GE

„სკოლა უნდა მოერგოს მოსწავლის საჭიროებებს და არა პირიქით“ – პირველ კლასში უკვე 44 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა

24 მაისიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 15 ივნისს დასრულდება და როგორც EDU.ARIS.GE-ს 30 მაისს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, ამ დროისთვის რეგისტრაციის სამივე ეტაპზე 43 625 პირველკლასელი უკვე დარეგისტრირდა. კიდევ იქნება IV ეტაპი, რა დროსაც გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

როგორც EMIS-ში გვიპასუხეს, სულ საქართველოს მასშტაბით 89 417 ვაკანტური ადგილი იყო. აქედან, დედაქალაქში გამოყოფილი 18 665 ადგილიდან, 15 366 უკვე შევსებულია.

რეგისტრაციისას მშობლებისთვის აქტუალურია საკითხი, სად ჩარიცხონ ბავშვი. აირჩიონ მაგალითად, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკოლა, რომელიც არცთუ ისე პრესტიჟულია, თუ საკუთარი საცხოვრებლისგან მოშორებული, მაგრამ უფრო პრესტიჟული სკოლა. EDU.ARIS.GE იმ მშობლებს გაესაუბრა, რომლებსაც არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ. ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან, რამდენად მარტივად შეძლეს ბავშვის დარეგისტრება სასურველ სკოლაში, შეექმნათ თუ არა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, რას ფიქრობენ სკოლების დაყოფაზე პრესტიჟულისა და არაპრესტიჟულის მიხედვით და თავად რის მიხედვით გააკეთეს არჩევანი.

EDU.ARIS.GE იმითაც დაინტერესდა, რამდენად გამართულად მუშაობდა მათი შეფასებით სისტემა რეგისტრაციის პროცესში და მოსწონთ თუ არა საქართველოში არსებული წესი, რომლითაც ბავშვს საჯარო სკოლაში არეგისტრირებენ.

პირველკლასელი სანდროს დედა, ირინე არდაშელია ამბობს, რომ მოსწავლეთა საყოველთაო რეგისტრაციას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს.

“დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ყველა თანაბარ პირობებშია რეგისტრაციის დროს. თუმცა, სამწუხაროდ, ნეპოტიზმი დღემდე აქტიურად მუშაობს სკოლებში, რაც სწორედ ამ თანაბარ პირობებს არღვევს. გარდა ამისა, თუ სახელმწიფო ითვალისწინებს დედმამიშვილების ფაქტორს და მათ ავტომატურად რიცხავს იმავე სკოლაში, კარგი იქნება, თუ მოხდება იმ ბავშვების გათვალისწინებაც, ვისაც სახლის წინ აქვს სკოლა და სხვა უბანში უწევს წასვლა იმის გამო, რომ რეგისტაციის დროს მშობელმა ან ნათესავმა შესაბამისად ვერ იყოჩაღა. უამრავი მაგალითი გვაქვს პრაქტიკაში არათუ ადგილების დამატების, არამედ ხშირად მთელი კლასის. ამიტომ სკოლებში მისულ მშობელს, სკოლამ უნდა მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადგილების შესაძლო დამატებაზე და შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს”, – გვეუბნება პირველკლასელის დედა.

შალვა ლიპარიშვილი პირველკლასელის მამაა. აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდის პროცესში და რეგისტრაციის პროცედურებს მეუღლესთან ერთად გადის. სკოლის შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრიათ, რადგან სასურველ სკოლათან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება აქვთ. პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოების ნდობა, აქცენტი, როგორც ბავშვის განათლების ხარისხზე, ასევე მის უსაფრთხოებაზე – სწორედ ესაა მიზეზები, რის გამოც მათ საკუთარი სახლიდან მოშორებით არსებული სკოლა შეარჩიეს.

შალვა ამბობს, რომ რეგისტრაციის დროს დაბრკოლებები არ შექმნიათ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა საკმაოდ მრავალკონტინგენტიანია და სხვა მშობლებშიც მოთხოვნადი, ადგილი შეზღუდული არავისთვის ყოფილა. ის მშობლებს ურჩევს, იყვნენ ყურადღებით და დედებთან ერთად, მამებიც აქტიურად ჩაერთონ სკოლის შერჩევის პროცესში, რადგან სწრაფად მიღებულმა და შეუთანხმებელმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს პირველკლასელის ინტერესებსა და მზაობაზე.

„სკოლის არჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც ორივე მშობელი უნდა იყოს ჩართული. როცა მშობელს აქვს გამოცდილება, მაგალითად, ვინ ასწავლის შერჩეულ სკოლაში, ან ჩემს მსგავსად ჰქონია კომუნიკაცია იმ სკოლის საზოგადოებასთან, უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, რადგან ბევრი რამ უფრო კონკრეტულ მასწავლებელზეა დამოკიდებული, ვიდრე ზოგადად სკოლაზე. ზოგისთვის გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღეც საკმარისია, მაგრამ ვისაც მეტი დრო სჭირდება, შესაბამისად, უფრო ადრე უნდა დაიწყოს ეს პროცესი, რომ ბავშვის ინტერესები არ დაზიანდეს. მგონია, რომ კლასის შეცვლა არანაკლები ტრავმაა მცირეწლოვანის ფსიქიკისთვის. ამიტომაც, სკოლა მაქსიმალურად სწორად უნდა შეირჩეს, რომ ასეთ შედეგამდე არ მივიდეთ და თუკი მშობელს მაინც არ მოსწონს სკოლა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ თავად ის სკოლა ან კლასი უნდა შეიცვალოს და არა მოსწავლე გადავიდეს სხვაგან, რადგან სკოლა უნდა მოერგოს ბავშვის საჭიროებებს და არა პირიქით“, – ამბობს პირველკლასელის მამა EDU.ARIS.GE-სთან.

რაც შეეხება სკოლების დაყოფას პრესტიჟულად და არაპრესტიჟულად, ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ მშობელი, პირველ რიგში, საკუთარ გამოცდილებას უნდა ენდოს. მისი თქმით, ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს იმ გარემოში, სადაც უყვართ. შესაბამისად „მშობლის გადაწყვეტილება ობიექტური უნდა იყოს და არა ახირებული, რადგან, პირველ რიგში, ბავშვზე უნდა ვიფიქროთ“.

თეონა ლომიამაც, პირველკლასელი შვილისთვის თბილისის ის საჯარო სკოლა შეარჩია, რომელიც მისი საცხოვრებლისგან საკმაოდ შორსაა. თეონა ამბობს, რომ მის სკოლაზე მოთხოვნა დედაქალაქის ე.წ პრესტიჟული უბნის სკოლების მსგავსად საკმაოდ მაღალია.

„ჩვენი საცხოვრებლის სიახლოვეს არის რამდენიმე სკოლა საკმაოდ ცუდი რეპუტაციის, ამიტომ შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი სკოლა, სადაც გვაქვს კომუნიკაციის გამოცდილება და ვენდობით. რეგისტრაციის პროცესი არ გაგვჭირვებია, თუმცა გასულ წელს ბევრს გაუჭირდა. ალბათ საჭიროა, მშობელმა წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და მეტ-ნაკლებად იცნობდეს შერჩეულ სკოლას. მხოლოდ ის მიზეზი, რომ სკოლა მოთხოვნადია, მთავარი არგუმენტი ვერ იქნება, მითუმეტეს, ჩვენს ქალაქში ბევრი სკოლა სარგებლობს საკმაოდ კარგი რეპუტაციით და მშობლებისთვის არჩევანიც დიდია“, – გვითხრა თეონა ლომიამ.

სკოლის შერჩევა შვილისთვის, იმის მიხედვით, პრესტიჟულია თუ არა, გაუგებარია ნინო ანთაძისთვის. ის ფიქრობს, რომ ბავშვის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ეს ნამდვილად არ არის. ამბობს, რომ ბევრი არ უფიქრია, სად დაარეგისტრირებდა შვილს, რადგან წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ბევრი სკოლა არ არის, თუმცა არჩევანის გაკეთებამდე, თავად შვილს დაეკითხა, რადგან ეს მისთვის მნიშვნელოვანია.

„დედაქალაქების მსგავსად, წალკის მუნიციპალიტეტშიც არის სკოლები, რომლებიც შედარებით პრესტიჟულია, რადგან სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეები აქვთ, მაგრამ სიშორისა და მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო, ადგილობრივები ისევ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკოლას ირჩევენ.

„როცა ბავშვი სკოლაში მიმყავდა, ვკითხე სად ერჩივნა, ჩვენთან თუ რაიონში, სადაც ფეხბურთზე დადის. ჩემი მეგობრები ყველა აქაურ სკოლაში ივლიან და მეც აქ მინდა წასვლა, სხვა სკოლაშიც მეყოლება მეგობრები, მაგრამ სკოლაში წასვლა მარტო მომიწევს და წამოსვლაცო – ეს იყო ბავშვის პასუხი და ვფიქრობ, საგულისხმოა. მთავარია, ბავშვი გრძნობდეს თავს ღირსეულ პიროვნებად. აქ კი თავს „ოჯახში“ იგრძნობს. მიმაჩნია, რომ სკოლამ პიროვნება უნდა გამიზარდოს და არა მეხსიერების ბარათი. ამიტომ სკოლის პრესტიჟის, ფასის, რეიტინგის გამო არ ღირს უარვყოთ ბავშვების ემოციები და ვატაროთ აქეთ-იქით, მგზავრობა მათთვის სასიამოვნო ნამდვილად არაა და, პირველ რიგში, ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – აცხადებს პირველკლასელის დედა.

ჩვენი რესპონდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ ბავშვისთვის მთავარი ის კი არ არის, რამდენად პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს, არამედ ის, რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს – “მშობელი უკანასკნელი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ბავშვს ამ უფლებას წაართმევს”.

ასევე იხილეთ:

ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური