შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი იქნება, რომელიც დღემდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ნინო წერეთლის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს, 20 თებერვალს, განათლების სამინისტრომ გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ესწრებოდა.
ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას”.
რაც შეეხება ნინო წერეთელის ბიოგრაფიულ ცნობებსა და გამოცდილებას:
განათლება:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1977-1982 – ინჟინერ–ეკონომისტის კვალიფიკაცია, მაგისტრთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება:
2019 წლიდან – დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
2010-2019 წწ. – მუშაობდა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში რეესტრის სამმართველოს უფროსის, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფროსის და დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე;
2004-2010 წწ. – მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გენერეალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტის, ლიცენზირების, ლეგალიზაციის და აპოსტილის სამმართველოს უფროსის, ლიცენზირების სამმართველოს უფროსისა და ლიცენზირებისა და აპოსტილის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე;
1996-2004 – შპს „თბილსანტექმონტაჟი“, ეკონომისტ-ფინანსისტი;
1982-1996 – ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს რესპუბლიკური გამოთვლითი ცენტრი, ინჟინერი, ეკონომისტი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ თანამდებობა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დატოვა.
NAEC-ის დებულების თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს განათლების „მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.
ასევე იხილეთ:
როდის ეყოლება NAEC-ს ახალი ხელმძღვანელი? – დირექტორის მოვალეობას კახა ჯამბურია ასრულებს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება