GE

საქართველოს 1 640 საჯარო სკოლას მანდატური არ ჰყავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, მანდატურის სამსახურის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა, სხვა პრობლემებთან ერთად, სკოლაში ბულინგთან ბრძოლა იქნება.

საქართველოს სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროებაზე საუბარი ქვეყანაში უკვე წლებია მიმდინარეობს. საკითხის აქტუალიზებას, პერიოდულად, ამ თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგებიც უწყობს ხელს.

მაგალითად, სკოლებში არსებული ძალადობის შემთხვევები 2012 წელს „იუნისეფმაც“ შეისწავლა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  ქვეყანაში გამოკითხული ბავშვების 80%-მა ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ სასკოლო სივრცის ძალადობისგან გათავისუფლება რთული პროცესია და ამას მხოლოდ მანდატურები თავს ვერ გაართმევენ.

EDU.ARIS.GE ამ საკითხზე სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალურ მუშაკ სოფო ბედოშვილს ესაუბრა.

მისი აზრით, მანდატურები  ბულინგის წინააღმდეგ წარმატებული კამპანიის წარმოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის კვალიფიკია და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ექნებათ.

„თუმცა ამ შემთხვევაშიც, შეიძლება, გარკვეულ პრობლემებს წავაწყდეთ, რადგან მანდატურებს აქვთ გარკვეული სამუშაო გამოცდილება, რის შედეგადაც ბავშვებში არსებობს გარკვეული „მანდატურის ხატი“, რომლის მიხედვითაც მანდატურის სამსახური უფრო კონტროლის მექანიზმია, ვიდრე  დახმარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. ეს გარკვეულ ბარიერს შექმნის ინდივიდუალური მუშაობის პროცესში, ბავშვების ნდობის მოპოვების თვალსაზრისით. ბავშვების ნდობის მოპოვება კი ანტიბულინგის კამპანიის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია”,  – გვითხრა სოფო ბედოშვილმა.

გარდა ამისა, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლას სკოლებში მანდატურები სხვა ობიექტური მიზეზების გამოც ვერ შეძლებენ. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი ის სტატისტიკაა, რომელიც ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოვითხოვეთ – ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, 1 275 მანდატური საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას მხოლოდ 445 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 640 საჯარო სკოლას დღემდე არც ერთი მანდატური არ ემსახურება.

სამინისტროსვე ცნობით, მანდატურის სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოსწავლეთა, პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ზრუნავს მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ხელს უწყობს პოზიტიური სასკოლო დისციპლინის ჩამოყალიბებას, ქმნის ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელ გარემოს. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ, მანდატურის ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს.

დარგის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქციის მინიჭება მანდატურებისთვის სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და უმჯობესია, სამინისტრომ ამ მიზნის მისაღწევად უკვე აპრობირებული მეთოდები გამოიყენოს. მაგალითად, საწყის ეტაპზე, დანერგოს ბულინგის მსხვერპლსა და მოძალადეზე გათვლილი მედიაციის პროგრამები.

მოძალადის და მსხვერპლის პორტრეტები ქართულ სკოლაში

სკოლა – ბულინგის სივრცე

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური