GE

პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას 6 წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით,  ავტორიზაციის შედეგად, აკადემიას მიეცა უფლება, მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ – აკრედიტაციის მიზნით.

შსს-ს ცნობით, პროგრამა უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს – ბაკალავრიატს მიეკუთვნება, მისი მიზანი კი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთის, გამოძიების, ანალიზისა და პრევენციის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაა.

„პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს მიენიჭება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის ბაკალავრის კვალიფიკაცია.

პოლიციის აკადემია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასაც შეძლებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

სუს-ის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტებს წელს მიიღებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური