„სამწუხაროა ის, რაც ამ ინიციატივაზე მსჯელობამ აჩვენა – უნდობლობა მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მიმართ“
„ვიხილავთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც. როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა “ – განათლების მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებულ ამ განცხადებას, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საუბარი, იდეის დონეზე, სხვა დროსაც მოგვისმენია, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მინისტრმა საკანონმდებლო უწყებაში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ საკითხზე უკვე მუშაობაც მიმდინარეობს.
მინისტრის განცხადებამ, ძირითადად, კრიტიკა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა – მშობლებმა, აბიტურიენტებმა, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და ლექტორებმაც კი იგი წარსულში დაბრუნების მცდელობად და კორუფციის აყვავებისათვის ხელახალი სივრცის გაჩენად აღიქვა. თუმცა, ასევე ბევრს ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩა, რომ მიხეილ ჩხენკელმა ეს განცხადება სპონტანურად გააკეთა და რეალურად, უწყება არანაირ ცვლილებაზე არ მუშაობს.
ამას არც განათლების სფეროს სპეციალისტი, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მკვლევარი ქეთი ჩაჩხიანი გამორიცხავს, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ თუნდაც მინისტრის ამ სიტყვების უკან არანაირი სამუშაო არ იდგას, თემაზე საუბრის დაწყებაც კი კარგია, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა განახლებას ნამდვილად საჭიროებს.
ქეთი ჩაჩხიანი: ბევრი ფიქრობს და მეც ვიზიარებ აზრს, რომ ცენტრალიზებულმა ეროვნულმა გამოცდებმა თავისი მისია შეასრულა და სისტემაში სიახლეების დანერგვის დროა. მინისტრის ინიციატივა უმაღლესში მიღების მრავალკომპონენტიანი სისტემის დანერგვის შესახებ მისაღებია როგორც აბიტურიენტების სამართლიანი და ხარისხიანი გადარჩევის, ასევე სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის სტუდენტების შერჩევაში ავტონომიურობის მინიჭების მიმართულებით. რისკ-ფაქტორებისა და შესაძლებლობების ობიექტურად და სიღრმისეულად გაანალიზებისა და შესაბამისი სისტემების დანერგვის პირობებში, ეს შეიძლება ძალიან წარმატებული რეფორმა გახდეს.
EDU.ARIS.GE: უკვე არაერთი წელია გამოცდების არსებული ფორმატის კრიტიკას ვისმენთ. თქვენც თქვით, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ცვლილებების დროა. თუმცა, რამდენად მისაღებია ის გამოსავალი, რომელიც მინისტრმა შემოგვთავაზა? მან უნივერსიტეტები გამორიცხა და როლი მხოლოდ სკოლას მიანიჭა. რატომ, თქვენი აზრით? სკოლას მეტად ენდობა სისტემა, ვიდრე უნივერსიტეტს?
-როდესაც განცხადება წავიკითხე, მეც შევნიშნე ხაზგასმა იმისა, რომ გამოცდები უნივერსიტეტების დონეზე არ გადავა. ეროვნული გამოცდები საზოგადოებაში დიდი ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ამასთანავე, არის შიშები უმაღლესებში კორუფციის თაობაზე. ამიტომ, ვფიქრობ, მინისტრმა ამ მიმართულებით შესაძლო კრიტიკისგან თავი დაიზღვია. თუმცა, გამოცდების ჩატარების გარდა, მრავალკომპონენტიანი სისტემა აუცილებლად მოიაზრებს უნივერსიტეტების როლის გაზრდას მიღების პროცესში, რაზეც საუბარი მისი მხრიდან არ ყოფილა.
-ხომ არ ფიქრობთ, რომ კორუფციისა და მიკერძოებულობის საფრთხე სკოლაში მეტია, ვიდრე უნივერსიტეტში? სკოლაში ხომ მეტად მყარდება ახლო ურთიერთობები, განსაკუთრებით კი რეგიონებში?
-კორუფციისა და მიკერძოებულობის საფრთხე არსებობს, მათ შორის რეგიონის სკოლებში, სადაც ახლო ურთიერთობების გამო რისკები, შეიძლება, მეტი იყოს. თუმცა, მგონია, რომ ეს საფრთხე გადაჭარბებული ხარისხითაა წარმოდგენილი. საზოგადოება დღეს კორუფციის მიმართ ისეთი შემწყნარებელი აღარაა, როგორიც წლების წინ იყო. საზოგადოებრივი კონტროლის მეტი მექანიზმებიც არსებობს. გარდა ამისა, მოტივაცია კორუფციულ გარიგებაში ჩართვის ახლა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ წლებში, რომელთა დაბრუნებისაც გვეშინია და რომელზეც ხშირად აქცენტირებენ. ახლა მასწავლებლების მიერ დაწერილი ნიშნები განიხილება როგორც უმაღლესი მისაღები სისტემის ერთ-ერთ კომპონენტი. 80-იან წლებში კი, მასწავლებლის მიერ ერთ გამოცდაში დაწერილ ნიშანს შეეძლო გადაეწყვიტა ოქროს მედლის კანდიდატის ბედი. თან, ეს იმ პერიოდში, როდესაც უმაღლესში ადგილები ლიმიტირებული იყო. ახლა კი, მისაღები ადგილების რაოდენობა აბიტურიენტების რაოდენობას აჭარბებს. საბჭოთა კავშირის პერიოდისგან განსხავავებით, ერთი ქულის დაკარგვის გამო, აბიტურიენტი უმაღლესი განათლების მიღმა არ რჩება. ახლა შესაძლებლობა აქვს ჰქონდეს პირველი, მეორე, მესამე არჩევანი. ასევე გვაქვს შიდა და გარე მობილობის სისტემები. ეს მოცემულობას ცვლის. გარდა ამისა, კორუფციის რისკები ყოველთვის შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა მონიტორინგის მექანიზმით და რაც მეტად გაიმართება სასკოლო შეფასების მექანიზმები, ეს პროცესი მეტად ეფექტურად განხორციელდება.
– რა არის ის, რის გამოც ჩხენკელის მიერ გამოთქმული ინიციატივა თქვენთვის მისაღები და განსახორიცელებლად ღირებულია?
– ვფიქრობ, რომ უმაღლესში მიღებისთვის მრავალკომპონენტიანი შეფასების შემოღება რამდენიმე მიზეზის გამო არის გამართლებული. პირველი, ეს უმაღლესში მიღების სისტემას მეტად სამართლიანს ხდის და უკეთეს მდგომარეობაში აყენებს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ნაკლები საგამოცდო მზაობა აქვთ მხოლოდ იმის გამო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეპეტიტორთან მეცადინეობა ვერ შეძლეს, თუმცა ფლობენ სხვა მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს, რომელთა შეფასებაც ვერ ხდება. მეორე, მრავალკომპონენტიანი სისტემა ქმნის აბიტურიენტის კომპლექსურად შეფასების შესაძლებლობას, რაც მხოლოდ ცენტრალიზებული გამოცდების არსებობის პირობებში შეუძლებელია, რაც არ უნდა უნარებსა და არა ფაქტობრივ ცოდნაზე იყოს ისინი ორიენტირებული. სასკოლო ნიშნების კომპონენტის ჩართვა ასევე საშუალებას იძლევა გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ მოსწავლის კონკრეტული ცოდნა კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ საგნებში, არამედ ასევე ზოგადი მოსწრება და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორებიცაა შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, გაწეული ძალისხმევა.
მესამე მიზეზი კი უკავშირდება სასკოლო განათლების განვითარებასა და გაძლიერებას. ვფიქრობ, რომ მრავალკომპონენტიანი სისტემა განვითარების სწორ ორიენტირებს მისცემს სკოლას, გაზრდის სკოლისა და მასწავლებლის როლსა და პასუხისმგებლობას. შესაბამისად, მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან დაკვეთას უკეთესი განათლებისთვის. ასევე, მეტად საინტერესო და მრავალმხრივი გახდება სასკოლო ცხოვრება. მათ შორის, გაჩნდება საჭიროება კლასგარეშე აქტივობებზე, რაც მოსწავლეების მრავალმხრივი განვითრებისთვის ასევე მნიშვნელოვანია.
-თუ ამ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ სკოლის მიმართ ნდობა ჯერ ისევ ძალიან დაბალია და ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. თავად მასწავლებლებიც კი ხედავენ არაობიექტურობის საშიშროებას და სხვადასხვა რისკს უსვამენ ხაზს…
-დიახ, სამწუხაროდ, გამოჩნდა საზოგადოების დამოკიდებულება მასწავლებლებისადმი – სრული უნდობლობა მათი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მიმართ. ფაქტობრივად ჩანს მიდგომა – ვაქციოთ მასწავლებელი უმნიშვნელო ფიგურად სკოლაში, რომელსაც არც ავტონომიურობა და უფლებამოსილება აქვს სასწავლო და აღმზრდელობით პროცესში და არც – პასუხისმგებლობა. არადა, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ როგორ გავაძლიეროთ მასწავლებელი – ცოდნით, უნარებით, მხარდაჭერით, ნდობით, უფლებამოსულებისა და ავტონომიურობის მინიჭებით. სამწუხაროა, რომ თავად მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივას. თანაც, ყველა საუბრობს სხვებზე და თითს იშვერს სხვა მასწავლებლებისკენ, რომლებიც, მათი აზრით, აუცილებლად და დანამდვილებით არაკეთილსინდისიერად მოიქცევიან ახალ მოცემულობაში.
– ეს იმიტომ ხომ არა, რომ შესაძლოა მათ უჭირდეთ იმის აღიარება, რომ მათსავე სკოლაში, მათივე კოლეგებში არიან ისეთი პედაგოგები, რომლებიც, მიზეზთა გამო, მიკერძოებულობასა და კორუფციაზე წავლენ, ან, მინიმუმ, თვალს დახუჭავენ?
– დიახ, მესამე პირში საუბარი გაცილებით უსაფრთხოა და პირადად მათ პრესტიჟს, ინდივიდუალურად, საფრთხეს არ უქმნის. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ამ დამოკიდებულებების იგნორორება არ შეიძლება. მოგვწონს თუ არა ეს მიდგომა, ფაქტია, მასწავლებლები ფიქრობენ, რომ არსებობს არაკეთილსინდისიერების დიდი რისკი და არ სურთ მათ მიერ დაწერილი ნიშნები უმაღლესში მიღების დროს გათვალისწინებული იყოს. რატომ შეიძლება ასე ფიქრობდნენ? ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკავშირდება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. მათ მიერ დაწერილი ნიშნების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად გაიზრდება პასუხისმგებლობაც. მათ მოუწევთ საკუთარი გადაწყვეტილებების მართებულობის დასაბუთება, რაც, შეიძლება, ბევრის კომფორტის ზონას ცდებოდეს.
ასევე, წინააღმდეგობა შეიძლება მეტი იყოს იმ მასწავლებლების მხრიდან, რომლებიც რეპეტიტორულ საქმიანობაში არიან ჩართულნი და მათთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება სტაბილურობის გარანტია. ყველა მიზეზს შესწავლა და გააზრება სჭირდება და შემდეგ შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ზოგადად, ეს ინიციატივაც ხანგრძლივ დაგეგმვას საჭიროებს. მინიმუმ, 4-5 წლიან მომზადებას, თუნდაც იმიტომ, რომ მოსწავლემ მეცხრე, ან მეათე კლასში უკვე იცოდეს, რომ მის მიერ სკოლაში მიღებული ნიშანი უნივერსიტეტში მიღების დროს გათვალისწინებული იქნება. აღარაფერს ვამბობ აუცილებელი მხარდამჭერი სისტემების დაგეგმვასა და ამოქმედებაზე.
ძალიან სამწუხაროა ის, რაც ამ ინიციატივაზე მსჯელობამ აჩვენა. არც კი ვუტოვებთ სკოლებსა და მასწავლებლებს, ასევე უნივერსიტეტებს იმის შანსს, რომ გაძლიერდნენ და შეასრულონ ის ფუნქციები, რაც ხარისხიანი განათლებისთვის აუცილებელია. იმის ნაცვლად, რომ რისკებთან ერთად არსებულ შესაძლებლობებზე, ან ამ რისკების მოგვარების გზებზე ვიმსჯელოთ, სათავეშივე ვბლოკავთ იდეას, რომელსაც, სხვადასხვა მიმართულებით, ბევრი სარგებელის მოტანა შეუძლია.
-ბევრი ფიქრობს, რომ მინისტრის ეს განცხადება მოუმზადებელი და იმ წუთას მოფიქრებული იყო, რადგან კითხვა ასეთ პასუხს ითხოვდა. რეალურად კი, სამინისტროში ამ საკითხზე არც მუშაობა და არც სერიოზული ფიქრი დაწყებულა. თქვენც დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?
– დიახ, ამგვარი შთაბეჭდილება მეც დამრჩა. შეიძლება, კონკრეტული გეგმები ჯერ არც არსებობს და მინისტრს სურვილი ჰქონდა პარლამენტში ეჩვენებინა, რომ სამინისტრო ფიქრობს და მსჯელობს არსებული პრაქტიკის გადახედვასა და გაუმჯობესებაზე. თუმცა, კარგია, რომ ამ ინიციატივის გაჟღერებით ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო. ამ პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის ისიც, რომ სკოლები და უმაღლესები, სადაც რეფორმები, ხან ფორმალურად და ხან რეალურად ხორციელდება, უარს ამბობენ ისეთ ცვლილებებზე რომელიც მათი უფლებამოსილებისა და ავტონომიურობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. და ეს ხდება ინსტიტუციურ უუნარობასა და სისტემაში დასაქმებული პირების არაპროფესიონალიზმსა და არაკეთილსინდისიერებაზე აპელირებით.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება