GE

სასწავლო წელი სკოლის შენობაში სრულდება, ახლა მშობელი ხდება მასწავლებელი – რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს

16 ივნისს, საჯარო სკოლების მოსწავლეები მშობლიურ სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობებიან, მაგრამ ის ფაქტი, რომ სასწავლო წელი სკოლის შენობაში სრულდება, სულაც არ ნიშნავს, რომ მოსწავლემ განათლების მიღების პროცესი უნდა დააპაუზოს. ამ დროს კი, როგორც განათლების სპეციალისტები ამბობენ, მოსწავლის მთავარი “მასწავლებელი” მშობელია.

„ზაფხულის არდადეგები მოსწავლეთა გადმოსახედიდან დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება. თუმცა სინამდვილეში, ეს ის პერიოდია, როდესაც მშობელი კისრულობს მასწავლებლის როლს და ეხმარება ბავშვს ზრდა – განვითარებაში“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განათლების სპეციალისტი ნანა დოკაძე, რომელიც თავადაც მშობელია.

ჩვენი რესპონდენტი მშობლებს პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს, რათა ზაფხულის პერიოდი სახალისოსთან ერთად, შვილისთვის ნაყოფიერად აქციონ.

ნანა დოკაძე: ყველა მშობელს პედაგოგიური განათლება არ აქვს და გარკვეული რჩევებია საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს საზაფხულო პერიოდი ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს საზაფხულო სკოლები, სადაც თავისუფლად შეუძლია მშობელს ბავშვების ცხოვრება გადაახალისოს, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ბევრს არ გააჩნია ამის საშუალება.

– მშობლების ერთ-ერთი თავსატეხია შვილის მეცადინეობის პროცესი დასვენების პარალელურად. მოსწავლემ უნდა გაიმყაროს მიღებული ცოდნა და არდადეგებისას არ დაავიწყდეს ის, რაც მთელი წელი ისწავლა, როგორ შეძლონ ეს?

– პირველ რიგში, მშობელმა უნდა დაგეგმოს საზაფხულო პროგრამა, რომელშიც რასაკვირველია, კლასიკური გაგებით მეცადინეობაც შევა, მაგრამ უფრო მეტი აქცენტი იქნება გაკეთებული შვილის სააზროვნო და ფსიქო-სოციალური უნარების განვითარებაზე. გირჩევთ რამდენიმე აქტივობას, რომელში მონაწილეობაც მოსწავლისთვის საყვარელ “საქმიანობად” იქცევა:

გავეცნოთ მსოფლიო კულინარიას: დაამზადეთ რომელიმე ქვეყნის ტრადიციული სასმელი ან საჭმელი მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად. აქტივობის გასაუმჯობესებლად, სთხოვეთ შვილს, მოიძიოს ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებაც, რომლის კერძიც შეარჩია. თქვენ კი აწარმოეთ შეფასების დღიური, სადაც გააკეთებთ ჩანაწერებს, როგორ გაართვა მოსწავლემ თავი სამუშაოს. თვის ბოლოს კი შეაჯამეთ თქვენი ჩანაწერები და შეაფასეთ წამახალისებელი ქულებით;

სიტყვები, როგორც მოტივაციის გენერატორი: დააწესეთ ისეთი გამონათქვამების მოძიების ერთგვარი კონკურსი, რაც პიროვნული გაძლიერებისა და ემოციური ინტელექტის მართვას უკავშირდება. ამ თამაშს დიდ ჯგუფში თუ განახორციელებთ და უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც ჩართავთ, ნამდვილად სჭირო სოციალური აქტივობა იქნება.

ემპათიის გასავითარებლად, სხვაზე ზრუნვის, სიკეთის და სიყვარულის დასამკვიდრებლად თქვენი შვილების გულებში, აუცილებელია მათ ისწავლონ ისეთი ფრაზების თქმა, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს გარშემომყოფებს, მაგალითად: „მეც მინდა, ისეთი ჭკვიანი ვიყო, როგორიც შენ ხარ“, „ბედნიერი ვარ, რომ შენ მყავხარ“, „პატივს გცემ და მეამაყები“, „შენთვის შეუძლებელი არაფერია“ , „როგორი ძლიერი ხარ“;

მე ქველმოქმედი ვარ: ზაფხული საუკეთესო დროა იმისთვის, რომ შვილები მნიშვნელოვან საკითხებზე დააფიქროთ. სთხოვეთ, გადაარჩიოს ტანისამოსი და ნივთები. ასევე, ჩართეთ ახლობლები ან მეგობრები, გამოიყენეთ ინტერნეტსივრცე და შექმენით მცირე საზოგადოება შემოწირულებისთვის. ეწვიეთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს რომლებიც ასე გველიან ყველას. ეს საუკეთესო გამოცდილებაა ემპათიის გასავითარებლად, სხვაზე ზრუნვის, სიკეთისა და სიყვარულის დასამკვიდრებლად თქვენი შვილების გულებში;

ჩემი საყვარელი ავტორი: ურჩიეთ შვილს, გაიმდიდროს თვალსაწიერი. წაიკითხოს სასურველი ნაწარმოები და ამოიწეროს მისთვის საინტერესო ფრაგმენტები. იმსჯელეთ ერთად და გაანალიზეთ ნაწარმოები, როგორც კრიტიკოსებმა. დამერწმუნეთ, წინ საკმაოდ საინტერესო საღამოები გელით.

– და ბოლოს, ქალბატონო ნანა, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ის მშობლები, ვინც ვერ ახერხებს შვილის მეცადინეობას თუ მსგავსი აქტივობებით დატვირთვას არდადეგების პერიოდში?

– გამოწვევა იქნება საკმაოდ სერიოზული. გარდა იმისა, რომ შვილს ექნება გარკვეული ჩავარდნა სასწავლო მასალის ათვისებაში, მას დისციპლინის გამომუშავება გაუჭირდება და სასწავლო წლის დასაწყისიდანვე, მშობლები მოისმენენ არცთუ სასიამოვნო შეფასებებს მასწავლებლებისგან. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ მეცადინეობა არ უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი.  აუცილებელია, შვილი ჩართოთ სოციალურ აქტივობებში, რაც მას დაეხმარება განვითარდეს პიროვნულად და მაქსიმალური მიიღოს არდადეგებისგან.

ასევე იხილეთ:

უსაფრთხოების ნორმები და მკაფიო ინსტრუქციები – არასაკლასო საგაზაფხულო აქტივობები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური