სკოლის დირექტორების არჩევის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტს წარედგინება
საქართველოს პარლამენტში “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიციატივა დარეგისტრირდება, რომელის მიზანიც სკოლის დირექტორთა არჩევის პრინციპის ცვლილებაა.
ამის შესახებ დღეს, 24 ოქტომბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ცვლილებების ინიციატორი კი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “ევროოპტიმისტებია”.
ჯგუფის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კანონის მოქმედი რედაქციით, სამეურვეო საბჭოები სკოლის დირექტორთა არჩევისას ფორმალურ როლს ასრულებენ და ამ ცვლილებებით მათი როლი და ფუნქციები გაფართოვდება. დღეს მოქმედი წესით, როდესაც განათლების სამინისტრო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად დირექტორობის კანდიდატს წარუდგენს, არ არჩევის ან ვერ არჩევის შემთხვევაში, განათლების მინისტრს აქვს დისკრეციული უფლება, დირექტორი დანიშნოს.
როგორც პოლიტიკური ჯგუფი განმარტავს, შეთავაზებული ცვლილებებით, თუ სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ არც ერთ კანდიდატს არ აირჩევს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩაატარებს ახალ კონკურსს; სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილი იქნება, დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება ახალი დირექტორის არჩევამდე. სამინისტროს არ შეეძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.
დეპუტატის განცხადებით, გარდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებისა, რეგისტირდება პროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ, რომლითაც “სკოლის დირექტორებს, მათ მოადგილეებსა და მასწავლებლებს შეეზღუდებათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლება, რაც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებასა და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს”.
ამავე თემაზე:
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება