„შვილის სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობა შემცირებულია“ – როგორ ხსნიან კვლევის ამ შედეგებს მოსწავლეთა მშობლები
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის უახლეს, 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსწავლის მიღწევაზე მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მოსწავლის საცხოვრებელი გარემო და სწავლა-სწავლების პროცესი.
PISA 2022-ის ანგარიში რამდენიმე მათგანზე ამახვილებს ყურადღებას და ერთ-ერთია მშობლის სასწავლო პროცესში ჩართულობა.
ამ მიმართულებით საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლებშიც შვილის სასწავლო პროცესში ჩართული მშობლების წილი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
სკოლების დირექტორებისგან შეგროვებული PISA 2022-ის მონაცემების მიხედვით, სასწავლო პროცესში ჩართული მშობლების/მეურვეების პროცენტული მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად შემცირდა 2018-2022 წლებში, განსაკუთრებით სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებში. ეს უარყოფითი ტენდენცია დაფიქსირდა მონაწილე ყველა ქვეყნის/ეკონომიკის ნახევარზე ნაკლებში.
“სკოლის დირექტორების თქმით, სკოლები უფრო ხშირად განიხილავდნენ მოსწავლეთა პროგრესს მშობლებთან/მეურვეებთან, ვიდრე მოსწავლეების ქცევას და უფრო ხშირად მასწავლებლის, ვიდრე მშობლის ან მეურვის ინიციატივით”.
კვლევის პროცესში გამოკითხული სკოლის დირექტორების აზრით, 2018 წელთან შედარებით, 2022 წელს საქართველოში არ შეცვლილა იმ მშობლების/მეურვეების წილი, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ეკონტაქტებოდა მასწავლებელს თავისი შვილის სასკოლო აქტივობებთან დაკავშირებით. ეს რაოდენობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად შემცირდა PISA-ში მონაწილე ქვეყნების უმეტესობაში (OECD-ის ქვეყნებში საშუალო შემცირება 10%-ს შეადგენს).
“2022 წელს საქართველოში 11%-ით გაიზარდა მასწავლებლის ინიციატივით მშობლებთან მათი შვილის მიღწევებზე საუბრის სიხშირე, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდაა 2018 წელთან შედარებით”, – აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც შესაბამისი ინფოგრაფიკა ერთვის:
მშობელთა ნაკლებჩართულობის ტენდენციას EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ადასტურებს ორი შვილის დედა, თუმცა ამატებს, რომ არც მისი მე-6 და მე-11 კლასის მოსწავლე შვილების მასწავლებლები ან სკოლაა აქტიური ინფორმაციების მიწოდების კუთხით:
“სიმართლე გითხრათ, პირადად მე, არ ვარ აქტიურად ჩართული, ჩემზე კარგად ვინ იცის ჩემი შვილები, მაგრამ არც დირექტორსა და მასწავლებელს მოუკლია თავი ჩემთან დარეკვით, ან მოწერით, რომ “შენს შვილს რომელიმე საგანში სწავლა უჭირსო”. რაც შეეხება პროცესს, ჩემი გოგონა პატარაა და სწავლობს, უფროსი ბიჭი კი ზარმაცობს ზედა კლასებში, მაგრამ ვფიქრობ, თავად არეგულირებს პროცესს საკუთარ მასწავლებლებთან. მთავარი კი ჩემთვის ის არის, რომ არ მინდა, ჩემმა შვილებმა ნიშნის გამო ისწავლონ, მინდა ცოდნის მიღებისთვის ისწავლონ და ეს ინტერესი მათ სკოლამ უნდა გაუჩინოს”, – ამბობს საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელი.
კითხვაზე, შეიცვლებოდა თუ არა აღნიშნული სიტუაცია, თუკი მშობლებს მეტი თავისუფალი დრო ექნებოდათ, ორი მოსწავლის მშობელი ამბობს, რომ არსობრივად არა და ამის მიზეზსაც ნათლად განმარტავს: “გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, შეიცვლებოდა, მაგრამ ალბათ, ოქროს შუალედს ვიპოვიდი. დღევანდელი თაობის მოსწავლეები მეტად დამოუკიდებლები არიან და რთულად აღიქვამენ თავიანთი პირადი სივრცის დარღვევას თუ გადამეტებულ ჩარევას. ამიტომ, სკოლაში რაღაც უნდა შეიცვალოს, მარტო იმის თქმა, რომ “გაკვეთილი გექნებათ ამ თავიდან ამ თავამდე და თუ არ გეცოდინებათ, ორიანს დაგიწერთ” ცოტა დრომოჭმულია, უფრო შემოქმედებითი ხასიათის გაკვეთილები უნდა იყოს და მეტი ინტერესიც ექნებათ მოსწავლეებს სწავლის მიმართ”.
მარიამ იმერლიშვილი კი, რომლის შვილიც რეგიონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა გვიდასტურებს, რომ სკოლის დირექტორი, თავისივე ინიციატივით, ხშირად ურეკავს და სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციას აწვდის.
“იმის გათვალისწინებით, რომ მე თბილისში ვმუშაობ, ჩემი ბიჭი კი რეგიონის სკოლაში დადის, მასწავლებლებთან აქტიური შეხება არ მაქვს, მაგრამ სატელეფონო კომუნიკაცია ხშირად მაქვს როგორც სკოლის დირექტორთან, ისე კლასის დამრიგებელთან. მათ შორის, შემიძლია დაგიდასტუროთ ისიც, რომ ეს კომუნიკაცია ხშირად თავად სკოლის დირექტორს ინიციატივით არის და ნებისმიერ საკითხს ეხება. აქტიურად მატყობინებს სხვადასხვა ინფორმაციას ჩემი შვილის შესახებ, მათ შორის მისი მოსწრების თაობაზე – მოუმატა თუ მოუკლო სწავლას, როგორია დისციპლინის კუთხით და სხვა. ჩემი კომუნიკაცია კი უმეტესად დამრიგებელთან არის და ნებისმიერ საკითხზე, რისი ინტერესიც მაქვს, უკუკავშირს დამრიგებლისგან ვიღებ, სწორედ ის მაყენებს პირველ რიგში საქმის კურსში და შესაბამისად, დირექტორთან საუბრები გადამეტებული დოზით არ მაქვს”, – გვიხსნის მშობელი.
შვილის სასწავლო პროცესში ჩართულობის კუთხით განსხვავებულია დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლების პოზიციები. მეოთხე კლასამდე მათ აქტიურად უწევთ შვილის სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც, მათი შეფასებით, მოსწავლის პატარა ასაკით არის გამოწვეული და “მეტ პასუხისმგებლობას, ჩართულობას ავალდებულებთ”.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება