GE

„სასკოლო ასაკის ახალგაზრდებში აფხაზური და ოსური პრობლემის შესახებ ინფორმაცია ძალზე მწირია“ – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესრულებაზე სპეციალისტი საუბრობს

„საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის“, – ვკითხულობთ დოკუმენტში, „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“, რომელიც 2004 წელს ზოგადი განთლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

აღნიშნულ დოკუმენტში ნომერ პირველ მიზნად რომლის განხორციელებაც, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს, განსაზღვრულია: „ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება“.

„სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა“, – განმარტებულია დოკუმენტში.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ ხდება ზოგადი განათლების ამ მართლაც მნიშვნელოვანი ეროვნული მიზნის განხორციელება საქართველოს სკოლებში, რა ისწავლება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ. ვესაუბრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტსა და ისტორიის საგნის პედაგოგს, თორნიკე ბიბიჩაძეს.

– ბატონო თორნიკე, პირველ რიგში, გკითხავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელება და ვისთვის?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელება გულისხმობს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ მოსწავლის პირადი პასუხისმგებლობის გააზრებას, სახელწიფოებრივი, კულტურული და პოლიტიკური ინტერესების რაციონალურ გააზრებას. სახელმწიფოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი მიზანი გაჟღერებულია ზოგადი განათლების ყველა ფუნდამენტურ დოკუმენტში. ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა სწორად უნდა განსაზღვროს მოზარდის სულიერი მიდრეკილებები. ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების უნარი, საერთო ჯამში, ამ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების გარეშე, სამოქალაქო პასუხისმგებლობით განმსჭვალული მომავალი თაობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

– როცა ვამბობთ, რომ მომავალ თაობას უნდა შეეძლოს „ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება“ ვგულისხმობთ თუ არა იმას, რომ მათ სრულყოფილად ვასწავლოთ საკუთარი ქვეყნის ისტორია?

– ბუნებრივია, ვგულისხმობთ. ტრადიციებისა და ღირებულებების ერთობლიობა დაშენებულია წარსულის ადეკვატური ანალიზის ბაზისზე. ამავდროულად, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ისტორიის აღქმის სწორხაზოვნების პრობლემა დაიძლიოს და ფაქტების შეფასება სწორედ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ჭრილში იქნეს განხილული, რომელიც დაცლილია ფსევდო-პატრიოტიზმისა თუ მითოსური ელემენტებისგან. ვფიქრობ, საკუთარი ქვეყნის ისტორიის სწავლებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების აღქმა არა თანამედროვე სტანდარტებით, არამედ კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციპიკური ელემენტებით, თანადროული მსოფლაღქმითა და ღირებულებათა სისტემით უნდა მოხდეს.

– რას ასწავლიან სკოლებში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ, თქვენი საგნის მაგალითზეც გვესაუბრეთ…

– პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სასკოლო ასაკის ახალგაზრდებში აფხაზური და ოსური პრობლემის შესახებ ინფორმაცია ძალზე მწირია, რაც ყველაზე ნაკლებად ამ უკანასნელთა ბრალია. ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამის მიხედვით, პირველად ეს საკითხი მეხუთე და მეექვსე კლასის პროგრამაში შედის, სადაც მოსწავლეები ეცნობიან ოკუპირებული შიდა ქართლისა და აფხაზეთის შესახებ ინფორმაციას. ასაკობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელძღვანელოში აქცენტი უფრო მეტად რეგიონების გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ საკითხებს ეხება და მხოლოდ თითო-ოროლა პარაგრაფი ეთმობა ამ რეგიონების პოლიტიკურ ისტორიასა თუ თანამედროვეობას, რაც მოსწავლეებს ვერ აძლევს საკმარის ცოდნას ამ რეგიონების როლზე ქართულ სახელმწიფოებრივ ერთობაში, კონფლიქტისა თუ დევნილთა პრობლემების შესახებ. ისტორიის სახელმძღვანელოებში აფხაზეთისა და შიდა ქართლის ოკუპირებული ნაწილის შესახებ დათმობილია საათები მეცხრე და მეთორმეტე კლასში. იმ ფაქტის გამო, რომ მეთორმეტე კლასში მოსწავლეთა აქტივობა ძალიან დაბალია, მხოლოდ მეცხრე კლასში აქვთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, რომ მეტ-ნაკლებად სიღრმისეულად გაეცნონ ამ საკითხს.

– რამდენად საკმარისია ის რაც სკოლებში ისწავლება და რა უნდა ისწავლებოდეს?

– წინამდებარე საუბრიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ნამდვილად არაა საკმარისი ის დრო, რომელიც გამოყოფილია აფხაზური და ოსური პრობლემის შესასწავლად. ასევე არაა მკაფიოდ განსაზღვრული ამ რეგიონების სტატუსი და საერთაშორისო დონეზე მისი არაღიარების საკითხი. ძალიან მნიშველოვანია, რომ ტერმინ “სამხრეთ ოსეთის” გამოყენების პრაქტიკა სკოლის ასაკიდანვე დაიგმოს და მოსწავლეებს მიეწოდოს ადეკვატური ცოდნა ამ ტერმინის ფალსიფიკაციის შესახებ. ამასთან, მკაფიოდ უნდა იქნეს წარმოჩენილი რუსეთის, როგორც კონფლიქტის მაპროვოცირებლის როლი ქართული-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში.

– რა როლი აქვთ პედაგოგებს, შეიძლება ითქვას, რომ მათზეა დამოკიდებული რას და რა მოცულობით ასწავლიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე?

– ამ შემთვევაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან მას უწევს ბეწვის ხიდზე გავლა. აუცილებელია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია ამ რეგიონების წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს ეთნიკურ ნიადაგზე არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბება. მასწავლებელმა უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს, რომ ეს ორი რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მათი ერთიან ქართულ სახელმწიფოში რეინტეგრაცია გარდაუვალი რეალობაა. ამასთან, უნდა დაანახოს ის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს სახელმწიფომ, რათა ეს პროცესი ჩიხში არ შევიდეს.

სკოლას და მასწავლებელს შეუძლია, სასკოლო პროგრამის გარდა იხელმძღვანელონ პროექტული სწავლების მეთოდით და უფრო საფუძვლიანად გააცნონ მოსწავლეებს ეს საკითხი. გამართონ შეხვედრები, მოიწვიონ დარგის პროფესიონალები, რომლებიც მეტად დაეხმარებიან მოსწავლეებს ამ საკითხის მრავალმხრივ აღქმაში.

ამ სენსიტიური პრობლემის გადაჭრის მიზნით, გადავწყვიტეთ, პროექტული სწავლებით გაგვეცნო მოსწავლეებისთვის აფხაზეთის წარსულის, თანამედროვეობის, დევნილთა პრობლემებისა და მომავალი გამოწვევების საკითხები. ეს ჩვენი სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრაზე, ამ სასწავლო წლის განმავლობაში ხირციელდება.

საუბრის დასასრულს, ისტორიის დოქტორანტმა და საგნის პედაგოგმა საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა იმის თაობაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რომ სკოლებში საკმარისი ყურადღება მიექცეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემის სწავლებას:

  • სასკოლო სახელმძღვანელოებში მკაფიოდ უნდა იქნას წარმოჩენილი ამ კუთხეების როლი ქართული ეთნოკულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში;
  • მკაფიოდ უნდა იქნას განმარტებული ტერმინ “სამხრეთ ოსეთის” აბსურდულობა;
  •  ეს საკითხი უნდა იყოს განხილული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში და არამც და არამც ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ ჭრილში;
  • თვალნათლივ უნდა იყოს წარმოჩენილი ამ რეგიონების სტატუსი წარსულში და დღეს. საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი;
  • აუცილებელია, შეიქმნას დამატებითი ლიტერატურა, სადაც დარგის ექსპერტები რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე მიმოიხილავენ მათ წარსულს, თანამედროვეობას, ეთნოგრაფიას და ა.შ. და ეს სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა სკოლისათვის;
  • განათლების სამინისტრომ და თვითმმართველობებმა მოაწყონ ღონისძიებები, რომელშიც წარმოჩენილი იქნება ამ რეგიონების გარშემო მრავალი საკითხი და ჩართონ მოსწავლეები დაგეგმილ აქტივობებში.

ასევე იხილეთ:

„შეიძლება, განათლების სისტემას მატყუარა ადამიანები მართავდნენ და მათ ვთხოვდეთ, ჩვენი შვილები სკოლებში პატიოსნად ცხოვრებას სწავლობდნენ?“

„თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ“ – რა კითხვამ გააღიზიანა პარლამენტში მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს ისტორია ცალკე საგნად – პოპულისტური ნაბიჯი თუ რეალური ცვლილება?

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური