GE

„სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე არსებული ნეპოტიზმის შესახებ“

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი წერილის ავტორი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფი, რომელიც მედია ხელოვნების დოქტორსა და აკადემიის ასისტენტ–პროფესორს, მარიამ დავითაშვილს უჭერს მხარს და მედია ხელოვნების ფაკულტეტზე არსებული ნეპოტიზმის შესახებ საუბრობს:

„გვინდა საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ, რომ ამა წლის მაისის თვეში, მარიამ დავითაშვილმა, მედიახელოვნების დოქტორმა და სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასისტენტ-პროფესორმა, წერილით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სადაც აღწერა მედიახელოვნების ფაკულტეტზე, ფაკულტეტის დეკანის – ნანა იაშვილის მიერ ჩამოყალიბებული ნეპოტისტური, ბევრისათვის გაუსაძლისი მდგომარეობა და ითხოვა დახმარება. სამინისტრომ წერილი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გადაუმისამართა.

ცენტრმა, გაჩენილი ეჭვების დასადასტურებლად, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გააგზავნა სამხატვრო აკადემიაში. ამჟამად ამ ჯგუფის მიერ საკითხის შესწავლისა და დასკვნის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის პროცესში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორთა გარკვეულმა ჯგუფმა მოითხოვა ექსპერტებთან გასაუბრება. გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ მათი შეხედულებები და პოზიცია სრულ თანხვედრაშია მარი დავითაშვილის პოზიციასთან.

საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ მათი პრეტენზიები მიმართულია არა სამხატვრო აკადემიის, არამედ კონკრეტულად მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანის, ნანა იაშვილის მისამართით. პროფესორები, მიაგებენ რა სამხატვრო აკადემიას, როგორც ინსტიტუციას ღირსეულ პატივს, მიაჩნიათ, რომ აკადემია ქართული ცნობიერების, კულტურის და იდენტობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო სივრცეა, ხოლო მისი ამჟამინდელი რექტორი, ბატონი გია გუგუშვილი ფრიად დამსახურებული და ცნობილი ხელოვანი, რომლის თაოსნობითაც სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა, რაც თავისთავად ყველა თაობის მხატვრისათვის უაღრესად ამაღელვებელი ფაქტია. აქვე იმედს გამოთქვამენ, რომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ წარმატებულ და საინტერესო სამხატვრო აკადემიად წარმოჩინდება, რადგან ამის სახელოვნებო პოტენციალი მას ნამდვილად გააჩნია.

რაც შეეხება მედიახელოვნების ფაკულტეტზე არსებულ მდგომარეობას, ისინი აღნიშნავენ, რომ ნანა იაშვილი საკუთარი ოჯახის წევრებისა დანათესავების მეშვეობით ახდენს ფაკულტეტის მონოპოლიზაციას. ფაკულტეტზე 10 საშტატო ერთეული გადანაწილებულია ოჯახის წევრებსა და მის ნათესავებზე, რომლებიც ხმათა უმრავლესობით სრულად აკონტროლებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ფაკულტეტის ბიუჯეტს. ეს ვითარება, სამხატვრო აკადემიისთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. გამოიკვეთა, რომ ფაკულტეტზე ნეპოტისტური დამოკიდებულება და დაძაბულობა დიდი ხნის წინ წარმოიშვა და თანდათანობით იზრდებოდა.

სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც ორი წლის წინ, დეკანის არჩევნებზე, ნანა იაშვილმა საბჭოს 31 წევრთაგან მხოლოდ 17 ხმა მიიღო. გაძლიერდა უხეშობა და ბულინგი არანათესავი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ნანა იაშვილის გარემოცვაში არ მოიაზრებიან. ნანა იაშვილი მუდმივად სპეკულირებს იმით, რომ ერთდროულად დეკანიცაა და ფაკულტეტზე მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელიც, მანიპულირებს პროფესორების ემოციური მდგომარეობით დააშინებს მათ პროგრამების გაუქმებით ან პროგრამიდან მათი საგნების ამოღებით.

ამგვარი ფეოდალური დამოკიდებულება ეწინააღმდეგება სამხატვრო აკადემიის მისიას – სახელოვნებო განათლების მიღებას, უმაღლესი საჯარო განათლების ფარგლებში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არის სსიპ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი კერძო სტრუქტურად გადაქცევა გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება აკადემიისთვის. დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და მის მიერ გაცემული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ფაკულტეტზე არსებული დარღვევების აღმოფხვრასა და უაღრესად დაძაბული სიტუაციის განმუხტვას“.

მარიამ დავითაშვილის მხარდამჭერი მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფი. (გვარსახელები მითითებული არ არის. edu.aris.ge)

თავისუფალი ტრიბუნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური