GE

სკოლა დავამთავრეთ, რა იქნება შემდეგი? – „არ დაკარგოთ 4 წელი იმ პროფესიის შესწავლაში, რომელიც არ გეყვარებათ“

„გილოცავთ, თქვენ წარმატებით დაასრულეთ სკოლა!“. სულ რამდენიმე კვირის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათასობით დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ ეს ფრაზა მოისმინა და გაიაზრა, რომ მათი სტატუსი უკვე აღარ არის „მოსწავლე“.

კურსდამთავრებულებიც გვიდასტურებენ, რომ მას შემდეგ, რაც მეთორმეტე კლასი დაასრულეს,  სულ უფრო მეტად ესმით კითვხა: „და ახლა, რას აპირებ?“. „მართლაც, რას ვაპირებ ახლა?!“- სანამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებცხელებაში ჩაერთვებიან, ან პროფესიული განათლების საფეხურს აირჩევენ, ან სულ სხვა გზას, ეს კითხვა აქტუალობას არ დაკარგავს.

ამ ერთი შეხედვით გამაბრუებელი სამომავლო პერსპექტივის მსუბუქად მიღებასა და აღქმაში კურსდამთავრებულებს EDU.ARIS.GE – ს დღევანდელი რესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი, თამარ ბიბიჩაძე დაეხმარება, რომელმაც ასპროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსების მოიპოვება შეძლო და ასევე, წარჩინებით სწავლის საფუძველზე სახელმწიფო სტიპენდიაც აქვს.

– თამარ, რა ეტაპის გავლა მოუწევთ სკოლის კურსდამთავრებულებს ახლა?

– სკოლის დასრულების შემდეგი, გარდამავალი ეტაპია ფსიქო-ემოციური მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. გამოცდებთან დაკავშირებული ვნებათაღელვის მიუხედავად, დანამდვილებით შემიძლია მათ ვუთხრა, რომ წინ სტუდენტობის შესანიშნავი წლები ელოდებათ, რომელიც დატვირთული იქნება სასიამოვნო სიახლეებით და საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობებით, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა შრომატევადია.

– გამოცდებამდე დრო კიდევ არის, რა უნდა იყოს ახლა მათთვის მთავარი საქმე?

– პირველ რიგში, ალბათ მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმ საკითხებზე, რომლებშიც შედარებით სუსტები არიან. ისიც უნდა ვახსენო, რომ არ ინერვიულონ, რადგან ერთი თვე არ არის მცირე დრო, შესაბამისად, თუ კონცენტრირებულები იქნებიან, შეუძლიათ, აღმოფხვრან ნაკლოვანებები. არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი. ოქროს შუალედი უნდა ჰქონდეთ დაჭერილი და დრო გონივრულად უნდა გამოიყენონ. მე ჩემზე  მორგებული გრაფიკი გავწერე. თითოეული საგნისთვის კონკრეტული დროის ინტერვალი გამოვყავი, რამაც საშუალება მომცა, რომ ყველა საგნის მასალა გადატვირთვის გარეშე დამეფარა.

თუ პროგრამა გადამეორებული აქვთ, საუკეთესო გზა ბოლო ერთი თვის სწორად გამოყენებისთვის არის განვლილი საგამოცდო ტესტების გაკეთება. ამით მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ და გაითავისონ გამოცდის სტრუქტურა. არ დაგავიწყდეთ განტვირთვა, ენერგია, რომელსაც ხარჯავთ აღდგენას საჭიროებს.

– თქვენი რჩევებია როგორია, რა საკითხებზე ურჩევთ ფიქრს?

  • განსაზღვრონ რისი კეთება მოსწონთ;
  • გაანალიზონ პროფესიასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები, კონკურენცია და საკუთარი მოტივაცია;
  • შეადარონ სხვადასხვა სფეროები და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია გაიაზრონ, რომ უახლოვდებათ სრულიად განსხვავებული ცხოვრების ეტაპი. აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ, რომ გახდებიან სისტემის ნაწილი და შესაბამისად, უნდა იფიქრონ, თუ როგორ გახდებიან, რა კონტრიბუციას შეიტანენ და თავად რისი მიღება შეეძლებათ ამ სისტემისგან. შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე უნდა მოტივირდნენ.

– თამარ, რას ეტყვით კურსდამთავრებულებს პროფესიის არჩევის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე, ახლა უნდა გადაწყვიტონ, თქვენ როდის გააკეთეთ საბოლოო არჩევანი?

– პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ამ ეტაპზე აბიტურიენტებში ხშირია გაურკვევლობა. მე, პირადად, ბოლო წამს გადავწყვიტე რაზე მინდოდა ჩაბარება. თუმცა არ შევმცდარვარ. მაინც გირჩევთ, რომ დაუთმოთ დრო თქვენი ინტერესების შესწავლას. თუ უნივერსიტეში სწავლის დაწყების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ არჩეული პროფესია თქვენი არ არის, აუცილებლად გადადგით ნაბიჯი და გადადით იმ ფაკულტეტზე, რომლის სწავლაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეიძლება, დაკარგოთ ერთი სემესტრი, მაგრამ შემდგომ, მთელი ცხოვრება აკეთოთ ის საქმე, რომელიც თქვენია. ისეც ხდება, რომ შეიძლება შეგეშინდეთ ცვლილებების და ოთხი წელი იმ პროფესიის შესწავლაში დაკარგოთ, რომელსაც არასდროს გამოიყენებთ ან გამოიყენებთ და არ გეყვარებათ.

ასევე იხილეთ:

ბოლო დღე მშობლიურ სკოლაში – როგორ მოვემზადოთ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური