GE

რა უნდა გაკეთდეს ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის სკოლებში – მარიამ ჯაშის 10 მიმართულება

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ათ მიმართულებას ასახელებს, რომელიც განათლების სისტემაში უნდა განხორციელდეს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მარიამ ჯაშმა განათლების სისტემაში გასატარებელ რეფორმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიები ქუჩაში მოხდა, პირველივე წუთიდან განათლების სისტემაში უსაფრთხოებისა და კონფლიქტის პრევენციის გაუმჯობესების საკითხი დადგა.

დეპუტატის განცხადებით, უწყებათშორისი საბჭო აქტიურად მუშაობს და მიმდინარე თვის ბოლოს კონკრეტული რეკომენდაციები იქნება წარდგენილი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ძალადობის პრევენციის მიზნით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე.

„კონფლიქტისა და დანაშაულის პრევენცია უნდა გავაძლიეროთ. პირველ რიგში, პრევენცია ბავშვებისა და მოზარდებისთვის იარაღის ხელმისაწვდომობაზე უკიდურეს შეზღუდვას მოიცავს. კოლეჯში, სკოლასა და უნივერსიტეტში იარაღი ვერ მოხვდება, თუკი ხელმისაწვდომი არ არის და ამ თვალსაზრისით, კანონის აღსრულების მექანიზმები უნდა გაძლიერდეს. ასევე სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების მიმდებარე პერიმეტრზე ვიდეო მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს. მუნიციპალიტეტებს მივმართავ, რომ საგანმანათლებლო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე გადასასვლელების, შუქნიშნების მოწყობა მოხდეს. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, სახელოვნებო და სპორტულ პროგრამებში ახალგაზრდებისა და მოსწავლეების ჩართულობა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ჯაშის განცხადებით, ახალგაზრდების დანაშაულის პრევენცია კავშირშია მაღალი რისკის ქცევის შემცირებასთან, რაც თამბაქოს და ნარკოტიკების რეგულარულ მოხმარებას მოიცავს და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამსახურებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„კონფლიქტის პრევენციაში არსებული როლი საკონსულტაციო და ფსიქოლოგიურ სამსახურებს ენიჭება, მაგრამ 2200 მეტ სკოლაში, კოლეჯსა და უნივერსიტეტში კვალიფიციური კადრის მობილიზება რთულია და ალტერნატიული მეთოდები არსებობს, რაშიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები პედაგოგები, ახალგაზრდები და მშობლები. უაღრესად მნიშვნელოვანია, მშობლების ჩართულობა და მშობლებს ვთხოვ, რომ იყვნენ კრიტიკულები, მაგრამ იყვნენ ობიექტურები და აქტიურები, რაც შვილების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„მანდატურის სამსახურის გაძლიერება რჩება უღრესად მნიშვნელოვანი და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვჭირდება რეგულარური მონიტორინგის და შეფასების სისტემის გაძლიერება სკოლების თემატიკის უსაფრთხოებაზე, რომელიც სკოლის ადმინისტრაციის კოორდინაციით უნდა ხდებოდეს“, – დასძინა მარიამ ჯაშმა.

როგორც განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამინისტროების მიერ დაკომპლექტებული უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, კონკრეტულ რეკომენდაციებს თვის ბოლოს დადებს.

გართობიდან სადიზმამდე – კომპიუტერული თამაშების ბეწვის ხიდი და აგრესია მოზარდებში

მოძალადის და მსხვერპლის პორტრეტები ქართულ სკოლაში

სკოლა – ბულინგის სივრცე

როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლაში

როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მოზარდებს ინტერნეტთან, – რეკომენდაციები მშობლებს და მთავრობას

წყარო:, 1tv; მეორე არხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური