სკოლა დახეული ჯინსების წინააღმდეგ
EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოს სკოლებში მოსწავლეებს გაშლილი თმით, დახეული ჯინსებით და გალაქული ფრჩხილებით სიარული აეკრძალათ. რაიონული რესურსცენტრების სიტყვიერი მითითება პედ.საბჭოს სხდომებზე დირექტორებმა გაახმაურეს. მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ სწავლის დაწყებამდე არც სკოლის თანამშრომლები გაუფრთხილებიათ და არც მშობლები. შედეგად, მოსწავლეების უმეტესობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. მოულოდნელად დაწესებული აკრძალვები კი იმთავითვე დასარღვევად განწირული.
მოსაწყენია, იყო “თინეიჯერი”, მთელ შენ დროს ატარებდე სკოლაში და ამ სკოლისთვის უცხო იყოს შენი სურვილები, მიუღებელი იყოს შენი სტილი. ხოლო ის ორი შარვალი და მაისური სექტემბრის პირველ კვირას ძლივს რომ მოირგე საძინებლის კარადაში პატარავდებოდეს, იმიტომ რომ სასწავლო ნაწილმა დაგიბღვირა – “პატრონი არ გყავსო?” და შენ დამრიგებელსაც უსაყვედურეს შენი ჩაცმულობის გამო.
საჯარო სკოლების უმეტესობაში, მოსწავლეებს ფორმა არ აქვთ. თუმცა დირექტორების და პედაგოგების ერთი ნაწილი ბავშვებს იმაზე მეტ შეზღუდვებს უწესებს, ვიდრე შინაგანაწესით აქვს განსაზღვრული.
სასკოლო შინაგანაწესის თანახმად (უმეტეს სკოლებში ეს ჩანაწერი არსებობს), მოსწავლის ჩაცმის წესი ასეთია:
“მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“. ვაჟები უნდა გამოცხადდნენ მოკლედ შეჭრილი თმით.” ზოგიერთი დირექტორი უფრო შორს მიდის და გოგონებს და ქალ მასწავლებლებს შარვლის ჩაცმასაც უკრძალავს.
“მე მიყვარს თავისუფლება. უქმეებზე ბენსიმონებით და ჯინსებით დავდივარ, მაგრამ სამსახურში ასე ვერ ვიცვამ”- გაგვიმხილა ერთ-ერთი სკოლის ქართულის მასწავლებელმა. “ოდნავ გახეხილი ჯინსი მეცვა, დირექტორმა შენიშვნა მომცა – რა მაგალითს აძლევ ბავშვებსო. მას შემდეგ ის შარვალი აღარ ჩამიცვამს და ჩემი სადამრიგებლოს ბავშვებსაც ვთხოვ, ისე ჩაიცვან, არ შემიქმნან პრობლემები ადმინისტრაციასთან”.
სკოლის შინაგანაწესი ჩაცმასა და სამკაულებზე შეზღუდვებს მასწავლებლებსაც უწესებს: “დასაქმებული უნდა იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ქვედაბოლო და სხვ), სადად, ელეგანტურად და გემოვნებით.”
– ვისი გემოვნებით? ამ შეკითხვას შინაგანაწესი არ პასუხობს.
ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაცია უფრო სიღრმეებშიც მიდის. რუსთავის მე-6 სკოლის შინაგანაწესში ვკითხულობთ: “კაბა, რომელსაც ქალი დასაქმებული ატარებს, არ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს მის მუხლებს. ქალი დასაქმებულისთვის დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება”.
რუსთავის მე-6 საჯარო სკოლაში ვიკითხეთ, რატომ დადგა შინაგანაწესში ამ ფრაზების ჩაწერის აუცილებლობა. “მხოლოდ და მხოლოდ პრევენციის მიზნით! დეკოლტეს სიღრმეს და კაბის სიგრძეს, არავის ვუზომავთ. ჯერ-ჯერობით არც გვქონია შემთხვევა, რომ მასწავლებელი ასეთი გამომწვევი ჩაცმულობით მოსულიყო სკოლაში. შინაგანაწესშიც იმიტომ წერია, რომ ასე ჩაცმის სურვილი არ გაუჩნდეს რომელიმეს,” – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა მანანა ლომიძემ.
განათლების მკვლევარი ნათია გორგაძე, რომელიც “ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევის” ავტორია, ვარაუდობს, რომ ვიწრო ჩარჩოებში მოქცეული სასკოლო საზოგადოება მზად არ არის მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდებთან ურთიერთობისთვის.
“მოზარდები ცდილობენ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულები. ეს არ მოსწონთ მასწავლებლებს და ისეთი ფორმით აძლევენ შენიშვნებს, დემონსტრაციულად, რომ მოსწავლე უხერხულ სიტუაციაში ვარდება და ნერვიულობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სკოლა არ არის ლოიალური იმ მოსწავლეების მიმართ, ვისაც მიდრეკილება აქვს ინდივიდუალიზმისკენ,” – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ნათია გორგაძემ.
უცნაურია..
ქვეყანაში, სადაც შენობის შიგნით საპირფარეშო სკოლების მხოლოდ 35%-ს აქვს, ყოველ მეათე საჯარო სკოლაში მოქმედი ხელსაბანი არ არის, სკოლების აბსოლუტურ უმეტესობაში არ აქვთ საპონი და ხელსახოცი, სოფლის სკოლების 80% ზამთარში შეშის ღუმელით თბება და სკოლების ბუფეტში დაშვებულია არაჯანსაღი კვების პროდუქტებით ვაჭრობა ( წყარო http://unicef.ge/uploads/Standards_Water_Sanitation_and_Hygiene_in_School.GEO_1.pdf ), პრობლემად ითვლება სიარული დახეული ჯინსებით, გაშლილი თმებით, დიდი ზომის მაისურებით, ფრჩხილებზე თუნდაც უფერო ლაქით, სამკაულით; ზოგან გრძელი გაშლილი თმითაც, მით უფრო ბიჭებისთვის. სახიფათოდ ითვლება ინდივიდუალიზმი, რომელიც თავისი არსით ხაზს უსვამს პიროვნების მნიშვნელობას, აღიარებს პირად თავისუფლებას და უპირისპირდება იმას, რაც მართლა საშიშია: კ ო მ უ ნ ი ზ მ ს, კ ო ლ ე ქ ტ ი ვ ი ზ მ ს, ტ ო ტ ა ლ ი ტ ა რ ი ზ მ ს.
საჯარო შეკითხვები მასწავლებლებსა და დირექტორებს:
თუ არსებობს ახალგაზრდა მოტივირებული მასწავლებელი, კარგი განათლებით, დიდი ამბიციებით და პოზიტიური მიდგომებით, მაგრამ აქვს უცნაური ფერის ან ფორმის ვარცხნილობა, დადის კედებით და აცვია “არც ისე კლასიკურად” ე.ი მისი ადგილი სკოლაში არ არის? იქნებ ის თავისი ინდივიდუალური იმიჯით უფრო მისაღები იყოს მოსწავლეებისთვის, იქნებ ისინი ერთად უკეთეს შედეგზე გავიდნენ?! მათ ხომ უფრო მეტი აერთიანებთ მოზარდებთან, ვიდრე კლასიკურად ჩაცმულ, თავაწეულ ადამიანებს?!
რატომ არის ტრაგედია თუ მოსწავლეები ჩაიცვამენ შარვლებს, თუნდაც ჯინსებს და თუნდაც დახეულს? შეიღებავენ თმას, მოიწესრიგებენ ფრჩხილებს, იბოდიალებენ კედებით, გაიზრდიან თმას, გაიკეთებენ საყურეს?!. რა მოხდება?! რა ხიფათს ხედავთ?! ჩვენ, ზრდასრულები ხომ დავდივართ დახეული ჯინსებით, “მოტკეცილი ელასტიკებით”, წითლად გალაქული ფრჩხილებით. რატომ ვუკრძალავთ იგივეს ბავშვებს?
სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება