GE

მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა – რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?

მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალი სასწავლო წლიდან კიდევ ერთი სიახლე იქნება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მაძიებელთა რეგისტრაციის პროცედურები და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პროფესიაში შესვლა და კონკრეტული საგნის სწავლება შეეძლება პირს, რომელსაც ამ საგანში მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი მაინც აქვს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის თქმით, მაძიებლის სტატუსი მიენიჭებათ ასევე იმ მასწავლებლებს, რომლებიც აქამდე სკოლაში ასწავლიდნენ, მაგრამ უსტატუსოდ იყვნენ დარჩენილები. მათ მაძიებლობის პროგრამის პარალელურად უნდა ჩააბარონ საგნის გამოცდა, გადალახონ 60%-იანი ზღვარი და ამ შემთხვევაში აიმაღლებენ სტატუსს.

როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგად მუშაობის დაწყების პროცედურებს სახელმწიფო განსაზღვრავს. არსებული რეგულაციებით მასწავლებლის პროფესიაში შესვლა მხოლოდ მას შეეძლო, ვისაც დიპლომში ეწერა სპეციალობა – მასწავლებელი და ჰქონდა საგანში გამოცდა ჩაბარებული, ან გამოცდაჩაბარებული და მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამა გავლილი. მაძიებლობის პროგრამა კი ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს უფლებას აძლევს სკოლაში დაიწყოს მუშაობა და პარალელურად, დისტანციურად გაიაროს აკადემიური სწავლების კურსი.

მაძიებლობის პროგრამის შესახებ უფრო დეტალურად მანანა რატიანი EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.

– მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის პარალელურად მაძიებლობის პროგრამაც აძლევს მსურველს სკოლაში შესვლის და სწავლების საშუალებას. რა განსხვავებაა მათ შორის და  როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, რომელი აირჩიოს?

– ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აკეთებს ადამიანი არჩევანს. თუ ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც უნივერსიტეტის 60-კრედიტიანი აკადემიური პროგრამა არსებობს, რა თქმა უნდა, ამ კურსს აირჩევს, თუკი მიდიან ისეთ ადგილას, სადაც სწავლების პარალელურად გაუჭირდებათ უნივერსიტეტში სიარული, ამ შემთხვევაში მაძიებლობის პროგრამა არის ყველაზე მოხერხებული, იმიტომ რომ დისტანციურ სწავლებას ითვალისწინებს.

მაძიებელი თვითონ შეძლებს, დაგეგმოს თავისი დღე უკეთესად. თუკი ინტენსიურად გაივლის მაძიებლობის პროგრამას, 4-თვენახევარში საშუალება ექნება, დაფაროს ეს პროგრამა და უკვე მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს. ასევე შესაძლებლობა აქვს ნელი ტემპით წავიდეს და 1, ან 2 წლის წლის მანძილზე დაფაროს პროგრამა, რომელიც არის გათვალისწინებული. რომელი პროგრამა რომელს ჯობია, ასე ვერ ვიტყვით. გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე აკეთებს მაძიებელი არჩევანს.

ადამიანის სწავლების ტიპზეც არის დამოკიდებული. ვიღაცისთვის დისტანციური სწავლების კურსი რთულად გადასალახია, ურჩევნია, რომ პირისპირ იყოს ლექტორთან. ამიტომ ეს შესაძლებლობა მაძიებელს ექნება – ან გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა, ან მაძიებლობის.

– მაძიებლობის პროგრამის გავლა აპლიკანტს უფროსი მასწავლებლის სტატუსს არ აძლევს, როგორც ეს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის შემთხვევაშია შესაძლებელი?

– მაძიებლობა საგანაში კომპეტენციის დადასტურებასთან ერთად ადამიანს უკვე მისცემს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება აღარ დასჭირდებათ.

– ახლა რომ ჩაერთოს მაძიებლობის პროგრამაში მსურველი, არაა აუცილებელი გამოცდა ჰქონდეს საგანში ჩაბარებული?

– საკმარისია დიპლომი ჰქონდეს იმ საგანში, რომლის სწავლებაც უნდა და შემდეგ დაადასტუროს კომპეტენციები. მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი უნდა ჰქონდეს. მაძიებლის განმარტება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ გულისხმობს, რომ მისი განათლება უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი  მაძიებლობის 2 წლის განმავლობაში აუცილებელი იქნება, დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია და გადალახონ 60%-იანი ზღვარი.

ასევე მაძიებლები გახდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც უსტატუსოდ იყვნენ სკოლაში. მათ უკვე მინიჭებული აქვთ მაძიებლის სტატუსი. მათ დარჩენილი აქვთ ერთი წელი, რომ მაძიებლობის ფარგლებში მოიპოვონ მასწავლებლის სტატუსი. ვისაც არ ჰქონდა პროფესიული უნარების ჩაბარების უფლება, ისიც გაივლის მაძიებლობის პროგრამას და მოიპოვებს მასწავლებლის სტატუსს.

– აკადემიური კურსი რას მოიცავს, ასევე როგორი იქნება მაძიებლობის პროგრამის მეორე ნაწილი, რომელსაც მაძიებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გაივლის?

– აკადემიური კურსის ფარგლებში, მაძიებლებმა დისტანციურად ლექციები უნდა მოისმინონ, ინტერაქტიული დავალებები არის ძალიან ბევრი ამ კურსში. პლუს ამას, იქნება დავალებები, რომლებიც ადგილზე, სკოლაში უნდა შეასრულონ.

– ვინ შეიძლება იყოს ტუტორი?

– მაძიებელს საქმიანობაში ფასილიტაციას გაუწევს ტუტორი, რომელიც სკოლის მიერ იქნება დასახელებული. შესაძლებელია იყოს იმავე საგნის, ან საგნობრივი ჯგუფის, თუ ასეთი ჰყავს სკოლას, თუკი არ ჰყავს, დირექტორი პასუხისმგებელ პირს გამოყოფს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მაძიებელს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში.

ეს იქნება სკოლის მიერ განსასაზღვრი, უნდა იყოს კომპეტენტური მასწავლებელი, რომელიც შეძლებს მაძიებელს ხელი შეუწყოს. მას უნდა ჰქონდეს სკოლაში მუშაობის გამოცდილება და კომპეტენციები დადასტურებული. სულ მცირე, მას უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციები. თუ არ იქნება ასეთი, დირექტორმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, დაეხმაროს მაძიებელს.

– მაძიებლობის პერიოდი იქნება თუ არა ანაზღაურებადი?

– მაძიებლობის პერიოდი ანაზღაურებადია. ის, ჩვეულებრივ, ასწავლის სკოლაში. მისი ანაზღაურება იქნება პრაქტიკოსი მასწავლებლის ანაზღაურების ტოლი.

– რისი კეთება მოუწევს მაძიებელს სკოლაში?

– ის ასწავლის საგანს და სწავლების პარალელურად მას უწევს სწავლა მაძიებლობის პროგრამაზე.

– ვისაც ახლა უნდა სკოლაში მაძიებლად შესვლა, მან რა უნდა გააკეთოს?

– ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ახლა აპირებს დასაქმებას სკოლაში, უნდა გაიაროს რეგისტრაცია მასწავლებლობის მსურველად ამ საიტზე – teacherjobs.ge ან pedagogi.ge – იდენტური საიტებია, თუ მას უკვე აქვს კომპეტენციები დადასტურებული, ან მაძიებლად გაიაროს რეგისტრაცია. მონიშნოს ის სკოლები, რომელშიც მუშაობა მისთვის მისაღებია და დაელოდოს ვაკანსიებს.

21 აგვისტოს ყველა ვაკანსია იქნება  ვებგვერდზე, teacherjobs.ge, განთავსებული, 22-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ყველა ქალაქის სკოლას ექნება ვაკანსია გამოცხადებული, ხოლო სხვა სკოლებს 22-დან 2- სექტემბრის ჩათვლით. ანუ სოფლის და ქალაქის სკოლებს ვაკანსიების დადებისთვის სხვადასხვა ვადები აქვთ.

დადებითი ან უარყოფითი  პასუხის შესახებ ორივე შემთხვევაში მიიღებენ შეტყობინებას მასწავლებლობის მსურველები. ამის შემდეგ უკვე თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, სად სურთ მუშაობის დაწყება.

– სკოლაში მუშაობის დასაწყებად აუცილებლად ელექტრონული რეგისტრაციაა საჭირო?

– აუცილებლად უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. სკოლაში საბუთების მატერიალური სახით მიტანით ვერ ჩაერთვებიან კონკურსში. ჩვენთვისაც ნათელი იქნება სურათი, რამდენს აქვს მასწავლებლობის სურვილი, ასევე რომელ სკოლებში რჩება ვაკანსია შეუვსებელი.

– როგორ შეაფასებდით მაძიებლობის პროგრამას?

– მე მგონია, რომ ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამ ეტაპზე, განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონის სკოლებს, სადაც უნივერსიტეტი ახლო-მახლო ტერიტორიაზე არ არის, მაძიებლობის პროგრამაა. ამით ჩვენ შევძლებთ იმ დეფიციტის უფრო კარგად მართვას, რომელიც პენსიონერი პედაგოგებისთვის ჯილდოს გადაცემით და მათი სკოლიდან გასვლით შესაძლოა წარმოიქნმნას.

ასევე იხილეთ:

სკოლაში მუშაობის დაწყების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაციის გავლა სავალდებულო გახდა

მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა – დეტალები

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დამტკიცდა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური