GE

სკოლებში მუშაობის დაწყების მსურველებთან გასაუბრების პროცესს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელიც დაესწრება – დეტალები

პენსიონერი მასწავლებლების სკოლიდან გასვლის გამო წარმოქმნილი ვაკანტური ადგილების დასაკავებელი კონკურსები ქალაქის სკოლებში 1-2 სექტემბერს, ხოლო სოფლის სკოლებსა და დაბებში 4-5 სექტემბერს გაიმართება. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თითქმის ყველა ქალაქში, ასევე ზოგიერთ სოფელში გასაუბრების პროცესზე დასასწრებად თავის წარმომადგენელს გაგზავნის.

რატომ გაჩნდა ამის საჭიროება, როდემდე აქვთ მასწავლებლობის მსურველებს განაცხადების გაგზავნის ვადა, რა სახით უნდა აიტვირთოს დოკუმენტაცია ვაკანსიების საიტზე, – ამ და სხვა დეტალების შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის მენეჯერი ნინო ბერიკაშვილი ესაუბრება.

– მასწავლებლების ვაკანსიებზე რეგისტრაციის ვადები როდემდეა?

– მიმდინარე ვაკანსიები ქალაქის სკოლებისთვის არის 22 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით. ხოლო რაიონის და დაბებისთვის, ეს ვადები განსაზღვრულია 22 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით. თუ ამ პერიოდში გააკეთებს აპლიკანტი განაცხადს, მისი შანსი უფრო მეტია, რომ ახლა დასაქმდეს. თუმცა რეგისტრაცია ვაკანსიების საიტზე ყოველთვის გახსნილია. ამის შემდეგაც დაიდება ვაკანსიები. სკოლას თუ გაუჩნდება საჭიროება, დადებს ვაკანსიებს. შესაძლებელია, რომ სხვადასხვა დროს შეამოწმოს აპლიკანტმა ვაკანსიები, სხვადასხვა დროს შეავსოს თავისი პროფილი და გამოეხმაუროს.

– ანუ შეზღუდული არ არის რეგისტრაციის დრო . . .

– თავისი პროფილის შევსება აპლიკანტს ნებისმიერ დროს შეუძლია. არ არის დროში შეზღუდული, უბრალოდ, ჯილდოთი გამოწვეული ვაკანსიის ვადები, როგორც მოგეხსენებათ, დადგენილია ქალაქის სკოლებისთვის 22 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო რაიონის და დაბდებისთვის 22 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით. თუ ახლა უნდა სკოლაში მუშაობის დაწყება მსურველს, აუცილებლად 31-მდე ქალაქის სკოლებში, ხოლო 3- სექტემბრამდე სოფლის სკოლებში უნდა გააგზავნოს განაცხადი ელექტრონულად. მიმდინარე ვაკანსიები შეიძლება კიდევ გაჩნდეს სკოლებში და ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს, გამოეხმაუროს ამ ვაკანსიებს.

– კიდევ რომ დავაზუსტოთ, საიტზე რეგისტრაცია და ასევე პროფილის შევსებაც, დროის მხრივ, არ არის შეზღუდული?

– არც საიტზე რეგისტრაცია და არც პროფილის შევსება-განახლება, არ არის შეზღუდული.

– რა სახით უნდა აიტვირთოს ვაკანსიების საიტზე მოთხოვნილი დოკუმენტები?

– დოკუმენტები შუძლიათ ატვირთონ როგორც PDF ასევე JPG ფორმატით. ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საიტის მომხმარებლების საჭიროებები და ვეცადეთ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო მათთვის. ყველამ შეიძლება ვერ დაასკანეროს დოკუმენტები და ფოტო შეიძლება გადაუღოს და ის ატვირთოს.

– საიტზე დარეგისტრირებულები აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ატვირთული დოკუმენტები ქრებოდა პროფილიდან. რითი იყო ეს გამოწვეული?

– პირადობის დოკუმენტი ადამიანს აქვს ერთი, ამიტომ როდესაც ტვირთავს, ის ჯდება პირდაპირ ველში. რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს, მათთვის რამდენიმე ველია გათვალისწინებული. რომ ჩამოდიოდნენ ქვემოთ, გვერდით ჰქონდა წაშლის ღილაკი, წითელი ურნა, ამიტომ ეს აბნევდათ მათ და ეგონათ, რომ არის იყო ატვირთული დოკუმენტი, სინამდვილეში კი იყო ატვირთული. ჩვენ ვინც მოგვმართა, ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი.

– იყო შემთხვევები, როცა საიტი უკვე ატვირთულ დოკუმენტებს შლიდა . . .

– ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ძალიან ბევრია მსურველი. ძალიან ბევრმა ადამიანმა ატვირთა დოკუმენტაცია. მეხსიერებას გადავაჭარბეთ და სანამ გავაძლიერებდით მეხსიერებას, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. ასეთი პერიოდი გაგრძელდა 1-2 დღე.

– კერძო სკოლებში იქნება მაძიებლობის პროგრამა?

– კი. თუ კერძო სკოლები აიყვანს მაძიებელ მასწავლებელს და გაუფორმებს ხელშეკრულებას, მათთვისაც განხორციელდება ეს პროგრამა. ჩვენ ასევე კანონში გვიწერია, რომ მასწავლებელი, რომელიც არის უსტატუსო და სკოლაში მუშაობდა 2018-2019 სასწავლო წელს და მისი ხელშეკრულება არის მოქმედი, ასეთი მასწავლებელი ავტომატურად ხდება მაძიებელი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ სკოლებს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა ჩართონ ისინი პროგრამაში.

– რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დიპლომში სპეციალობად უწერიათ მასწავლებელი, მაგრამ გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, მათ შეუძლიათ მაძიებლის პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

– არა. მასწავლებელი ვისაც უწერია დიპლომში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მაძიებლობის პროგრამა არ სჭირდება. მას უკვე ნასწავლი აქვს ის პროგრამა, რასაც მაძიებლობა სთავაზობს.

ვისაც მასწავლებელი უწერია დიპლომში, მან უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და პირდაპირ შედის სკოლაში, როგორც უფროსი მასწავლებელი. გამოცდის ჩაბარებამდე ვერ შეეძლებათ სკოლაში შესვლა. ამ ეტაპისთვის ასეა, თუმცა შეიძლება იანვრისთვის რამე შეიცვალოს ამასთან დაკავშირებით.

– რაც შეეხება თქვენი ცენტრის წარმომადგენლების დასწრებას სკოლაში გამოცხადებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამართულ კონკურსზე, რატომ გაუშვით ისინი გასაუბრების პროცესზე და ყველგან გეყოლებათ თუ არა წარმომადგენლები?

– მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქალაქების ყველა სკოლაში გასაუბრებებზე იყონ ჩვენი წარმომადგენლები. ამის საჭიროება იქიდან გამომდინარე დადგა რომ, გვინდა ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეს გასაუბრებები ჩატარდება ობიექტურად და სანდოობა იყოს უფრო მაღალი.

– ქალაქის სკოლებში მარტო თბილისს გულისხმობთ თუ რეგიონებსაც?

– ყველა ქალაქის სკოლას მოვიცავთ. 4 და 5 სექტემბერს სოფლის სკოლებში ვიქნებით.

– გასაუბრების დროს ვის მიენიჭება უპირატესობა, უფროს მასწავლებელს თუ მაძიებელს?

– სკოლა ვალდებულია, გასაუბრებაზე დაიბაროს როგორც მაძიებელი, ასევე სხვა სტატუსის მქონე პედაგოგი, რომლებსაც დოკუმენტაცია აქვთ სწორად ატვირთული. გასაუბრების ეტაპს ვინც გაივლის წარმატებით, ის დაიკავებს ვაკანტურ ადგილს. სკოლის გადასაწყვეტია, რომელი უფრო მისაღები კანდიდატურაა მისთვის. არ უნდა ჩავაყანოთ მაძიებელი განსხვავებულ პოზიციაში, თუ მაძიებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, უნდა დაიბარონ გასაუბრებაზე აუცილებლად.

– საიტზე პროფესიების ჩამონათვალში არ იყო მითითებული სპეციალური მასწავლებლი, თუმცა სკოლებს სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიები უდევს. ამან დაბნეულობა გამოიწვია. რატომ მოხდა ასე და როგორ შეუძლიათ სპეციალური მასწავლებლობის მსურველებს ვაკანსიებზე განაცხადების გაგზავნა?

– საიტი განკუთვნილია მასწავლებლებისთვის და მაძიებლებისთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ მასწავლებლები და მაძიებლები ავსებენ პროფილს. სპეც. მასწავლებლებს, ასევე ფსიქოლოგებს, ან ადმინისტრაციის წევრებს შეუძლიათ ძველი წესით, როგორც ადრე აგზავნიდნენ საბუთებს, იგივენაირად გააგზავნონ განაცხადი. მეილზეც შეუძლიათ გაგზავნა.

Pedagogi.ge დაყოფილია 4 ბლოკად. პირველი არის პერსონალური ინფორმაცია, მეორე – სამუშაო გამოცდილება, მესამე – სასურველი სკოლა და თანამდებობა, მეოთხე არის ჩაბარებული გამოცდები და მოტივაცია. თუ გამოტოვებენ მესამე ბლოკს და იქ არაფერს ჩაწერენ, შეუძლიათ პირდაპირ მოძებნონ სპეციალური მასწავლებლის ვაკანსია და პირდაპირ გაგზავნონ განაცხადი. ეს გზაც არსებობს.

ასევე შეუძლიათ, ნახონ, რომ ვაკანსია არსებობს და სკოლის მეილზე გაგზავნონ განაცხადი. შემდეგ შესაძლებელია განახლდეს საიტი და დაემატოს სპეციალური მასწავლებლის პროფესია, მაგრამ ამ ეტაპზე ისე უნდა მოიქცნენ, როგორც გითხარით. სხვა საგნის/საგნების მასწავლებლის მითითება არ არის მიზანშეწონილი.

ასევე იხილეთ:

სკოლაში მუშაობის დაწყების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაციის გავლა სავალდებულო გახდა

მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა – დეტალები

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დამტკიცდა

მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა – რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური