სკოლა – სტერეოტიპული აზროვნების მექა
“ასეთი ცუდი კლასი ჯერ არ მყოლია!” “საშინელი თაობა მოდის!” “უფროსს როგორ ეკამათები!” “მოსწავლე მოსწავლეს უნდა გავდეს! მასწავლებელი მასწავლებელს!” “ბავშვს ბავშვობა უნდა ეტყობოდეს!” “სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების” “ბიჭის ტვინი მაინც სხვაა” “გოგონებს უსაქციელობა არ შეეფერებათ” “დამჯერი, მორჩილი მოსწავლე კარგი შვილი, ურჩი და დაუმორჩილებელი – ცუდი” და ა.შ. – ეს ის სპერეოტიპული ფრაზებია, ასე ხშირად რომ გაისმის სკოლაში.
გარემო, სადაც იზრდებიან თაობები, სამწუხაროდ, სქემატური აზროვნების მექაა. ცალკეული პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლების მიუხედავად, სასკოლო საზოგადოება სწორხაზოვნად და სტერეოტიპულად აღიქვამს მოვლენებს.
სტერეოტიპი სხვა არაფერია, თუ არა ცნობიერების ფილტრი, გრძნობებს და შეხედულებებს რომ გვკარნახობს. ცხოვრების ერთგვარი შაბლონია, ყალიბი, რომელიც ერთი შეხედვით შეცდომებისგან გვიცავს, სინამდვილეში კი ცრუ შიშებს გვიმყარებს, აზროვნებას გვიხშობს და სამყაროს შეზღუდული ფორმატით წარმოგვიდგენს.
სინამდვილეში, ის მოსწავლეები, სკოლაში “წყალწაღებულს” რომ ეძახიან, არა ნაკლებ წარმატებებს აღწევენ, ვიდრე მათი თანაკლასელები. მეტიც, ეს ბავშვები სკოლის დასრულების შემდეგ ხვდებიან, რამხელაა სამყარო და რა შესაძლებლობები აქვთ ადამიანებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარბაქაძე, რომელიც ამავდროულად სემიოტიკის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს რომ, თანამედროვე განათლების სისტემა სრულიად მოძველებული და სტერეოტიპულია.
“განახლების და შემოქმედებითობის სიო ვერსაიდან აღწევს მასში. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისები, კარგი მასწავლებლები, მაგრამ მე სისტემაზე ვამბობ, რომელიც ორიენტირებულია სტანდარტული ცნობიერების ფორმირებაზე. ადამიანები განსხვავებულები არიან, განსხვავებული უნარებით. სისტემა ისე უნდა იყოს აგებული, რომ ავითარებდეს განსხვავებულ უნარებს, არ კლავდეს შემოქმედებითობას, არ აკომპლექსებდეს განსხვავებულად მოაზროვნე მოსწავლეს.”
“მასწავლებელი – სისტემაში გვევლინება ცენტრალურ ფიგურად, რომელმაც „ყველაფერი იცის“ და ამიტომ მას უნდა „დაუჯერონ“. ესეც სტერეოტიპია. არის სხვა უკიდურესობაც, როცა „მოსწავლეების დიქტატია“ კლასში და მასწავლებელი ნომინალური ფიგურა.
“დაჯერებაზე და დამორჩილებაზე კი არ უნდა ფიქრობდეს მასწავლებელი და სისტემა, არამედ იმაზე, როგორ აქციოს სწავლის პროცესი დღესასწაულად. ამ იდეისგან კი თანამედროვე სკოლა ძალიან შორსაა… ვფიქრობ, საზოგადოებაც…. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამგვარ სისტემას „ითხოვს“ მშობელიც და მოსწავლეც… კარგად მუშაობს „შიშის” და „დამუქრების“ ფაქტორი, „მკაცრი, მაგრამ სამართლიანი“ მასწავლებლის იმიჯი… არა მგონია, რომ ეს სიტუაცია უეცრად ახალი სისტემის დანერგვით შეიცვალოს, რადგან ვფიქრობ, რომ ამისთვის საჭიროა, ადამიანთა ცნობიერების რევოლუცია, სხვა ფოკუსი, სხვა ღირებულებები… სასწავლო პროცესის შემოქმედებითობა არის ის, რაც აფართოვებს ადამიანთა ცნობიერებას, ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის და ადამიანს – უფრო ბედნიერს,” – ბობს ცირა ბარბაქაძე.
“სხვამ თუ გაიგო, შენ რატომ ვერ გაიგე?!”, “შენი ძმა ისეთი კარგი მოსწავლე იყო და შენ ასეთი უპასუხისმგებლო როგორ გამოხვედი?!”, “სხვა საგნებს თუ სწავლობ, ჩემმა საგანმა რა დაგიშავა?!”, “მაგ ვარცხნილობების გაკეთებას, გიჯობს წიგნში ჩარგო თავი!” – მასწავლებლის თუ სხვა ავტორიტეტული პირის მიერ გამოთქმულ ამ სტერეოტიპულ ფრაზებს, მოსწავლეებზე დამთრგუნველი გავლენის მოხდენა შეუძლია.
“ყველა ადამიანშია მზე, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს,” – თუ როდისმე სოკრატეს ამ ფრაზამ ჩვენი სკოლების დახურულ დარაბებში შეაღწია, “ზარმაც” და “უპასუხისმგებლო” მოსწავლეშიც შეიძლება პატარა ტალანტების აღმოჩენა.
„მასწავლებლის საგაკვეთილო მარგალიტები“ – პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან გამოყენებული მიმართვები
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება