GE

სკოლის მოსწავლეებში ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულებრივი ქმედებები – სტატისტიკა

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც  ქურდობას და ძარცვას გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, არასრულწლოვნებში ყველაზე მეტად გავრცელებულია, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ამ კუთხით საქართველოს პროკურატურა სტატისტიკური მაჩვენებლის კონტროლს ახორციელებს და ირკვევა, რომ 14-დან 16-წლამდე მოზარდებში უფრო მეტი დანაშაულებრივი ქმედებებია გამოვლენილი.

„პროკურატურა სტატისტიკური მაჩვენებლის კონტროლს მუდმივად ახდენს და ამ სტატისტიკური მაჩვენებლით ირკვევა, რომ 14-დან 16-წლამდე არასრულწლოვნებში განსაკუთრებით გავრცელებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ქურდობასა და ძარცვას გულისხმობს, ასევე გავრცელებულია ძალადობრივი ქმედებები და ცივი იარაღის ტარება. სტატისტიკის მიხედვით, მოზარდებში ასევე გამოკვეთილია ნარკოტიკული დანაშაულებები, თუმცა მათი სტატისტიკური მაჩვენებელი შედარებით უფრო ნაკლებია ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში“, – გვეუბნება პროკურორი.

არასრულწლოვნებში გავრცელებულ დანაშაულებებზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა გორში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. პროკურორები მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და მათი პრევენციის გზებზე ესაუბრნენ.

სკოლებში საინფორმაციო ტიპის შეხვედრების ჩატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ თავად მოსწავლეები. ისინი არასრულწლოვნებში გავრცელებულ დანაშაულებებზე, თანატოლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ამახვილებენ ყურადღებას.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბულინგსაც. ვფიქრობ, რომ ეს არის ის თემები, რაზეც ყველა მოსწავლე ინფორმირებული უნდა იყოს, რადგან არ განმეორდეს იგივე რაც თბილისში და ქუთაისში მოხდა“, – ამბობს თენგიზ ბოლოთაური.

„ჩვენ, ახალგაზრდები ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ“, – გვითხრა კიდევ ერთმა მოსწავლემ გიორგი ზაზარაშვილმა.

გორის საჯარო სკოლებში, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ვერ იხსენებენ პედაგოგები, თუმცა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას მიესალმებიან. ისინი მშობლებს მოუწოდებენ, რომ შვილებს მეტი ყურადღება დაუთმონ და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტად ჩაერთონ.

„პატარა ინციდენტები თანაკლასელებს შორის ყველგან ხდება და ამიტომ ვატარებთ ამ შეხვედრას, რომ ეს ყველაფერი აღმოიფხვრას სკოლებში.  მშობლებს კი მინდა ვუთხრა, რომ შვილებს მეტი ყურადღება დაუთმონ“, – ამბობს ნინო წიკლაური.

შვილების აღზრდის დროს რომ მეტი ყურადრების გამოჩენა მნიშვნელოვანია, ამ აზრს თავად მოსწავლეთა მშობლებიც იზიარებენ, თუმცა აღიარებენ, რომ ხშირად ამის უფლებას მათ ახალგაზდრები არ აძლევენ. მშობლების თანხმდებიან, რომ ახალგაზრდებმა სკოლასთან ერთად, საჭირო განათლება და კულტურა  ოჯახიდანაც უნდა მიიღონ.

,,სკოლაში ბევრ რამეს სწავლობენ, მაგრამ ისინი მაინც მშობლებთან იზრდებიან. ბავშვების აღზრდის დროს აუცილებელია ჩვენ, მშობლებმა მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ“, – ამბობს ცისნამი მამულაშვილი.

რა უნდა გაკეთდეს ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის სკოლებში – მარიამ ჯაშის 10 მიმართულება

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური