GE

„სამწუხაროდ, ეს ტესტი განათლებას ძალიან ვიწრო პარადიგმიდან უყურებს“ – კლასის დამრიგებელი საგნის გამოცდის შედეგებზე

თბილისის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელი, ეკატერინე ბერიანიძე, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ 2023 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე მიღებულ შედეგს აპელაციაზე შეიტანს, მაგრამ თვლის, რომ ეს მნიშვნელოვანი არც არის და ბევრად არსებით პრობლემაზე მიუთითებს, რომელიც მასწავლებლის საგამოცდო ტესტს და მის შეფასების სქემას უკავშირდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდის შედეგების დიდი ნაწილი და შეფასების სქემები 11 აგვისტოს გამოაქვეყნა.

მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ სისტემა “პროფესიული განვითარების” ამგვარი ხისტი პროგრამით მიზანმიმართულად ან ძალაუნებურად დევნის გულანთებულ კადრებს სკოლებიდან, ქვეყნიდან…

აი, რას წერს პედაგოგიკაში 18-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი მას შემდეგ, რაც საკუთარ შედეგს და გამოცდების ცენტრის მიერ დაწერილ შეფასებას გაეცნო:

“არც ფსიქოლოგი ვარ და არც სპეც. მასწავლებლობას ვაპირებ, უბრალოდ როგორც დამრიგებელმა პირად ვალდებულებად მივიჩნიე, წამეკითხა ლიტერატურა ინკლუზიურ განათლებაზე, რომ უფრო ეფექტური მხარდაჭერა გავუწიო მოსწავლეებს ჩემი საგნის ფარგლებში აქტივობების დაგეგმვისას. ქართულ ენაზე გამოცემული მასალის გარდა, თავს პრივილეგირებულად მივიჩნევ, რადგან მაქვს წვდომა ინგლისურენოვან პროფესიულ გამოცემებზე.

naec-მა ქვემოთ მოცემულ 38-ე დავალებაში 0 ქულა დამიწერა. 21-ე დავალებაშიც რომ არ მიმეღო 0 ქულა, ჩავთვლიდი, რომ 38-ე ნუმერაციის გასწვრივ რადგან არ დავიწყე წერა და 1 ხაზით ქვემოთ ჩამოვწიე პასუხი, ამის გამო გამიბათილეს 38-ე, თუმცა ფაქტია, რომ წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრებსაც რომ ჩაებარებინათ ეს გამოცდა, ისინიც კი ვერ დაამთხვევდნენ თავიანთ პასუხს naec-ის საგამსწორებლო სქემას.

სამწუხაროდ, უფროსი სპეციალური მასწავლებლის ეს ტესტი განათლებას ძალიან ვიწრო პარადიგმიდან უყურებს, თითქოს განათლება შეიძლება უბრალო მექანიზმამდე დაიყვანო და თითქოს არსებობს სწორი ან არასწორი პასუხი ყველა კონტექსტში. არაფრად ითვლება მასწავლებლისა და მოსწავლის კოლექტიური ცხოვრებისეული გამოცდილება და ამ გამოცდილების გამოყენება ტესტის წერისას, პირიქით, აბათილებს შენს ქულებს. ეს არის პროფესიის დეპროფესიონალიზაცია და გაუფასურება.

გასაგებია, რომ 21-ე საკითხში სამიზნე ქცევის აღწერილობა უნდა იყოს “მარტივი, არაორაზროვანი სიტყვებით გადმოცემული”, მაგრამ ნუთუ 0 ქულას იმსახურებს ნაწერი, რომელშიც მოსწავლის კეთილდღეობისა და ჰუმანისტური მიდგომის მეტი არაფერი იკითხება.

საბავშვო ბაღის გამოსაშვებ დიპლომში, ჩემმა პირველმა საყვარელმა ინგა მასწავლებელმა ჩამიწერა: “ეკატერინეს აქვს მისწრაფება მხატვრული ლიტერატურისა და მუსიკისადმი და სურვილი აქვს, გამოვიდეს მასწავლებელი”. 18 წელიწადია, მხოლოდ სიყვარულით ვმოღვაწეობ პედაგოგიკაში და ამ პოსტს საკუთარი თავისთვის არ ვწერ, ვინაიდან უკვე მაქვს ჩემი ნიშა ამ სფეროში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური