„სამწუხარო ისაა, რომ ამ ცირკში არენაზე მასწავლებლები გამოვდივართ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“ – გიორგი ჭაუჭიძე დირექტორთა კონკურსზე
ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი მარნეულში, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გამარჯვბული, გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული სკოლის დირექტორთა კონკურსში წინა ეტაპზე მონაწილეობდა, 2024 წლის თებერვალში გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობას აღარ იღებს და აცხადებს, რომ ორჯერ მიმართა მინისტრს სამინისტროს კომისიის წევრებთან სასაუბროდ, თუ რატომ არ წარადგინეს მის მიერ შერჩეულ სკოლებში შარშან, მაგრამ პასუხი არ მიუღია და არც მინისტრის მიწვევა მიიღო კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.
გიორგი ჭაუჭიძის მიერ დღეს, 15 მარტს გამოქვეყნებულ წერილს EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ ვართ ცირკის არენაზე, ხოლო სასკოლო საზოგადოება სასოებით ჩვენი მაყურებელი.” (ი. ჭავჭავაძის მოტივებზე).
#დირექტქრობა კიდევ ერთხელ
მოგახსენებთ, რომ აღარ ვმონაწილეობ სკოლის დირექტორობის ე. წ. არჩევნების ე. წ. მეორე ეტაპზე. ამასთან, წარმატებას ვუსურვებ ყველა კანდიდატს, განსაკუთრებით, პირველი სამარცხვინო ეტაპის აქტიურ გამპროტესტებლებს — მათი წარმატება ერთგვარი ინდიკატორი იქნება, ისევ აგრძელებენ მოჩვენებითობას, თუ რეალურად იცვლება რამე.
ორჯერ მივმართე მინისტრს, გვესაუბრა სამინისტროს კომისიის წევრებთან იმის შესახებ, თუ რატომ არ წარმადგინეს ჩემ მიერ შერჩეულ სკოლებში შარშან. (მე ვფიქრობ, რომ ამით გამოვლინდება და მინისტრი დარწმუნდება, რომ გადაწყვეტილებები მიიღება სამინისტროს კომისიის მიღმა, ფარულად და უკანონოდ.) მინისტრს არაფერი უპასუხია და “კონკურსი” გრძელდება… სხვათა შორის, კიდევ უფრო ასთავფერულად, რბილად რომ ვთქვა…
რა არის სამინისტროს/მთავრობის მთავარი მიზანი: სკოლის დირექტორთა კლასტერში არავინ გამოერიოს ისეთი, რომელიც ჩვენი განათლების სისტემის წარუმატებლობის შესახებ დაიწყებს ლაპარაკს. ვერ დამისახელებთ ვერცერთ სკოლის დირექტორს, რომელიც ამაზე საჯაროდ საუბრობდეს — ასე უნდა გააგრძელონ, თუ თანამდებობის შენარჩუნება სურთ. (არ გეგონოთ, ან ვამტყუნებდე, ან ვამუნათებდე. ახლა კი არა, 37-იან წლებში რომ უმიზეზოდ დახვრეტილი დრექტორის ადგილზე მის მოადგილეს ნიშნავდნენ, იმას ვერ გავამტყუნებ, იმასაც თავისი გამართლება ჰქონდა. ამასთან, ისინი თავს მაინც არ იტყუებდნენ, სკოლამ ამირჩიაო…)
სამწუხაროდ, სრული ნიჰილიზმის განცდას ტოვებს პოლიტიკურ პარტიათა პასიურობა და არკომპეტენტურობა ამ კონკრეტული მიმართულებით, თუ არ გავითვალისწინებთ თითო-ოროლა გამონაკლისებს. არადა, ბევრი დამეთანხმებით, სკოლების დირექტორთა მასობრივი “არჩევა” ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია.
გამოსავლისთვის სამინისტრომ უნდა შეისწავლოს დანაშაულებრივი შეცდომები და აღმოფხვრას, რისთვისაც პირველი ნაბიჯი უნდა იყოს “არჩევნების” არა ახალი ეტაპების გამოცხადება (კიდევ ერთიც გახდება საჭირო…), არამედ შარშანდელი “არჩევნების” შედეგების გაუქმება.
სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, მინისტრი არცკი ეჭვდება შარშანდელი ერთკანდიდატიანი “არჩევნებით”.
შეუძლებელია, ამ გზამ წარმატება მოიტანოს და, პირველ რიგში, მთავრობისთვის იქნება წარუმატებელი — არ სჭირდება ამის დანახვას დიდი ჭკუა-გონება.
სამი ადამიანი კი არ აპროტესტებს ამ “არჩევნებს”, როგორც მინისტრი არაერთხელ ამბობდა (მადლობა მას სპეციალური მიწვევისთვის მეორე ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად და ბოდიში მიწვევაზე უარისთვის!) დირექტორების “არჩევნებს”, გაცილებით მეტი: ათეულობით კანდიდატს სასამართლოში გვაქვს სარჩელი შეტანილი, ათეულობით საზოგადოებრივი ორგანიზაცია გვიჭერს მხარს და, რაც მთავარია, არ არსებობს არც ერთი სუბიექტი (თვით სამინისტროს კომისიის წევრებიც კი და, თუნდაც, “არჩეული” დირექტორები), რომელიც გამოვა და იტყვის, რომ პროცესი სწორად და სამართლიანად წარიმართა…
მეორე მხრივ, ასეთ ვითარებას დადებითი შედეგის მოტანაც შეუძლია, რადგან სასკოლო საზოგადოება უფრო ადვილად დაინახავს, რომ ე. წ. საჯარო სკოლებში ყველაფერი მოჩვენებითია: დემოკრატიულობაც, სწავლება-სწავლაც, პროფესიონალიზმიც, სასწავლო გეგმებიც, სახელმძრვანელოებიც… ყველაფერი. ვერ დაასახელელებთ ვერც ერთ კომპონენტს, რომელიც მოჩვენებითად არ იყოს ასე თუ ისე ადეკვატური.
სამწუხარო ისაა, რომ გაჭირვებული ქართველი საზოგადოების 2 მილიარდი ამ მოჩვენებითობის შესანარჩუნებლად იხარჯება სრულიად უყაირათოდ და, კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ
ამ ცირკში არენაზე მასწავლებლები გამოვდივართ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად”.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება