GE

„სასკოლო განათლების სისტემის პულსი სასიკეთოდ აჩქარდა“

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სასკოლო განათლების რეფორმებზე გეოგრაფიის საგნის ექსპერტი მეგი ტალახაძე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია სასწავლო პროცესი გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული.

როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, 8 ივნისს განაცხადა, ყველა სკოლას ინდივიდუალური ხედვა აქვს, თუმცა სასწავლო პროცესის მოსწავლეზე ორიენტირებულობის პრობლემა მაინც დგას, რის გამოსწორებასაც პირველ რიგში ემსახურება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა.

„პირველი მიზანი არის, რომ ჩვენ შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები, შემოქმედებითი და ინოვაციური უნარებით აღჭურვილი, რომლებიც შეძლებენ სკოლაში მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანონ. საერთო სივრცით ვერ ვისაუბრებთ, რადგან ყველა სკოლას ინდივიდუალური ხედვა აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს ეს პრობლემა, რომ სასწავლო პროცესი უნდა გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული. აქ დგას დღის წესრიგში მოსწავლის შესაძლებლობები და ინტერესები, რაც თავისთავად ჩვენ უნდა დავინახოთ და ავითვისოთ, მასწავლებლებმა კი ხელი უნდა შეუწყონ ამ მოლოდინებისა და ინტერესების გამოვლენას“, – განაცხადა მეგი ტალახაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა პედაგოგების მზაობის ნაწილზეც ახალ მოდელთან ადაპტაციის კუთხით და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გრძელვადიანია და ერთ თვესა და ვერც ერთ წელში ვერ გადაწყდება.

„ეს ერთიანად, ერთ თვეში და ერთ წელში არ კეთდება, არსებული რეფორმების შემდეგ ყოველთვის ხდება კვლევები. კვლევების შედეგად ვიღებთ გარკვეულ პრობლემებს და იმ პრობლემების მიხედვით ხდება შესაბამისი უკუკავშირის გაცემა, შესაბამისი ინტერვენციებისა და ღონისძიებების დაგეგმვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც, პედაგოგებთან ნაბიჯ-ნაბიჯ იქნას მიღწეული ის დასახული მიზნები, რაც არის. სწორედ ამ პროცესშია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერი ჯგუფები ჩართული- სულ 24. ეს არის სკოლებთან მუშაობის უწყვეტი პროცესი. ჩვენ, ასე ვთქვათ, პულსის ცემას ვგრძნობთ: მასწავლებელი მიდის სკოლაში, ის ატარებს, ნერგავს პროცესს და შემდგომ აქვთ ჩვენთან შეხვედრები. მინდა გითხრათ, რომ სასკოლო განათლების სისტემის პულსი სასიკეთოდ აჩქარდა“, – განაცხადა მეგი ტალახაძემ.

მისივე თქმით, იყო და კვლავ რჩება გამოწვევები, ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მათ შორის მოსწავლის შეფასების ნაწილია, რომელიც არ უნდა იყოს ნიშანზე ორიენტირებული.

„ეს არის პროცესი, სადაც ჩვენ ვიღებთ მასწავლებლების უკუკავშირს. ჩვენ ვიღებთ მათ კრიტიკულ შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთობლივი გააზრების პროცესი. თვითონ ეროვნული სასწავლო გეგემაც მათ მიერ წამოღებულ უკუკავშირს შესაბამისად პასუხობს. გვქონდა და გვაქვს კიდეც გამოწვევები. ყველზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეს არის შეფასების ნაწილი, რომელიც არ უნდა იყოს ნიშანზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია კარგად დამუშავებული და გაცემული შეფასება, სადაც ჩანს ერთი კონკრეტული დავალებიდან როგორ მოხდა მოსწავლის პროგრესი“, – განაცხადა მეგი ტალახაძემ.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ახალი სკოლის მოდელი საქართველოს მასშტაბით 600 სკოლაში ინერგება, შემოდგომიდან კი ამ სკოლებს კიდევ 300 სკოლა დაემატება.

დაგეგმილია, რომ 2024 წლისთვის სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სკოლამ ამ მოდელით წარმართოს.

ამავე თემაზე:

მზად არის სკოლა და მასწავლებელი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის? – პედაგოგებისა და ექსპერტის თვალით დანახული სინამდვილე

„დღეს განათლების სამინისტროს ყველა კარი ჩაკეტილია, გადაწყვეტილებებს განხილვების გარეშე, ან სასურველი NGO-ების დახმარებით იღებენ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური