GE

სასწავლო პროცესის გადადების რეკომენდაცია უმაღლეს სასწავლებლებსაც ეხებათ – მინისტრის განმარტება არსებულ მდგომარეობაზე

განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო პროცესის 21-იანვრამდე გადადების რეკომენდაცია სკოლების გარდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ეხებათ. მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მთავარია რისკებისგან თავის დაზღვევა და ამისათვის ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული.

„ეს გადაწყვეტილება ეხება საჯარო სკოლებს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაცია გავეცით, რომ მაქსიმალურად ყველა სასწავლებელში აირიდონ ეს რისკები და ვფიქრობთ, რო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტუდენტებზე ზრუნვა, პედაგოგებზე ზრუნვა და შეიძლება ისეთ დიდ რისკებთან არ იყოს აქ ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ სჯობს რომ დავეზღვიოთ ყველაფრისგან,  ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, რომ ყველანაირი რისკებისგან ვიყოთ დაზღვეული“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ გრიპის ვირუსის შემცირების  ტენდენციის შემთხვევაშიც კი,  სკოლებში სასწავლო პროცესის 21-იანვრიდან განახლების რეკომენდაციას განათლების სამინისტრო არ შეცვლის. მიხეილ ბატიაშვილის  განმარტებით, ამ ეტაპზე უპირველესი საზრუნავი ბავშვების და პედაგოგების ჯანმრთელობაა და აუცილებელია ამ პერიოდში თავის დაზღვევა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელების რისკები.

„ამ ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, თუ როგორ მოხდება დანარჩენ ეტაპებზე ვირუსების გავრცელება. ვფიქრობთ, რომ ეს ერთი კვირა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ძირითადმა პიკმა  გადაიაროს. ჩვენ უკვე მივმართეთ რეკომენდაციით, სკოლებში შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს. ესეც არ უნდა იყოს ერთჯერადი. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ ყველა სასწავლო დაწესებულებაში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ბავშვები შესაბამისი რისკებისგან“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

სკოლებში სწავლის დაწყება 21-იანვრამდე გადაიდო – რეკომენდაციები განათლების სამინისტროსგან

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური