სკოლის დირექტორის კომპეტენცია და მოტივაცია „უპირობო საზრუნავი თემა“ გახდება? – რაზე მიუთითებენ სამინისტროს სპეციალისტები
„განათლების ექსპერტები და მკვლევრები მიიჩნევენ, რომ 2000 დირექტორის მოტივირება ცვლილებისთვის და შესაბამისი კომპეტენციებით და რესურსებით აღჭურვა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე 65 ათასი მასწავლებლის“, – წერია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასების შესახებ 2023 წელს ჩატარებული კვლევის ანგარიშში, რომელიც გასცემს რეკომენდაციას, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ცვლილებების სკოლის დონეზე წარმატებით დანერგვის მიზნის მისაღწევად, უნდა შეიქმნას დირექტორების პროფესიაში შესვლის და დამაგრების ხელშემწყობი მოდელი და ასევე, სკოლის ლიდერები ესგ-ის მხარდაჭერის პროგრამების ძირითადი სამიზნე უნდა გახდნენ.
გამოქვეყნდა მასწავლებლის სქემისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების კვლევების შედეგები
„დირექტორის კომპეტენცია და მოტივაცია, ეს არის უპირობოდ საზრუნავი თემა“ – აღნიშნავენ კვლევაში ჩართული ყველა ჯგუფის წარმომადგენლები – მასწავლებლები, ქოუჩები, ექსპერტები და თავად დირექტორებიც. ანალოგიურ დასკვნებს ვხვდებით ადგილობრივ და საერთაშორისო შედარებით ანგარიშებში, სადაც ახალი ტიპის კურიკულუმის დანერგვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობად მოტივირებული და კომპეტენტური ლიდერების არსებობა მიიჩნევა. საქართველოში დირექტორების პროფესიის რეგულირების თემა დღემდე გადაუწყვეტელი საკითხია (ხელფასი, მოტივაციის სქემები)“, – წერია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით მომზადებულ სქელტანიან ანგარიშში.
ესგ-ის კვლევაზე მუშაობისას გამოკითხული ერთ-ერთი განათლების მკვლევარი, ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ სკოლაში, სადაც კარგი დირექტორია პროცესი სულ სხვანაირად მიდის:
„დირექტორი უნდა იქცეს მთავარ ფიგურად, თუნდაც ამ სისტემაში. ეს დემოკრატიული მოდელი იქნება, შერეული მოდელი იქნება, პირდაპირი დანიშვნის, კლასტერული, ქსელური, ინდივიდუალური – მგონია რომ ერთი ადამიანი დიდ ცვლილებას მოიტანს. ჩვენ რომ გვაქვს სისტემა – კარები მოხურულია და სკოლაში რა შედეგებია არავინ იცის, არ მგონია რომ ეს სისტემა რამე შედეგებზე გავა“.
ცვლილებების წარმატებულად დანერგვის საკითხში სკოლის დირექტორის როლის მნიშვნელობაზე გამოკითხული საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტებისა და ქოუჩების მოსაზრებით კი, დირექტორების როლი საკვანძოა პროცესში, თუმცა ბევრი დირექტორი ამ მომენტში ცვლილებების განხორციელებისთვის მოტივირებული არ არის.
„მეტყვით, რატომ ლაპარაკობ დირექტორებზე. იმიტომ, რომ დირექტორს შეუძლია პროცესებს ხელი შეუშალოს, წინ აღუდგეს, ან გაუძღვეს ლოკომოტივივით. დიდი იმედი მაქვს, რომ სამინისტროს უნდა, რომ სკოლები გახდნენ დამოუკიდებლები. არ შეიძლება, რომ ვიღაცამ კაბინეტიდან გითხრას: ცოცხი იყიდო, თუ შეფასება შეიტანო პირველი კომპონენტით თუ მეორით“, – აცხადებს საკუთარ პოზიციაში მესამე თაობის ესგ-ის დანერგვის კოორდინატორი.
საგნობრივი ექსპერტი კი იხსენებს, რომ მას, როგორც ლიდერობის მიმართულების ქოუჩს, უფრო მეტი ძალიხმევა დასჭირდა დირექტორებთან, რომ ისინი პროცესებში ჩაერთო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც თავიდანვე მაღალი მიმღებლობა ჰქონდა, ჰყავდა თანამოაზრეები და მათთან ყველაფერი კარგად მიდიოდა.
„ბევრი განსხვავება იყო, მცირე და დიდკონტინგენტიან, სოფლის და ქალაქის სკოლებში, მაგრამ როცა იყო მიმღებლობა ადმინისტრაციის მხრიდან, პრობლემების მიუხედავად საქმე კეთდებოდა.“ საგანმანათლებლო ლიდერობის ქოუჩი „გინდა „ჩართული“ სკოლა, გინდა „არაჩართული“, გინდა ავტორიზაციის პროცესში შემოერთებული – მთავარი მოტივატორი უნდა იყოს დირექტორი. ანუ სადაც მოტივირებულნი იყვნენ დირექტორები, ერკვეოდნენ საკითხების მნიშვნელოვნებაში და აიძულებდნენ კი არა, სთხოვდნენ მასწავლებლებს სიახლეების მიღებას და ჩართვას, ის სკოლები უფრო კარგ შედეგებს აჩვენებდნენ. ამიტომ პირველ რიგში დირექტორებთან არის საჭირო მუშაობა – დანერგვა, სწავლა-სწავლების სწორად წარმართვა“, – იხსენებს გამოკითხული სპეციალისტი.
კვლევაში მონაწილე რესპონდენტების შეფასებით, წლების განმავლობაში დირექტორების მიმართ გატარებული არათანმიმდევრული პოლიტიკა და არასათანადო ყურადღება დირექტორების, როგორც სკოლაში ცვლილების აგენტების, მიმართ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რეფორმის პროცესებს და ამ კუთხით გამოწვევაა სკოლები, სადაც დირექტორი ან საერთოდ არ ჰყავთ, ან ახალი შეცვლილია.
ამის გათვალისწინებით, განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში მივლენილი თავისივე წარმომადგენლები უხსნიან, რომ სკოლებში ცვლილებების დანერგვის პროცესში, საკადრო ცვლილებებით გამოწვეული არასტაბილურობა ყველაზე დიდი გამოწვევაა.
„წარმოიდგინეთ, მიმყავს თვითმფრინავი და არ მყავს 77 პილოტი, ან მყავს ისეთი, არსაიდან რომ აიყვანეს და დასვეს სათავეში. იმან არ იცის საით წავიდეს, რა გააკეთოს. დღეს ხომ არავინ იცის, ვინ იქნება დირექტორი. შეიძლება ის კარგი დირექტორები სხვაგან გადაიყვანონ და ისევ ნულიდან მოგვიწიოს მუშაობის დაწყება. ალბათ, თუ დავიწყებთ, უფრო მოკლე დროში მივაღწევთ შედეგებს იმიტომ, რომ გამოცდილება გვაქვს, მაგრამ, არასტაბილურობა ყველაზე დიდი გამოწვევაა“, – ესგ-ის დანერგვის კოორდინატორი.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაკვეთილი კვლევის ფარგლებში დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში განხორციელდა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა, მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები კი, კვლევის თანახმად, 10 000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტ სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება