GE

სასკოლო პროექტი „ყველაზე წიგნიერი“ დაიწყო!

„მადლობა, „ყველაზე წიგნიერს“. მან შემაყვარა მე კითხვა“.

„ყველაზე წიგნიერი არის პროექტი, რომელმაც მე წამაკითხა 20-მდე წიგნი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე საინტერესოა. შენ იძენ სხვადასხვანაირ ინფორმაციას და წიგნის მეშვეობით მოგზაურობ სხვადასხვა ადგილას“.

„ეს ძალიან საინტერესო პროექტია. იმედია, კიდევ უფრო ბევრი ბავშვი შემოგვიერთდება. სწორედ ისეთი ბავშვებისთვის არის ეს პროექტი, ვისაც თავგადასავლები უყვარს“.

ამ და უამრავ ასეთ გამოხმაურებას მოსწავლეები „ყველაზე წიგნიერის“ ფეისბუქგვერდზე ტოვებენ. ეს ბავშვები სხვადასხვა დროს ჩაერთნენ პროექტში და უკვე კარგად იციან, როგორი შეგრძნებაა გქონდეს „ყველაზე წიგნიერის“ მონაწილისა და გამარჯვებულის სტატუსი.

„ყველაზე წიგნიერი“ მართლაც არის ის კონკურსი, რომელმაც უკვე მრავალი მოსწავლე გააერთიანა და რაც მთავარია, ყველაზე საინტერესო გზით დააახლოვა ისინი ლიტერატურას და წიგნებს.

მეექვსე წელია, „სულაკაურის გამომცემლობა“ სკოლებში კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ამ პროექტს ატარებს. წელს კი „ყველაზე წიგნიერი“ უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდა. დაემატა კონკურსები, რომლებიც პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ცოდნა გამოავლინონ, არამედ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარებიც. მაგალითად, წელს მონაწილეებს შეეძლებათ შექმნან და გამოსცენ ილუსტრირებული წიგნები, ამოგზაურონ ერთი წიგნის პერსონაჟი მეორეში, შექმნან წიგნების ალტერნატიული ყდები, შეადარონ წიგნი ფილმს… მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ითვალისწინებს გამარჯვებული ნამუშევრების პოპულარიზაციას: მოსწავლეების ნახელავს თუ ნააზრევს საზოგადოება ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით გაეცნობა. მოკლედ, „ყველაზე წიგნიერის“ მონაწილეები გამოცდილებას საგამომცემლო საქმიანობაშიც მიიღებენ.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: წელს „ყველაზე წიგნიერი“ უკვე მშობლებს, მასწავლებლებსა და სკოლის  დირექტორებს ჩართავს პროექტში. სპეციალური ესეების კონკურსების საშუალებით ისინი თავიანთ პირად და პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებენ კოლეგებსა და საზოგადოებას. რა წიგნებს ირჩევენ ბავშვები, როგორ უვითარებენ მასწავლებლები მოსწავლეებს წიგნიერების კომპეტენციას, როგორია თანამედროვე სასკოლო ბიბლიოთეკები და რა რესურსებია საჭირო პრობლემების მოსაგვარებლად თუ ახალი გამოწვევების მისაღებად. რჩეული ნამუშევრების ავტორები მიიღებენ საჩუქრებს გამომცემლობისგან. მათი გამოცდილების შესახებ კი ქვეყნის მასშტაბით უამრავი მშობელი და მასწავლებელი გაიგებს „სულაკაურის გამომცემლობის“ ციფრული სკოლის საშუალებით: გამარჯვებული ნამუშევრები სწორედ sulakauri.edu.ge-ზე გამოქვეყნდება.

ყველა დეტალი „ყველაზე წიგნიერის“ შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მოკლედ, „ყველაზე წიგნიერი“ დაიწყო.

მოსწავლეებო! მასწავლებლებო! მშობლებო! აღმოაჩინეთ ახალი წიგნები. აღმოაჩინეთ ძველი წიგნების აქამდე შეუმჩნეველი მხარეები. აღმოაჩინეთ ამ წიგნებთან დაკავშირებული საინტერესო კონკურსები, ღონისძიებები, ვიქტორინები. იკითხეთ, იფიქრეთ, შექმენით და აჩვენეთ ყველას თქვენი შემოქმედებითი უნარები. დაუმეგობრდით წიგნებს. გახდით „ყველაზე წიგნიერი“.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური