გასაკეთებელი იყო. რა გააკეთეთ თქვენ, რომ სისტემა გაჯანსაღებულიყო?“ და ამ შეკითხვაზე პასუხი არ ექნებათ იმ მშობლებს, მასწავლებლებს და დირექტორებს, რომელთა თვალწინაც უკანონობა ხდებოდა და ხმა არ ამოიღეს. ასეთი ადამიანები კი ჩვენს სისტემაში ჯერჯერობით, სამწუხაროდ დიდ უმრავლესობას წარმოდგენენ, რაც ერთმნიშვნელოვნად და უდავოდ წინა „მმართველობის და კურატორობის“ დამსახურებაა, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ მინისტრის მოვალეობაა! ! ! … ვნახოთ რა მოხდება ხვალ. მომავლის იმედი, კი, ღმერთმა ნუ მოგიშალოთ!

edu.aris.ge-ს რედაქციის მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სტატიის ავტორის მოსაზრებებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური