GE

სკოლის დირექტორი საშემოდგომო გამოცდის შესახებ – საჭირო ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის

სასწავლო წელი უკვე დასრულდა პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის, სხვა კლასის მოსწავლეები კი დამსვენებელთა რიგებს 18 ივნისის შემდეგ შეუერთდებიან. 2022-2023 სასწავლო წელს ყველა მოსწავლისთვის წარმატებულად არ ჩაუვლია. სხვადასხვა მიზეზით, წლის ბოლოს, ყოველთვის მოიძებნებიან ხოლმე მოსწავლეებიც, რომლებიც შიშობენ, რომ ერთ ან სულაც რამდენიმე საგანში, ე.წ საშემოდგომო გამოცდა გამოჰყვებათ. თუ რომელიმე მოსწავლისთვის ასეთი რეალობა დადგა, ეს უკვე ნიშნავს, რომ მოსწავლეს ზაფხულის არდადეგებზე მეცადინეობა მოუწევთ და თან, ისეთი საფუძვლიანი მომზადება, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარება შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოუწევთ, იმავე კლასში გააგრძელონ სწავლა და სკოლის დასრულების გეგმაც კიდევ ერთი წლით გადაიწევს.

EDU.ARIS.GE აქტუალურ კითხვებზე პასუხების მოპოვებას შეეცადა იმ მოსწავლეთა დახმარების, მიზნით, რომლებიც შიშობენ, რომ საშემოდგომო გამოცდის ჩაბარება უწევთ ან უკვე დაზუსტებით იციან. ჩვენ თბილისის #117-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის ფიზიკა-მათემატიკის საგნების პედაგოგს, მაია მეტონიძეს ვესაუბრეთ. ქალბატონი მაია გეტყვით, რა შემთხვევაში შეიძლება, რომ მოსწავლეს საშემოდგომო გამოცდა გამოყვეს და როგორ უნდა იმეცადინოს მან სწორად იმისთვის, რომ ოპტიმალურ დროში შეძლოს „ჩავარდნილი“ საკითხების წარმატებით „ამოქაჩვა“.

– ქალბატონო მაია, რა შემთხვევაში შეიძლება გამოყვეს მოსწავლეს საშემოდგომო გამოცდა?

–  გეტყვით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, მოსწავლეს კლასი დაძლეულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, ხოლო თუ მოსწავლეს, რომელიმე საგანში წლიური ქულა აქვს 5-ზე ნაკლები, მაშინ მას ენიშნება საშემოდგომო გამოცდა. თუმცა ამისაც გეტყვით, რომ საშემოდგომო გამოცდა ყოველთვის არის შანსი მოსწავლისთვის, გამონახოს საჭირო დრო და ნებისყოფა იმ საკითხებზე მეცადინეობისთვის, რომელსაც გაკვეთილებზე ნაკლებ დროს უთმობდა.

– კონკრეტულად როდის, რომელ თვეში უნდა ჩააბაროს მოსწავლემ ეს გამოცდა?

– ახიხსნით, როგორ არის გაწერილი. ეროვნული სასწავლო გეგმის 36-ე მუხლის გათვალისწინებით, საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. გამომდინარე ზემოხსენებულიდან, მოსწავლემ საშემოდგომო გამოცდა შეიძლება ჩააბაროს ივლისის ან სექტემბრის თვის დასაწყისში.

–  ქალბატონიო მაია, თქვენ პედაგოგიც ბრძანდებით, რა იქნებოდა ის რჩევები, რასაც გასცემდით იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც საშემოდგომო გამოცდის წარმატებით ჩაბარება სურთ?

– გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის უპირველესია მოსწავლის მოტივაცია, მისი სურვილი, მაღალ შედეგზე გასვლისა. გამოცდის ჩაბარებამდე აუცილებელია, პედაგოგებმა მოსწავლეებს გაუწიონ საგნობრივი კონსულტაციები, თითოეული მათგანის შესაძლებლობების (უნარ-ჩვევების) გათვალისწინებით და დავალებების დიფერენცირებით. ასევე, კონსულტაციების დროს, მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეს მკაფიო, კონკრეტული მითითებები. მოსწავლემ მეცადინეობის პროცესში, სასურველია, შეძლოს დროის სწორად გადანაწილება, მიზნობრივად და რაციონალურად გამოყენება. თუმცა ეს უკანასკნელი მათ ძალიან უჭირთ. ამიტომ, ასეთ მომენტში, მასწავლებელს მშობლის თანადგომა სჭირდება. კერძოდ, მოსწავლემ უნდა იმეცადინოს მშობლის ზედამხედველობით. წარმატებისათვის  აუცილებელია მშობელთა მაქსიმალური ჩართულობა.  სწორედ მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის წარმატებული თანამშრომლობაა გამოცდის წარმატებით ჩაბარების საწინდარი.

– და ბოლოს, როგორ მიხვდნენ მოსწავლეები სწორად მეცადინეობენ თუ არა გამოცდისთვის?

– სწორად მეცადინეობა ნიშნავს, რომ მოსწავლემ კარგად გაიაზროს და გაითვალისწინოს მასწავლებლისა თუ მშობლის მხრიდან გაცემული რჩევა-დარიგებები. თუ ისინი სისტემატურად იმეცადინებენ და მიჰყვებიან ინსტრუქციებს, მაშინ, შეუძლიათ თქვან, რომ სწორად მეცადინეობენ, სწორი გზა აქვთ შერჩეული.  ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია მობილიზება, მოტივაცია, რჩევების მიღება-გათვალისწინება და მშობლის თანადგომა.

ასევე იხილეთ:

რა უფლებებით სარგებლობს მოსწავლე სასკოლო გამოცდების ჩატარებისას და როგორია გამოცდის ტიპები სკოლაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური