„შეირგეთ პირველი დღეები, ჩვენც ასე ვღელავდით, ახლა ამაზე ბევრს ვხალისობთ“ – სტუდენტი მომავალი პირველკურსელებისთვის
„წინა დღეს, წინასწარ ვფიქრობდი და ვგეგმავდი, რა უნდა მექნა, როცა უნივერსიტეტში შევიდოდი. არ გამოვიდა ისე, როგორც ვვარაუდობდი, ბევრად უკეთესად მოხდა ყველაფერი“, – ასე იხსენებს პირველ დღეს უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ლუკა მამალაშვილი.
„ჩვენც ასე არ ვიყავით?!“ – ამოთქვამს ჩვენი სიცხისგან დაღონებული ერთგული მკითხველი და მართალიც აღმოჩნდება. ყველაზე გულმავიწყი ადამიანისთვისაც კი შეუძლებელია ასეთი მნიშვნელოვანი დღის დავიწყება. მომავალი პირველკურსელები ღელავენ, გეგმავენ, ათას რამეს კითხულობენ. აინტერესებთ რა იქნება, როგორ იქნება, როდის იქნება და ხომ მოეწონებათ.
მაშ რა უნდა იცოდეთ პირველი სასწავლო დღის შესახებ? როგორ უნდა მოემზადოთ და შეემზადოთ იმ ემოციებისთვის, რომელიც თქვენთვის დაუვიწყარი აღმოჩნდება?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიიის ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა მამალაშვილი EDU.ARIS.GE-სთან იხსენებს, რომ კურსელების გაცნობა მისი მთავარი ინტერესი იყო როგორც უნივერსიტეტის დაწყებამდე, ისე უნივერსიტეტში გამოცხადების პირველ დღესაც.
„პირველად უნივერსიტეტში რეგისტრაციის დღეს მივედი, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმედგინა. შემდეგ კი სწავლის დაწყების პირველ დღეს. მახსოვს, გავსებული თსუ-ის პირველი კორპუსი, მიმოფანტული სტუდენტები, აქეთ-იქით ყურება, რათა ამომეცნო ჩემი იდუმალი კურსელები, რომელთა ხილვაც უნივერსიტეტის დაწყებამდეც და უნივერსიტეტში მისვლის პირველ დღესაც ჩემთვის მთავარი ინტერესი იყო“.
ლუკას თქმით, პირველკურსელების შიში, თითქოს სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მარტო აღმოჩნდებით, რეალური არ არის და ამიტომ, მომავალ პირველკურსელებს დარწმუნებით ეუბნება: „შენიანს ყველგან იპოვი“.
„ბევრი ჩემი ნაცნობი ვნახე ჩემს კორპუსში, რომლებთანაც უნივერსიტეტამდეც მქონია ურთიერთობა. რთულია უნივერსიტეტში მარტო აღმოჩნდე, “შენიანს” აქ ყველგან იპოვი. აბიტურიენტებს ვეტყვი: დამშვიდდით, ჩვენც ასე ვღელავდით, ახლა ამაზე ბევრს ვხალისობთ“ .
ფილოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მომავალ პირველკურსელებს რჩევასაც აძლევს და ამშვიდებს, რომ მხოლოდ სწავლა არ მოუწევთ და გართობისთვისაც მოემზადონ:
„თსუ-ის მომავალო პირველკურსელებო, თქვენ წინ გელოდებათ Welcome Party, ზამთრის სეზონზე New Year Party. ასევე, უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ლაშქრობები, მრავალი ვიქტორინები. მოკლედ მოწყენა შეუძლებელია. იცოდეთ, რომ წინ გელით უამრავი სასიამოვნო შეხვედრები“.
საუბრის ბოლოს, ჩვენი რესპონდენტი მომავალ პირველკურსელებს პრაქიკულ რჩევას აძლევს.
„ზოგადად, დიდი ხანია ეს ტრადიცია გვაქვს, “თეთრი პერანგის ” ტრადიცია. რაც, რა თქმა უნდა, ლამაზად ჩანს როგორც ახლოდან, ასევე შორიდან. კარგით, ხუმრობა იქით იყოს და სასწავლო წლის პირველი დღე მაინც სხვაა, გაცნობის დღეა. მხოლოდ მოღიმარი სახეები გვჭირდება, რომ გაცნობის სურვილიც გაგვიჩნდეს და მეგობრობისაც. ამ დღეს იცნობთ არა მხოლოდ კურსელებს, არამედ ლექტორებს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. ამიტომ, წიგნებით და კონსპექტებით გამოცხადების საჭიროება, მერწმუნეთ, რომ არ იქნება. შეირგეთ პირველი დღეები, გამოცდებიც მალე მოვა“, – ამბობს ლუკა მამალაშვილი.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან