სკოლებში სწავლის დაწყება 21-იანვრამდე გადაიდო – რეკომენდაციები განათლების სამინისტროსგან
სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. გამომდინარე იქიდან, რომ 18 იანვარი პარასკევია და მომდევნო ორი დღე დასვენების დღეებია, სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება.
იხილეთ ბრძანება
“ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას”,- აცხადებენ სამინისტროში.
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებშიც სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება.
მოამზადა გიორგი ხუხიამ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება