შექმნამდე დაფინანსებული ფაკულტეტი – სამინისტროს პასუხი ვეტერინარიის „უფასო“ ფაკულტეტზე
წინასწარ დავაფინანსეთ – დაახლოებით ასეთია განათლების სამინისტროს პასუხი იმაზე, თუ რატომაა ვეტერინარიის ფაკულტეტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიაში, როცა იგი არც ერთ უმაღლეს სახელმწიფო საწავლებელში არ ისწავლება.
მოგეხსენებათ, EDU.ARIS.GE-მ ამ პარადოქსის შესახებ რამდენიმე დღის წინ სტატიაში მოგითხროთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ უფასო ფაკულტეტების სიაში ვეტერინარიის არსებობა აბიტურიენტებისა და მათი მშობლების დაბნეულობას იწვევდა. ვეტერინარია მხოლოდ ორიოდ კერძო სასწავლებელში ისწავლება, შესაბამისად, აბიტურიენტები, რომლებიც ამ სპეციალობის დაუფლებას გადაწყვეტდნენ, იძულებულები ხდებოდნენ სწორედ ამ კერძო უნივერსიტეტებისათვის მიემართათ. იქ კი მათი დაფინანსება “არ ჭრიდა”.
სწორედ ასეთი შემთხვევის შესახებ გვიამბობდა რესპონდენტიც, რომლის შვილმაც ვეტერინარია აირჩია, აგრარულ უნივერსიტეტში საბუთები შეიტანა, გამოცდა წარმატებით ჩააბარა, სამინისტროსაგან მისალოცი მესიჯიც მიუვიდა, ხოლო მეორე კურსზე უნივერსიტეტის დეკანატში განუცხადეს, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაეხადა.
მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა, ჩვენ თემაზე კომენტარი განათლების სამინისტროსაც ვთხოვეთ. მათი პასუხის მიხედვით, ვეტერინარია უფასო ფაკულტეტების სიაში წინასწარ შეიტანეს. ანუ, მანამ, სანამ სახელმწიფო სასწავლებლებში ეს ფაკულტეტი გაიხსნება. ამავდროულად კი, მათი თქმით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამაზე ზრუნვა დაიწყო, თუმცა რატომღაც სამუშაოების ჩასატარებლად 4 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა.
„გაცნობებთ, რომ 2013-2014 წლებში სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაიწყო აგრარული მიმართულების ახალი ფაკულტეტის ფორმირება, ფაკულტეტის ფარგლებში უნდა მოხდეს აგრარულ სფეროში ამ დროისათვის სავალალო მდგომარეობაში მყოფი არაერთი სასწავლო-კვლევითი მიმართულების აღორძინება. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ვეტერინარიის მიმართულებით.
„ამასთანავე, ვეტერინარია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო-კვლევითი დარგი, მოითხოვს სპეციფიკურ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე ფორმირებულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური პერსონალის არსებობას.
„ბუნებრივია, ყოველივე აღნიშნული მოითხოვს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციათა ფარგლებში ხანგრძლივ, მიზანმიმართულ ღონისძიებათა განხორციელებას.
„შესაბამისად, 2013 წელს სახელმწიფოს მიერ ბაკალავრიატის სპეციალობათა დაფინანსების პროგრამის ამოქმედებისთანავე ვეტერინარიის სპეციალობა (მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დროისათვის ეს სპეციალობა არ ხორციელდებოდა) განისაზღვრა, როგორც მიზანი, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მეორე მხრივ, კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციათა ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო-კვლევითი პროცესების საფუძველზე“,- მოგვწერეს სამინისტროდან.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მინისტრმა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების, ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაორმაგება ჩვენთან საუბრისას დააანონსა. მოგვიანებით, ჩვენთან საუბრისასვე გადაიფიქრა: „წლევანდელი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უცვლელი იქნება შარშანდელთან შედარებით. მომავალი წლისთვის გვექნება განახლებული სისტემა. მთავრობისთვის წარსადგენად კი ვადებში ჩავეტევით აუცილებლად,“– გვითხრა ჯეჯელავამ. თუმცა ამ კომნტარის გაკეთებიდან მეორე დღეს მან ერთ–ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ისევ განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტების რაოდენობის გაორმაგება წელსვე იგეგმება. ასე რომ, გაიზრდება თუ არა ფაკულტეტების რიცხვი, როგორც ხედავთ, ჯერ–ჯერობით არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სამნისტროსთვისაც უცნობია.
გაფინანსებთ, მაგრამ არ გაფინანსებთ – უფასო ფაკულტეტების ხიბლი
„უფასო ფაკულტეტების რაოდენობა 2017 წელს გაორმაგდება და მასზე მოხვედრა გართულდება“
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება