GE

სახელმწიფო უნივერსიტეტებს 3 მილიონამდე გადასახადი უნდა აპატიონ – პარლამენტის დეპუტატების ინიციატივა

პარლამენტის განათლების კომიტეტში აქვთ ინიციატივა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები საკუთრებაში და ასევე სარგებლობაში არსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების თანახმად, შეღავათი ასევე გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, თუ ეს ქონება საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გამოიყენება.

ცვლილიებების პროექტის თანახმად, ყოველწლიურად, დაახლოებით 640 ათას ლარზე მეტს დაზოგავს, მაგალითად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 655 ათას ლარზე მეტს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩამონათვალში ასევე გვხვდება ახლადაშენებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელსაც ბიუჯეტში ქონების გადასახადისთვის განკუთვნილი 354 976 ლარი გამოუთავისუფლდება.

კანონპროექტი განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა: შალვა პაპუაშვილმა, გიორგი ამილახვარმა, თამარ ტალიაშვილმა და მარიამ ლაშხმა მოამზადეს. დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა, 7 ივნისს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი, პანდემიის პირობებში უმაღლესი განათლების ხელშეწყობაა.

„ეს საკმოდ მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა, პრაქტიკულად ეს არის განათლების ხელშეწყობის ინიციატივა. კოვიდპანდემიის შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ძალიან ბევრი სირთულის წინაშე დადგნენ, ამ პერიოდში უამრავი გამოწვევა იყო. შეღავათი, რომელსაც ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივით ვითვალისწინებთ, საჯარო უმაღლეს სასწავლებლებს ფინანსურად დაეხმარება. მათ ექნებათ მეტი საშუალება, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საკუთარი ფინანსების კონცენტრირება მოახდინონ და იმ სასწავლო საჭიროებებზე წარმართონ, რომელიც მათ წინაშე არსებობს. რემედიაციის პოლიტიკა არამხოლოდ ზოგადი განათლების ეტაპზე, არამედ ყველა საფეხურზე გახდება საჭირო, შესაბამისად, ჩვენ უმაღლეს განათლებაში, ძალიან ბევრი რესურსი დაგვჭირდება“, – ამბობს პარლამენტის წევრი.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დეპუტატების ინიციატივას მოიწონებს, კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯამურად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაახლოებით 11.9 მლნ ლარით შემცირდება, ხოლო წლიური გავლენა  2.97 მლნ ლარი იქნება.

კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, დაშვება გაკეთებულია სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სახელმწიფოს მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავი ქონებაზე 2020 წელს დარიცხული გადასახადის ოდენობის შესაბამისად.

2020 წელს დარიცხული გადასახადის ოდენობა ცალკეული უნივერსიტეტებისთვის ასეთია:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 640 797 ლარი;  სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 655 365 ლარი; სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 252 615 ლარი; სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 55 650 ლარი; სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 28 365 ლარი; სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 332 761 ლარი; სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 203 856 ლარი; სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 18 702 ლარი; სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 13 676 ლარი; სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 10 659 ლარი; სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 353 673 ლარი; სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 354 976 ლარი; სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 14 341 ლარი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 32 700 ლარი; სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 952 ლარი;

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს  დღეს, 7  ივნისს წარედგინება, რის შემდეგაც, ის შესაბამის კომიტეტებში გადამისამართდება.

350 დოლარად ნაყიდი დიპლომი – ,,პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ის მხოლოდ უნივერსიტეტებს არ უკავშირდება, ეს მთლიანად ქვეყნის კატასტროფაა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური