GE

სკოლების 81,6%-ში ამჟამად მიმდინარე სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება – CCIIR

2023 წლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის შესახებ მომზადებულ ანგარიშში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი წერს, რომ საჯარო სკოლების 81,6 %-ში ამჟამად მიმდინარე სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება და მხოლოდ 382 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს რეალური კონკურსი სკოლის დირექტორების შესარჩევად.

„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე

17 ივლისს გამოქვეყნებული ბიულეტენიდან – “დირექტორობის კანდიდატები საქართველოს საჯარო სკოლებში, 2023”, არაერთი სხვა მიგნების შესახებ ვიგებთ.

დოკუმენტის თანახმად, რეალური კონკურსი სკოლის დირექტორების შესარჩევად სკოლების საერთო რაოდენობის მხოლოდ 18,4%-ში მიმდინარეობს.

“ქალაქის 478 სკოლიდან 45 საჯარო სკოლას არ ჰყავს დირექტორობის კანდიდატი; ქალაქის 210 სკოლაში მხოლოდ 1 კანდიდატია, ანუ ქალაქის სკოლები 53%-ში კონკურენცია არ არის; სოფლის, თემის, და დაბის 1595 სკოლიდან 753 სკოლაში სკოლის დირექტორობის კანდიდატი რეგისტრირებული არ არის; სოფლის, თემის და დაბის საჯარო სკოლების საერთო რაოდენობის ზუსტად 10%-ში (159 სკოლაში 1595 საჯარო სკოლიდან) იქნება კონკურსი და სკოლის დირექტორის არჩევის რეალური შესაძლებლობა კონკურენციის საფუძველზე; დაბალია კონკურენცია სკოლებში, რომლებსაც ერთი ვადით ნამუშევარი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავთ, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა, მეორე ვადით იყვნენ არჩეული. როგორც ჩანს, ასეთ სკოლებში კონკურენციაში ნაკლებად შევიდნენ ახალი კანდიდატები”, – ვკითხულობთ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ბიულეტენში.

ორგანიზაცია ანგარიშში თავს უყრის საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მიმდინარე პროცესის შესახებ არსებულ მაჩვენებლებს და და აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით, კონკურსში მონაწილეობს 1409 სერტიფიცირებული კანდიდატი, ხოლო სკოლების რაოდენობა, სადაც სკოლის დირექტორის არჩევნები უნდა ჩატარდეს, 2074-ია.

დადგენილი პროცედურის თანახმად, სკოლის დირექტორობის სერტიფიცირებულ კანდიდატს კონკურსით განსაზღვრული აქვს უფლება, შეარჩიოს მისთვის სასურველი არაუმეტეს სამი სკოლისა, სადაც სურს სკოლის დირექტორობა. სკოლების შერჩევა ხდება კანდიდატის მიერ. სკოლის დირექტორობის კანდიდატი ალაგებს მის მიერ შერჩეულ სკოლებს შერჩევის პრიორიტეტების მიხედვით (პირველი პრიორიტეტი, მეორე პრიორიტეტი, მესამე პრიორიტეტი). ამ პროცესის გაანალიზების საფუძველზე ანგარიშის ავტორები ასკვნიან, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი და კონკურენცია აბსოლუტურად გამორიცხულია, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რამდენად რეალურია სკოლის დირექტორების არჩევნების პროცესი.

“სამივე პრიორიტეტული არჩევანის შედეგებს თუ შევაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ 2074 სკოლიდან 798 სკოლაში დირექტორობის არცერთი სერტიფიცირებული კანდიდატი არ დარეგისტრირებულა (ანუ სკოლების 38,5%-ს სერტიფიცირებული დირექტორი ვერ ეყოლება). 894 სკოლაში – მხოლოდ ერთი კანდიდატია (სკოლების საერთო რაოდენობის 43,1%) დარეგისტრირებული, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს კონკურენციას და შეჯიბრებითობას და არჩევნების შესაძლებლობას. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების 81,6%-ში სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება და მხოლოდ 382 სკოლაში მიმდინარეობს რეალური კონკურსი სკოლის დირექტორების შესარჩევად”, – ვკითხულობთ მომზადებულ ბიულეტენში.

ქალაქისა და სოფლის სკოლებში არსებული კონკურენციის ამსახველი მონაცემებისა და იმ სკოლების შესახებ ინფორმაცია, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობის დირექტორობის კანდიდატები არიან, იხილეთ მომზადებულ დოკუმენტში.

სერტიფიცირების ფარგლებში, სკოლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებების პირველი ნაწილი უკვე ჩატარდა. 24 ივლისიდან კი, სკოლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებები აჭარაში უნდა დაიწყოს. უკვე ჩატარებული გასაუბრების შედეგად, დირექტორობის 27 კანდიდატი კომისიის გადაწყვეტილებას უარის შესახებ არ ეთანხმება და დავას სასამართლოში აგრძელებს.

ასევე იხილეთ:

„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური