„სკოლაში პედაგოგთა ახალი თაობა უნდა მოვიდეს, დიდი შემართებითა და მოლოდინით ვართ“ – 15 სექტემბრის ემოციები
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2025-2026 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, სკოლის ეზოებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა და მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების საზეიმო განწყობა იგრძნობა.
სკოლის დაწყებას განსაკუთრებული მღელვარებით პირველკლასელები და მათი ოჯახის წევრები ხვდებიან. 2025-2026 სასწავლო წლისთვის, სკოლის ზარი, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 48 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის დაირეკა.
ეს დღე ემოციურია მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც მშობლიური სკოლის კედლებში ბოლო წელს ატარებენ და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადებიან.
სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარის მომლოდინეთა შორის პირველი და მეთორმეტე კლასელების გარდა, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებსაც შეხვდებით. განსხვავებული ემოციების მიუხედავად, ყველას ერთი რამ აერთიანებს – სასწავლო წელს ღიმილით იწყებენ.
EDU.ARIS.GE ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს თბილისის 175-ე საჯარო სკოლას ესტუმრა, მოსწავლეებს, ასევე მშობლებს ესაუბრა და მათი განწყობების, მოლოდინებისა და სურვილების შესახებ მოისმინა.
მარიამ გოგოლაძე 175-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. მოსწავლე EDU.ARIS.GE-სთან არ მალავს, რომ მისთვის ეს დღე განსაკუთრებულად ემოციურია, ეს სასწავლო წელი კი, განსაკუთრებული მოლოდინებით ავსებს.
„მიხარია სწავლის დაწყება, რადგან ბოლო წელია და ერთ წელში სკოლას დავამთავრებ. 11 წელი ამ სკოლაში ვსწავლობ, ყველა კუთხე ვიცი და ყველას ვიცნობ. ახლა რომ შევდიოდი სკოლაში, ყველა მესალმებოდა, ჩავთვალოთ, რომ ბოლოჯერ მესალმებოდნენ, რადგან მომავალი სასწავლო წლიდან სკოლის ნაცვლად, ახალ გარემოში ვიქნები. ვაპირებ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარო. ფსიქოლოგობა ან ჟურნალისტობა მსურს. შესაბამისად, წელს დიდი მოლოდინებით ვარ. ველი, რომ ეროვნულებისთვის მზადების პერიოდში მასწავლებლებიც დაგვეხმარებიან“, – გვიხსნის მარიამ გოგოლაძე.
სწავლის დაწყების პირველ დღეს, საკუთარ სურვილებზე საუბრობს თამუნა ბუსკივაძე, რომლის შვილებიც მე-3, მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეები არიან. მისი სურვილია, რომ სკოლაში დასაქმების საშუალება ახალ თაობას მიეცეს და ახალი მიდგომები დაინერგოს.
„ახალ სასწავლო წელს საუკეთესო განწყობით ვიწყებთ მეც და ჩემი შვილებიც, სხვათა შორის, სკოლის დაწყება მათაც ახარებთ. 2025-2026 სასწავლო წლისგან მოლოდინიც, რა თქმა უნდა, კარგი გვაქვს. წინა წლითაც კმაყოფილი ვართ. დაწყებითი კლასები ყოველთვის კარგია ხოლმე, ახლა ჩემი მეორე შვილი, რომელიც მე-5 კლასშია, სხვა ეტაპზე გადავიდა და პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან მასწავლებლებიც კარგები არიან.
„ზოგადად, სკოლაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ძირითადად პედაგოგების ნაკლებობაა – ტექნიკური საგნების ბევრი მასწავლებელი არ გვყავს. ჩემი აზრით, სკოლაში ახალი თაობა უნდა მოვიდეს. ძველი თაობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, რაც ჩემს დროს ძველმა თაობამ არ იცოდა, არც ახლა იცის. ეს არა ასაკზე, არამედ მიდგომებზეა დამოკიდებული. ვინც მე მასწავლიდა ამ სკოლაში და კარგი მიდგომები და ცოდნა ჰქონდა, დღესაც კარგია, მაგრამ ვინც მაშინ რამე არ იცოდა, არც დღეს იცის. პრობლემაა ბუფეტთან დაკავშირებით – მთავარი არ არის ოთახის გაქირავება და ვიღაცის შეშვება, მთავარია, რომ გაკონტროლდეს ის პროდუქცია, რაც საკვებად შედის. ამას უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო და არა რომელიმე კერძო სტრუქტურა. სასურველია უფასო სასკოლო კვება, მაგრამ თუნდაც ფასიანი იყოს და გაკონტროლდეს, კარგი იქნება“, – ამბობს თამუნა ბუსკივაძე.
მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეების მშობელი დარიკო ქალდანი კი გვიმხელს, რომ სასწავლო წელს შვილებთან ერთად დიდი შემართებით იწყებს და მოლოდინიც კარგი აქვს.
„იდეალური განწყობით, დიდი შემართებითა და მოლოდინებით მოვედით სკოლაში. მეც ზეიდეალური განწყობა მაქვს და ალბათ, ბავშვებს არ ექნებოდათ ის განწყობა, მე რომ ასე არ ვყოფილიყავი. მე-5-მე-6 კლასების გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს. თვითონ სკოლა აქტიურია, ჩართულია, კარგი პედაგოგიური კოლექტივი ჰყავს, ბავშვებსაც წარმატებები აქვთ და შესაბამისად, ამ წელს კარგი მოლოდინები გვაქვს – აქ იდეალურ კერძს ვერავინ გაგვიმზადებს, მთავარია, განათლება, რასაც თან კულტურა და წესრიგი მოსდევს“, – გვეუბნება დარიკო ქალდანი.
სკოლაში კარგი განათლების მიღების იმედი აქვს მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეების მშობელს, რუსუდან გოგალაძეს. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი იმ საკითხებზეც საუბრობს, რაც მისი აზრით პრობლემურია და მოგვარებას საჭიროებს.
„ისეთ სკოლაში ვსწავლობთ და ისეთი მასწავლებლები გვყავს, რომ ახალ სასწავლო წელს არაჩვეულებრივი განწყობით ვხვდებით. გვინდა, მივიღოთ, რა თქმა უნდა, კარგი განათლება, რის იმედიც ნამდვილად მაქვს. განვლილი სასწავლო წელიც კარგი გვქონდა, წარმატებული – შედგა სასწავლო წელი თავიდან ბოლომდე. რაც გამოსწორებას საჭიროებს, არის ბუფეტის პრობლემა და სკოლის მეორე ცვლა. ბავშვების დიდი რაოდენობით მიმართვიანობის გამო, კლასები არ ჰყოფნით და ორ ცვლაში მუშაობა უწევთ“, – გვეუბნება რუსუდან გოგოლაძე.
ელენე გელაშვილი, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეა, გვიხსნის, რომ წელს, განწყობა და შემართება საუკეთესო აქვს და იმასაც კარგად იაზრებს, რომ ერთი წლის შემდეგ სკოლასთან, მეგობრებსა და მასწავლებლებთან განშორება მოუწევს.
„ეს ბოლო წელია ჩემთვის სკოლაში. კარგი განწყობით ვარ. მიხარია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრების ახალ ეტაპს დავიწყებ. ამ სკოლაში ახალი გადმოსული ვარ, მაგრამ რაც აქ დამხვდა, ყველაფერი მომწონს. მართალია, მომენატრება სკოლა, მასწავლებლები და მეგობრები, მაგრამ ახალი ნაბიჯების გადადგმაც მნიშვნელოვანია. შემართებით ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება“, – ამბობს ელენე გელაშვილი.
მე-10 კლასის მოსწავლე ირაკლი გოგოლაური ფიქრობს, რომ 2025-2026 სასწავლო წელი რთული იქნება, რადგან სკოლის საგნების სწავლასთან ერთად, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაც უნდა დაიწყოს.
„დღეს დიდი სიხარულით არ გამოვირჩევი, მაგრამ კარგი განწყობა მაქვს. არდადეგების შემდეგ რთულია ხოლმე სკოლის რეჟიმზე გადაწყობა. წელს რთული წელი იქნება, რადგან მე-10 კლასში ვარ და საგნობრივად ეს კლასი ყველაზე რთულია. ამავდროულად, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უნდა დავიწყო. მეტი სწავლა მომიწევს და უფრო მეტსაც ვისწავლი“, – პირობას დებს ირაკლი გოგოლაური.
EDU.ARIS.GE წარმატებულ სასწავლო წელს და ყველა არსებული პრობლემის მოკლე ვადებში დაძლევას უსურვებს სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს!
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება