GE

„სკოლის დირექტორი სერტიფიცირებული და განათლების სპეციალისტი უნდა იყოს“ – ტესტირებაზე გასულების შეფასებები საგამოცდო ცენტრებიდან

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის დღეს, 22 იანვარს ტესტირება ჩატარდა. აპლიკანტებს ტესტზე სამუშაოდ 5 საათი ჰქონდათ და ახლა ისინი შედეგებს უნდა დაელოდონ.

ტესტის მაქსიმალურ ქულათა ჯამი შეადგენს 80 ქულას, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს დახურულ კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 20 ქულა) და პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 60 ქულა). კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუმარტეს, აპლიკანტების ტესტირებაზე გამოცხადებისა და სხვა მონაცემების შესახებ ინფორმაცია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული ტესტირების მონაწილეები გამოცდას EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან აფასებენ და ამბობენ, რომ რთული არ იყო.

დავით ჯანდიერი თბილისის #23 საჯარო სკოლის მასწავლებელია და ამბობს, რომ საკითხები, რომელიც სამართლებრივი დოკუმენტაციის ცოდნაც ითხოვს, ნაკლები მიირეს და მეტი კითხვა პრაქტიკულ ნაწილს შეეხებოდა.

სერტიფიცირების პირველი ეტაპი, ტესტირება, მართვის მოწმობის გამოცდას ახსენებს, რადგან ეს მომდევნო ეტაპის შემადგენელი პროცედურაა, ფორმალობაა.

„გამოცდაზე საკმაოდ პრაქტიკული შეკითხვები იყო შემოსული. მაგალითად აქვს თუ არა დირექტორს უფლება, გახსნას სკოლის კამერები კონკრეტული სამართალდარღვევის დაფიქდირების შემთხვევაში. პროექტი იყო ავტორიზაციიის პროცესზე. წარმოდგენილი იყო თვითშეფასებს კითხვარი, რომელიც სკოლებმა შეავსეს. იყო თვითშეფასების კითხვარის ვარიანტი და ითხოვდნენ პასუხი გაგვეცა, რა საპროექტო წინადადებით შემოვიდოდა დირექტორი. გეტყვით, რომ ეს ტესტები, წინა წლებთან შედარებით, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის ცოდნას ითხოვს, მაგრამ ასეთი ტიპის კითხვები ნაკლები იყო, უფრო მეტი პრაქტიკული, საორგანიზაციო შეკითხვები გვქონდა მოცემული.

„რაც შეეხება მეორე ეტაპს, დირექტორი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიკური თანამდებობა. ზოგადად ხომ სერტიფიცირებაც იშვიათად ტარდება. ვფიქრობ, რაც უფრო დეცენტრალიზებული იქნება სკოლა, უკეთესი იქნება.

„მივიჩნევ, იმასთან ერთად, რომ დირექტორს სერტიფიცირება გავილილი უნდა ჰქონდეს, სასურველია, იყოს განათლების მიმართულების სპეციალისტი, ამ სფეროში ჩახედული პირი, რომელსაც ლიდერობა შეეძლება. შეეძლება მართვა, მენეჯმენტი, ექნება სწორი კომუნიკაცია და ურთიერთობა ადამიანებთან, თანამშრომლებთან“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს დავით ჯანდიერმა.

ნათია დოიჯაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ყოფილი მასწავლებელია, ტესტზე სამუშაოდ ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა.

„უკვე 1 წელია, რაც სკოლაში აღარ ვასწავლი. პედაგოგობის 14 წლიანი გამოცდილება მაქვს და ამჟამად რეპეტიტორად ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ გამოცდა ძალიან მარტივი იყო და არმგონია, ზღვარის გადალახვა ვინმესთვის ბარიერი იყოს. დახურული კითხვები ბევრად უფრო პრაქტიკული შემოვიდა, ვიდრე წინა წლებში. სკოლის ავტორიზაციის მიმართულებით დასმული იყო როგორც ღია, ისე დახურული კითხვები. ვფიქრობ, პირველი ეტაპისთვის მარტივი გამოცდა იყო და წარმატებით დავძლევ“, – გვითხრა სკოლის დირექტორობის მსურველმა ტესტირებიდან გამოსვლის შემდეგ.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქობულეთიდან რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ბათუმში გახსნილი საგამოცდო ცენტრის დატოვების შემდეგ გვიყვება, რომ ტესტირებაზე მუშაობა ასაკოვან კანდიდატებს უფრო გაუჭირდებოდათ:

„ვფიქრობ, უფრო ასაკოვან აპლიკანტებს გაუჭირდებოდათ. ძალიან თანამედროვე პროგრამა იყო. საკითხები იყო კანონმდებლობიდან, ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროექტის დაწერა, წარდგენა და განხილვა იყო მაგალითისთვის მოცემული. ისე, როგორც საგამოცდო პროგრამით იყო გათვალისწინებული. ჩემი პოზიციაა, რომ სასკოლო საქმიანობაში განათლების სამინისტრო მხოლოდ მონიტორინგის კუთხით უნდა ჩაერიოს, სხვა არცერთი სახის გარე ჩარევა მისაღები არ არის. ჩემი აზრით, გასაძლიერებელია მასწავლებელთა სეგმენტი, უნდა გადამზადდნენ პედაგოგები და განათლების სამინისტრომ მათი მხარდაჭერა უნდა შეძლოს“.

თეონა ღრუბელაშვილი, რომელიც მოქმედი პედაგოგია გვიყვება, რომ საკითხები და კითხვები, რომლებიც ტესტებში იყო მოცემული, ძირითადად ახალი სკოლის მიდგომებს ეხებოდა. მისი თქმით, თუ გამოსაცდელი ჩახედული არ არის ახალი სკოლის რეფორმებში, ამ დავალებების შესრულება აუცილებლად გაუჭირდებოდა, ასეთი კი ბევრია.

„გამოცდაზე ძალიან ბევრი იყო თავისუფალი ადგილი, ეს ნიშნავს იმას, რომ კადრების დეფიციტი იქნება. ასევე მიმაჩნია, რომ მხოლოდ ორი ეტაპი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დირექტორობის მსურველი ამ თანამდებობაზე დაინიშნოს, კიდევ უფრო მეტი ეტაპი უნდა იყოს. პირადად მე, ასევე მაქვს შეკითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ გასწორდებს ჩემი ნაშრომი, რადგან უფრო მეტად ტესტი ითხოვდა აზრის დაფიქსირებას და არა რაღაც ფაქტობრივის ცოდნას”, – აცხადებს ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტი.

სკოლის დირექტორობის მსურველი ხაშურიდან, რომელიც ტესტირებაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გავიდა ამბობს, რომ დრო, რომელიც გამოცდამდე მოსამზადებლად მიეცათ, მისთვის საკმარისი იყო, თუმცა მიაჩნია, რომ გასაუბრება უფრო მნიშვნელოვანი იქნება:

„გამოცდის სირთულეს რაც შეეხება, გააჩნია ვინ გადის ამ გამოცდას. იქ რა საკითხებიც არის, განსაკუთრებით დაბოლოებებიანები, ისეთია, რისი გამოცდილებაც უნდა გქონდეს, როგორც მასწავლებელს. მე პირადად კვლევა დაწერილი მაქვს თავის დროზე, როცა მასწავლებლებს სტატუსი მოგვენიჭა და აქედან გამომდინარე, პრინციპები ვიცი. კურიკულუმის ანალიზზე წლებია ვმუშაობ და შესაბამისად, ჩემთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგედა. ჩემთვის ერთადერთი აქილევსის ქუსლი კანონმდებლობაა, თორემ დანარჩენი, ღია დაბოლოებებიანი კითხვები არანაირად. კანონმდებლობიდან იმდენი რაღაც იყო წასაკითხი, რომ იმის დამახსოვრება შეუძლებელია. ზოგგან ორ პასუხზე ვმერყეობდი და ვფიქრობდი რომელი ამერჩია. თუმცა, როცა სკოლაში მუშაობის გამოცდილება გაქვს და ხედავ როგორ გადაწყვეტილებებს იღებს შენი დირექტორი, რის საფუძველზე მოქმედებს, ეს გეხმარება. გახსენდება, რომ ასეთი მომენტი შენთანაც იყო და ასე გაკეთდა. ამ გზით შეიძლება ლოგიკური პასუხი იპოვო.

„დახურული კითხვები ასევე იყო საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, იმაზეც, თუ როგორ უნდა ხდებოდეს პირადი ინფორმაციის დაცვა და ა.შ. იყო ისეთებიც, რომლებზეც პასუხი ვიცოდი და იყო ისეთებიც, რომლებიც ლოგიკურად დავაკავშირე. მე უფრო ღია კითხვებზე ვიყავი ორიენტირებული, აქ უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს. საერთო ჯამში, იმ საკითხების ცოდნა, რომლებიც აქაა წარმოადგენილი, დირექტორისთვის საჭიროა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს ტესტირების მონაწილებ.

ინგა თოდუა, მათემატიკის პედაგოგი წალკიდან, სერტიფიცირების მეორე ეტაპს -გასაუბრებას ეჭვის თვალით უყურებს და არ სჯერა, რომ ეს პროცესი ობიექტური იქნება:

„სამწუხაროდ, ყველაფერს მაინც გასაუბრება წყვეტს, რადგან ქართველები ვართ და საქართველოა. ნახეთ რაშია საქმე – თუ აპლიკანტი გამოცდას აბარებს, გასაუბრება რიღასთვისაა? ჩემი აზროვნება და ცოდნა აქაც ჩანს. ფსიქიკურად რამდენად ჯანმრთელი ვარ, ამის შესამოწმებლად ჯანმრთელობის ცნობები არსებობს და რა საჭიროა გასაუბრება? გამოდის, გამოცდაც არაა ობიექტური და არ ენდობიან? თუ არ ენდობიან, მაშინ პირდაპირ გასაუბრება დაინიშნოს და იქ შეამოწმონ. წინააღმდეგობაში მოვდივართ. გასაუბრება იმისთვის არის საჭირო, რომ ვიღაც ვიღაცის მამიდა, დეიდა, ბიცოლაა და ეს საქართველოში მუდმივად იქნება“.

ამავე თემაზე:

„პოლიტიკური გავლენებისგან სკოლა თავისუფალი უნდა იყოს“ – რა განწყობით შევიდნენ ტესტირებაზე დირექტორობის მსურველები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური