სახელოვნებო-სასპორტო პროგრამებზე შიდა კონკურსები ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ ჩატარდება
აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე აპირებენ ჩაბარებას, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, შიდა საუნივერსიტეტო კონკურსები აღარ ჩაუტარდებათ. პარლამენტში აღნიშნულ გადაწყვეტილებას, კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულ სიტუაციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებები კონკურსებს მომავალში, მოსახერხებელ დროს ჩაატარებენ.
კანონპროექტში წერია, რომ იცვლება მხოლოდ კონკურსების ჩატარების პერიოდი და ის გაუქმებული არ არის.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან 2020 წლისთვის ამოღებულ იქნება სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩატარების ვალდებულება. რაც შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს აღნიშნული კონკურსები ჩაატარონ მათთვის უფრო მოსახერხებელ პერიოდში“,- ნათქვამია კანონპროექტში.
როგორც EDU.ARIS.GE –ს, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში განუცხადეს, საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დამტკიცებულია და პრეზიდენტთან ხელმოსაწერადაა გადაგზავნილი.
საკანონმდებლო ცვლილება განხორციელებულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ უმაღლესი სასწავებლების ნაწილში შიდა გამოცდები უკვე დასრულებულია, მაგალითად კონსერვატორიაში, ნაწილში კი მიმდინარეობს (თეატრალურ უნივერსიტეტში). შიდა კონკურსები 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და სქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
„უმაღლესი განათლების შესახებ“კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სახელოვნებო-შემოქმედებით, სასპორტო ან სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების აბიტურიენტებს ამ დაწესებულებათა მიერ კონკურსის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა მოეხსნათ. დეპუტატების განმარტებით, ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები შეფერხდა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება