GE

სამსახური გაკვეთილების ნაცვლად – „სკოლის მიტოვების მიზეზი ის პრობლემები იყო, რომელიც ოჯახში გვქონდა…“

დაბალი აკადემიური მოსწრება, სწავლისადმი გულგრილობა, მატერიალური პრობლემები, პროფესიული განათლების მიღების სურვილი, დაოჯახება… – ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რის გამოც საქართველოში მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში სიარულს წყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცხრა კლასის დამთავრება სავალდებულოა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები საბაზისო განათლებასაც ვერ იღებენ და ამას საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასიდან გასული მოსწავლეების რაოდენობაც ადასტურებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წლის (2015-2020) განმავლობაში, სკოლაში სიარული 55 ათასზე მეტმა მოსწავლემ შეწყვიტა, რომელთაგან 8 247 მოსწავლე სასწავლო პროცესს 2019-2020 წელს გამოეთიშა.

მატერიალური პრობლემები და არასრულწლოვანთა შრომა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რის გამოც მოსწავლეები სკოლას არ ამთავრებენ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სიარულის ნაცვლად სამსახურში დადიან.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მაისის თვეში EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრეს იმ მოსწავლეებმა, ვინც სკოლაში სიარული მუშაობის საჭიროების გამო შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ თემაზე ღიად საუბარი ყველას არ სურდა, რამდენიმე მოსწავლემ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა. მათ შორის იყო 18 წლის ოთოც (ჩვენი რესპონდენტები მათი გვარების გამჟღავნებას ერიდებიან ავტ.), რომელიც სკოლიდან მეათე კლასის დასრულების შემდეგ გავიდა. როგორც მან ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, სკოლის მიტოვების მიზეზი ოჯახში შექმნილი პრობლემები იყო.

“სკოლიდან გამოსვლის მიზეზი ძირითადად ის პრობლემები იყო, რომელიც ოჯახში გვქონდა. ჩემი მშობლები სულ მუშაობდნენ, თუმცა საბანკო ვალების გადახდას ვერ ახერხებდნენ და საჭირო გახდა ჩემი დახმარებაც. სიმართლე ვთქვა, სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი და მომავალში არც უნივერსიტეტში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, თუმცა სკოლიდან ასე უცბად გამოსვლას ნამდვილად არ ვგეგმავდი”, – გვიყვება ოთო საუბრის დროს.

მის მსგავსად, ანალოგიური მიზეზის გამო მიატოვეს სკოლა გიორგიმ და ლადომ.
კითხვაზე, თუ რა გახდა მთავარი ფაქტორი სკოლის მიტოვებისა, გიორგი გვიყვება, რომ ეს იყო მის წინაშე წამოჭრილი მუშაობის დაწყების აუცილებლობა, მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილება. ამბობს, რომ მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ, ზაფხულში, მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში, მიმტანად დაიწყო და გეგმავდა, რომ მუშაობას საზაფხულო არდადეგების დამთავრების შემდეგ თავს დაანებებდა, ან გაკვეთილების შემდეგ იმუშავებდა. ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ მუშაობა გააგრძელა, თუმცა, როგორც გვეუბნება, სათანადო დროს ვერც სკოლას და ვერც სამუშაოს უთმობდა.

გიორგი იხსენებს, რომ ხშირად უწევდა გვიანობამდე მუშაობა და შესაბამისად, მეორე დღეს სკოლაში ვერ მიდიოდა. ამის შესახებ მასწავლებლებმაც იცოდნენ და ხელს უწყობდნენ, თუმცა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც თვლის, რომ იმ მომენტში უფრო საჭირო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრება ვერ მოახერხა, მუშაობის პარალელურად სწავლაზე უარი არ უთქვამს, მომავალი პროფესია კომპიუტერულ მეცნიერებებს დაუკავშირა და ამჟამად ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯში სწავლობს.

ჩვენს კიდევ ერთ რესპონდენტს, ლადოს კი, თანატოლებისგან განსხვავებით, სკოლის მიტოვებასთან ერთად, ქვეყნის მიტოვებაც მოუწია. მისი თქმით, მუშაობის დაწყება ძალიან გაუჭირდა საქართველოში და რომ არა აუცილებლობა, არც სკოლას და არც ქვეყანას არ მიატოვებდა.

„ძალიან გამიჭირდა სკოლაზე უარის თქმა. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რომ მუშაობასაც შევძლებდი და სწავლასაც, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, გამიჭირდა სამსახურის მოძებნაც. არასრულწლოვანი ვიყავი და ყველა თავს იკავებდა ჩემი სამსახურში აყვანისგან. საბოლოოდ დავიწყე ერთ ადგილზე მუშაობა, მაგრამ პირობები და ხელფასი არ იყო დამაკმაყოფილებელი. როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, გადავწყვიტე საზღვარგარეთ დეიდასთან წავსულიყავი და იქიდან დავხმარებოდი ოჯახს…” , – გვიყვება 20 წლის ლადო, რომელიც 2 წელია საბერძნეთში ცხოვრობს და დასძენს, რომ მიუხედავად სკოლის მიტოვებისა, პროფესია შერჩეული აქვს და სამომავლოდ კულინარიის შესწავლას გეგმავს.

2015 წლის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%. ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გოგონების შესაბამის რაოდენობას. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს ხშირად უწევთ სწავლა სამსახურს შეუთავსონ, ხშირია შემთხვევა, რომ ისინი ერთვებიან შრომაში, რომელიც მოზარდისთვის სახიფათოა. სახიფათო შრომაში იგულისხმება მუშაობა სახიფათო გარემოში, სადაც ფიზიკური დაზიანების მაღალი რისკია, ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, მუშაობენ ღამე ან ეზიდებიან მძიმე ტვირთს. ამ ტიპის სამუშაოში ჩართულია (63,9%) 16 ათასამდე ბავშვი.

გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ყუფარიძემ ჩვენთან აღნიშნულ პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვთა შრომის მიზეზებს დიდწილად განსაზღვრავს ის პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია სიღარიბით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორების ნაკლებობით. ასევე აღნიშნა, რომ სკოლა, დღესდღეობით, ვერ ახერხებს შეასრულოს სოციალური ფუნქცია და მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება, რეაგირება და ბავშვების დახმარება.

„მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, თუ რა უბიძგებს ბავშვებს, რომ იმუშაონ. საჭიროა თითოეული ბავშვისა და მისი ოჯახის მდგომარეობის შესწავლა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. საჭიროა ვიცოდეთ ბავშვების ასაკი, შრომის ხანგრძლივობა, პირობები, რამდენად უშლის (ან თუ უშლის) ეს შრომა ხელს მათი სწავლის პროცესს. ძირითადი მიზეზი, ალბათ, არის სიღარიბე და სოციალური გაჭირვება.

ბავშვთა შრომის აღმოფხვრა მჭიდროდაა დაკავშირებულია ამ პრობლემების დაძლევასთან, ოჯახებისათვის სოციალური დაცვის, სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფასთან. გაეროს ბავშვთა ფონდი უპირატესობას ანიჭებს არა მოკლევადიან და ერთ კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებულ პროექტებს, არამედ ჩვენი ფოკუსია სისტემურ დონეზე ცვლილებები და ბავშვთა შრომის პრევენცია და ოჯახების გაძლიერება. შეუძლებელია ბავშვთა შრომის აღმოფხვრა, თუ არ გავიგეთ, რა პრობლემებია ოჯახში ან სკოლაში, რამდენადაც სწორედ ეს პრობლემები აიძულებს ხშირად ბავშვებს, ჩაერთონ შრომაში“, – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ზოგადი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც მარტის თვეში გასაჯაროვდა, საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები. ასეთი შედეგის მიღების შემდეგ უწყება განმარტავს, რომ შემდეგი ეტაპი იქნება მიზეზების კვლევა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ეს ბავშვები სკოლებში სიარულს და რატომ ვერ ხერხდება მათი კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლების განხორციელება.

საქართველოში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა. სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა.

UNESCO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 61 მილიონი ბავშვია სკოლის მიღმა დარჩენილი.

edu.aris.ge-სთვის მოამზადა მარიამ დარბაიძემ

დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური