GE

სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა განათლების სამინისტროში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

განათლების სამინისტროში დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა. ავტორების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.

განათლების სამინსიტროს პოტენციური ავტორებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსი და ის დეტალები უნდა გაეცნო, რაც ავტორებმა კონკურსზე წიგნის წადგენისას უნდა გაითვალისწინონ. სასწავლო კურსის ჩასატარებლად ტრენერებიც ყავდათ მიწვეული, თუმცა სახელმძღვანელოების პოტენციური ავტორები აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე საკონკურსო პირობები აინტერესებთ და შემდეგ სხვა დეტალები.

“სახელმძღვანელოების შექმნას აქვს ბევრი სხვადასხვა ეტაპი და ნიუანსი, რომელიც ჩვენ, ავტორებს ძალიან გვაინტერესებს. ვთვლიდით, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენ დავსვამდით აქტუალურ შეკითხვებსაც. რა პირობებს სთავაზობს სამინისიტრო ავტორებს და გამომცემლებს იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მოტივირებულნი შეიტანონ კონკურსზე წიგნები. წინა შეხვედრაზე ბევრი ისეთი რამ ითქვა, რაც მიუღებელია ჩვენთვის და გამომცემლებისთვის. მაგალითად ის, რომ ავტორმა შეიძლება გრიფი მიიღოს, მაგრამ მისი წიგნი მაინც არ შეიძინოს განათლების სამინისტრომ. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, გვინდა თუ არა ასეთი პირობებით კონკურსში მონაწილეობა? ძალიან არ უნდოდათ, რომ ამ საკითხებზე საუბარი დაგვეწყო, თუმცა დარბაზში მსხდომმა ავტორებმა ტაში დაუკრეს, როცა ვთქვი, რომ თქვენ გვესაუბრებით სტანდარტებზე და წვრილმან ნიუანსებზე, როცა ჩვენ საერთოდ არ ვიცით, შემოვიტანთ თუ არა წიგნებს კონკურსზე.  ამიტომ ავტორთა ნაწილმა გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა შეხვედრა, იმიტომ, რომ რასაც ისინი გველაპარაკებიან ის ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს, რაც ჩვენ გვაინტრესებს, ამაზე საუბარს არ აპირებენ. ამიტომ გამოვედით“, – განუცხადა  EDU.ARIS.GE – ს რუსული ენის სახელმძღვანელოების ავტორმა მაია ლორთქიფანიძემ.

ჩვენი ინფორმაციით, განათლების სამინსიტროს წარმომადგენლებმა საკონკურსო პირობების გასარკვევად ახალი შეხვედრის დაგეგმვა დააყენეს დღის წესრიგში. თუმცა ავტორები, რომლებმაც შეხვედრა დატოვეს, თვლიან, რომ პრიორიტეტი სწორედ ეს საკითხია და სხვა დანარჩენი მხოლოდ მისი მოგვარების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„ვითომ ყველაფერი სხვა მოგვარებულია, შეთანხმებულები ვართ და შინაარსი დაგვრჩა მხოლოდ. ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი. ეს არის სრული უაზრობა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით პირობები. როდესაც პირობები გაირკვევა, მაშინ გადავწყვეტთ გვაწყობს, თუ არა. მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი შინაარსზე, პრეზენტაციების მოწყობაზე, ესგ-ის გეგმებზე და ა.შ. ეს იყო არაადეკვატური, ჩემი ღრმა რწმენით. ამიტომ, ავტორების ის ნაწილი, ვინც ადრე ვართ შეხვედრებზე ნამყოფი და ვიცით ამ გადაუწყვეტელი პრობლემების შესახებ, გამოვედით შეხვედრიდან. ჯერ პირობები უნდა იცოდეს ადამიანმა და მერე უნდა დაიწყოს მუშაობა. თან ისეთი მუშაობა, რომელიც სახელმძღვანელოს შექმნას ეხება. ძალიან საეჭვოა, რომ მოეწსროს ახალი სახელმძღვანელოების შექმნა და დაბეჭდვა. როდესაც ჩვენ ასე ვსვამთ საკითხს, რომ დააბრუნეთ ძველი პირობები, თორემ ჩაიშლება პროცესი, ორაზროვნად გვპასუხობენ რომ სათადარიგო ვარიანტები გააჩნიათ. ჩვენ კი გვესმის, რომ რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იქნება დაბალზე დაბალი ხარისხი“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს სახელმძღვანელოს ავტორმა თამარ ჩიმაკაძემ.

სკოლებში ახალი სახელმძღვანელოების შეტანის წესი უკვე დარღვეულია. ამჟამინდელი გეგმით ახალი წიგნები პირველი-მეექვსე კლასებში 2018-2019 სასწავლო წელს უნდა შევიდეს. განათლების სამინისტროსა და სახელმძღვანელოების ავტორების მოლაპარაკების პროცესი ჯერ კიდევ დაწყებით ფაზაშია.

ავტორებთან შეხვედრას სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონია უძღვებოდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი 

სკოლებში 2017–18 სასწავლო წელსაც ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან – „მე და საზოგადოების“ სწავლება გადაიდო

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური